დღეს დევისის თასის მეოთხედფინალური მატჩები დაიწყო. მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ტიტულს წამყვანი მოთამაშის რაფა ნადალის გარეშე იცავს. შარშან რაფამ დიდი წვლილი შეიტანა ფინალში არგენტინელთა დამარცხებაში წლეულს კი მალიორკელი მხოლოდ თავისი ქვეყნის ნაკრების გულშემატკივრობით შემოიფარგლება. “ბიჭებს წარმატებას და ნახევარფინალში გასვლას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ავსტრიელთა ძლევას მოვახერხებთ”, - “ფეისბუქის” მეშვეობით ამგვარი სიტყვებით გაამხნევა ნადალმა ესპანეთის ნაკრების მოთამაშეები.
პირენელთა და ავსტრიელთა მატჩის პირველ შეხვედრაში ნიკოლას ალმაგრომ იურგენ მელცერი სამი სეტით, 6:2, 6:2, 6:4 დაამარცხა და ესპანეთი დააწინაურა. მოგვიანებით დავიდ ფერერი ანდრეას ჰაიდერ-მაურერს შეხვდა და გუნდური ანგარიში 2:0-მდე გაზარდა. ფერერმა ავსტრიელ ოპონენტს დამაჯერებლად 6:1, 6:3, 6:1 მოუგო.







