საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორიოდ საათის წინ თბილისში დაბრუნდა. ევროპის ჩემპიონ გუნდს აეროპორტში ორასამდე გულშემატკივარი დახვდა. მათ შორის ოჯახის წევრები, მეგობრები, ვეტერანი ძიუდოისტები და ქართული სპორტის მაღალჩინოსნები. შეგახსენებთ, ჩელიაბინსკში 26-28 აპრილს ჩატარებულ ინდივიდუალურ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ოთხი მედალი მოიპოვეს, ხოლო 29 აპრილს გუნდურ ჩემპიონატში იმარჯვეს. რუსეთიდან ქართული დელეგაცია მთავარი მწვრთნელის გარეშე დაბრუნდა. პეტერ ზაიზენბახერმა შეგირდებს სამი-ოთხი დღით თავისუფლად ვარჯიშის უფლება მისცა, ვიდრე მორიგ უცხოურ შეკრებაზე არ იახლებს.
სანამ რუსეთიდან დაბრუნებული ძიუდოისტები აეროპორტის ფოიეში გამოჩნდებოდნენ, მათი ჩელიაბინსკური გამოსვლა მასმედიისთვის დამხვდურებმა შეაფასეს.
“ბოლო წლებში ქართული ძიუდოს გარშემო ძალიან ბევრი უსიამოვნო სასაუბრო დაგროვდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა და ამ ევროპირველობამ გამოაჩინა, რომ მდგომარეობა სავალალო სულაც არაა. პირიქით, ამ პერიოდში გაწეული შრომის შედეგი ჩელიაბინსკში თვალნათლივ გამოჩნდა. ვულოცავ ყველას ამ წარმატებას. იმედია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიურ თამაშებსაც ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება და ლონდონში წინა ოლიმპიადის შედეგის გაუმჯობესებას თუ ვერა, განმეორებას მაინც შეძლებს”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ნამგალაურმა.
ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ვეტერანმა ძიუდოისტმა შოთა ხაბარელმა ყურადღება გუნდის ფიზიკურ მომზადებაზე გაამახვილა. განსაკუთრებით კი ვარლამ ლიპარტელიანის სრულყოფილი ჭიდაობა გამოარჩია და ოპტიმალურ ფორმაში ყოფნის ერთ-ერთ მიზეზად ბაკურიანული შეკრება დაასახელა, რომელიც ძიუდოისტმა ინდივიდუალური პროგრამით გაიარა და ძირითადი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას დაუთმო.
ამასობაში ჩემპიონი ნაკრების წევრებიც გამოჩნდნენ და ცხადია, ყურადღების ეპიცენტრმაც მათკენ გადაინაცვლა. ინდივიდუალურ და გუნდურ პირველობებში მოპოვებული თასები ფოიეში ლიპარტელიანმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ გამოიტანეს. ევროპის ჩემპიონს პირველი მამა შეეგება და თავზე ის სვანური ქუდი დააფარა, რომელიც ჯერ კიდევ 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ მოუმზადებია. მაშინ ლიპარტელიანი ფინალში დამარცხდა და მამამისმა ქუდი წარმატებული ევროპირველობისთვის შემოინახა.
“ძალიან გახარებული ვარ. ევროპის ჩემპიონატის ფინალში ორჯერ წაგებული მქონდა და გასამმაგებული მონდომებით ვიჭიდავე. თან ტურნირი რუსეთში ტარდებოდა, ფინალში მასპინძელ ძიუდოისტს შევხვდი და ისეთი შემართებით ვიჭიდავე, როგორც არასდროს. რაც შეეხება გუნდურ პირველობას, მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და ვულოცავ მთელ საქართველოს”. – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
ლევან ჟორჟოლიანი:
“მედალი ავიღე და თითქოს უკმაყოფილო არ უნდა ვიყო, მაგრამ მაინც მწყდება გული, რომ გაჩემპიონების შანსი გადამწყვეტ მომენტში გავუშვი ხელიდან. ებრაელი არიელ ზეევი ძალიან ძლიერი სპორტსმენია, თუმცა... ვფიქრობ, მასთან მოგება შემეძლო. ზედმეტად ვფრთხილობდი და შეიძლება ამანაც შემიშალა ხელი. წინ ოლიმპიური თამაშებია, რომლისთვისაც მაქსიმალური მონდომებით მოვემზადები. ხოლო ვის იახლებს ლონდონში, ეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია. როგორც ვიცი, ამ ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი გადამწყვეტი არაა. ოლიმპიურ შემადგენლობაში ის სპორტსმენები მოხვდებიან, რომლებიც მოსამზადებელი ციკლის ბოლოს უკეთეს ფორმაში იქნებიან”.
ლაშა შავდათუაშვილი:
“სულ რაღაც ოთხი თვეა, რაც უფროსებში დავიწყე ჭიდაობა და სიმართლე გითხრათ, ამ ოთხი თვის წინ ვერაფრით ვიფიქრებდი, ასე მოკლე დროში ამდენს თუ მივაღწევდი. ევროპის ჩემპიონატის წინ ჩემი მთავარი საფიქრალი ოლიმპიადის სალიცენზიო ქულების აღება იყო. დებიუტის გათვალისწინებით, ბრინჯაოს მედალი ცუდი შედეგი ნამდვილად არაა, მაგრამ მეტის მიღწევაც შემეძლო. ევროპირველობას რუსეთი მასპინძლობდა და რუს მეტოქესთან დაპირისპირებისას მსაჯებმაც შემიშალეს ხელი, მაგრამ თუნდაც იმ შეხვედრის მოგება რომ ვერ მოვახერხე, პირველყოვლისა ჩემი ბრალია”.
გიორგი ალექსიძე:
“ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების გამოსვლით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ინდივიდუალურ პირველობაში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ოქროს მედალი მოვიპოვეთ, გუნდურშიც გავჩემპიონდით და რაც მთავარია, ფინალში მასინძელთა ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ. რაც შეეხება ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ გეგმას, ოთხიოდ დღეში სალიცენზიო ზონაში მყოფი ძიუდოისტები ალჟირში გაემგზავრებიან და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ტრეინინგ ცენტრში გაივლიან შეკრებას, რომელიც ძირითადად სარეაბილიტაციო ხასიათისა იქნება, სპორტსმენებს ამოსუნთქვის საშუალება რომ მიეცეთ. ოლიმპიადამდე ნაკრები მორიგ უცხოურ შეკრებებს იაპონიაში (2 შეკრება) და სამხრეთ კორეაში, ჩეხეთსა და ესპანეთში ჩაატარებს. შუალედში ორ საერთაშორისო ტურნირშიც მიიღებს მონაწილეობას. ლონდონში გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე კი დუშეთის ბაზაზე დაბანაკდება”.
ოთარ მაღლაკელიძე







