ფეხბურთი

0:21 | 27.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელე არენა”: დაბედება ამას ჰქვია!

ქართულ სინამდვილეში, აქამდე, მართლაც არ მოიძებნებოდა პრეცედენტი, როცა სტადიონს ადამიანის სახელი, პატივისცემის ნიშნად, სიცოცხლეშივე დარქმეოდეს, მაგრამ ამასაც მოვესწარით. ქობულეთის განახლებული სტადიონი, რომელსაც ძველად "ცენტრალურს” უწოდებდნენ, გუშინწინ "ჩელე არენად” მოინათლა. ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარი მყისვე მიხვდება, ვის და რატომ ერგო ასეთი პატივი, ახალგაზრდები კი, ცხადია, განმარტებას მოგვთხოვენ და, ჩვენც აქა ვართ.
'ჩელე არენა” ზღვისპირა კურორტის სტადიონს წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, დღესდღეობით ქობულეთის "შუქურას” პრეზიდენტის და საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო აგენტის, რევაზ ჩელებაძის, იგივე "ჩელეს” დასაფასებლად ეწოდა. და მაინც, ვინ იყო `ჩელე”?!
რევაზ ჩელებაძე 1955 წლის 2 ოქტომბერს, ქობულეთში დაიბადა. საფეხბურთო კარიერა 1972 წელს, ადგილობრივ "შუქურაში” დაიწყო. 1974-1975, 1983-1985 წლებში თამაშობდა ბათუმის "დინამოში”, 1976-1982, 1985-1987 წლებში - თბილისის `დინამოში”, 1982 წელს - ლანჩხუთის `გურიაში”. საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში თბილისის "დინამოს” შემადგენლობაში ჩაატარა 159 მატჩი, გაიტანა 52 ბურთი. სსრკ ჩემპიონი (1978 წ.), მე-2 პრიზიორი (1977 წ.), მე-3 პრიზიორი (1976 წ. გაზაფხული-შემოდგომა). სსრკ თასის მფლობელი (1976, 1979 წწ.), უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981 წ.). საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი, გაიტანა 3 ბურთი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. საკლუბო ევროტურნირებში ჩაატარა 14 მატჩი, გაიტანა 3 ბურთი. იყო 11-მეტრიანების უბადლო შემსრულებელი.
როგორც ზემოთ ვთქვით, "ჩელე არენა” ოფიციალურად გუშინწინ გაიხნა - ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს ქობულეთელი და ბათუმელი ვეტერანები გაეჯიბრნენ. მეგობრულ ფრეს "მესამე ტაიმის” გარეშე არ ჩაუვლია. სტადიონი კი გაიხსნა, მაგრამ აქ, როგორც იტყვიან, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. სრულ მზადყოფნაში "ჩელე არენა”, ალბათ, თვენახევარში იქნება.
გუშინ კი, სტადიონზე არ იყო უზრუნველყოფილი უსაფრთხოება. დამცავი ღობის გარეშე, ვისაც მოესურვებოდა, ის გადადიოდა სარბენ ბილიკზე. მატჩის დელეგატმა, თამაზ კოსტავამ რამდენჯერმე მიუთითა, რათა მოედნის კიდეს მოეცილებინათ ბავშვები (ცხადია, აქ ბურთის მომწოდებლებს არ ვგულისხმობთ).
ახლა თამაშს რაც შეეხება. "დინამო” ამ ტურისთვის ბოლო ადგილზე იმყოფებოდა და უკანდასახევი გზა არ ჰქონდა. ზღვისპირელები რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მატჩის შედეგს, საწყის წუთებშივე გახდა ნათელი. "ჩელე არენას” ფორმალურმა მასპინძლებმა მძლავრად შეუტიეს მეტოქეს და პირველსავე წუთზე შექმნეს საგოლე მომენტი. გელა გოგიტიძე აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში, მაგრამ ახლო მანძილიდან კარში არაზუსტად დაარტყა.
ბათუმელებმა მაინც მალე გამოაცხვეს გოლი. ბორის მახარაძემ მარჯვენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში მყოფი მიხეილ ჯორბენაძე მოძებნა, რომელმაც ერთობ მახვილი კუთხიდან მოახერხა კარისკენ დარტყმა, არცთუ ძლიერად, ჯონი შეროზია ბურთს მიწვდა, მაგრამ ბადისკენ მოიგერია და 1:0.
ათ წუთში, იგივე ჯორბენაძე მეორედ შეეცადა "მერანის” კარის დალაშქვრას, მან დაახლოებით, 15 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ სტუმართა კიპერი, ამჯერად, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
ამის შემდეგ, მარტვილელებმა მასპინძელთა შემტევებს მჭიდრო მეურვეობა დაუწყეს და "დინამოს” იერიშებს სიმწვავე მოაკლდა, თამაშიც თანდათან გათანაბრდა. შესვენებამდე დარჩენილ დროში გუნდებს ღირებული არაფერი შეუქმნიათ.
მე-2 ტაიმში "მერანმა” გასათანაბრებლად გაიწია და ერთხანს ფლობდა კიდეც ინიციატივას, მაგრამ ბათუმელთა დაცვის გასარღვევად ძალა აშკარად არ ჰყოფნიდა. "დინამო” კი ისევ სახიფათოდ "იჩხვლიტებოდა”.
62-ე წუთზე, დათა სიჭინავამ მარცხნიდან ჩაუწოდა სტუმართა საჯარიმოში მცველებისგან მიტოვებულ ჯორბენაძეს, ამანაც 10 მეტრიდან დაჰკრა თავით, მაგრამ ოდნავ ააცილა. 69-ე წუთზე, სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. მე-2 გაფრთხილების გამო, არბიტრმა გიორგი მჭედლიშვილს დაატოვებინა მოედანი. თითქოს ეს არ კმაროდა და, ბოლო ათი წუთი მარტვილელები ცხრანი იყვნენ მინდორზე. პაპუნა ფონიავას მენჯის ძვალი დაუზიანდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა. მარტვილელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამ დროისთვის კი, "მერანს” უკვე გაკეთებული ჰქონდა სამი შეცვლა.
ბათუმელებმა კარგად ისარგებლეს მოვლენათა ასეთი განვითარებით. მიხეილ ჯორბენაძემ ჯერ "დუბლი” გაიფორმა - მცველებს შეცდომა არ აპატია, შეროზიაც გამოიტყუა კარიდან და დინჯად შეაგდო ბურთი ბადეში.
მერე იყო და შეუდარებლად გაისარჯა შეცვლაზე შესული ამირან მუჯირი. ვეტერანმა ჩვეული ოსტატობით შორიდან გადაუტარა ბურთი თავზე “მერანის” მეკარეს - 3:0.
არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში `დინამომ” მეოთხეც გაიტანა. პაატა ბალაძემ მარჯვნიდან გაჭრა კარისკენ, შორეულ ძელთან ჩასაფრებულმა ჯორბენაძემ თავური მიაყოლა ბურთს და ამ მატჩში ჰეთ-თრიკით გაიხარა.


მამუკა მდინარაძე ("მერანის” მწვრთნელი): "წინა თამაშში `სიონთან” ბიჭები ზედმეტად დაიხარჯნენ და ამ მატჩისთვის აღდგენა გაძნელდა. მიუხედავად ამისა, ვეცადეთ, მეტოქისთვის არაფერი დაგვეთმო. მე-2 ტაიმში უპირატესობას დავეუფლეთ, მაგრამ მოთამაშის გაძევებამ გაგვტეხა, თანაც ფონიავა იმ დროს დაგვიშავდა, როცა შეცვლების ლიმიტი ამოვწურეთ. ჯერ 10 და მერე 9 კაცით მოგვიწია თამაში”.
გია გურული (“დინამოს” მწვრთნელ-კონსულტანტი): "სინამდვილეში, ჩვენთვის ეს, ჩემპიონატში პირველი საშინაო მატჩი იყო. "ჩელე არენა” კარგად დაგვებედა. როგორც იქნა, ნავსი გავტეხეთ და გავიმარჯვეთ, თანაც, დიდი ანგარიშით. ამ სტადიონზე კიდევ ბევრი თამაში უნდა მოვიგოთ. მადლობელი ვარ, იმ ბათუმელების და ქობულეთელების, ვინც დღეს გულიანად გვქომაგობდა”.
რევაზ ჩელებაძე: "თავს უბედნიერეს ადამიანად ვთვლი, ძალიან დიდი პატივი დამდეს. ამაზე გასახარი რა უნდა მოხდეს, ეს სიცოცხლეში ძეგლის დადგმას ნიშნავს. ვეცდები, ცხოვრების  ბოლომდე ალალად ვემსახურო ფეხბურთს”.


"დინამო” (ბათუმი) - "მერანი” (მარტვილი) – 4:0 (1:0)
ქობულეთი. `ჩელე არენა”. 26 სექტემბერი. 16 საათი. 800 მაყურებელი

"დინამო”: შენგელია, ქორიძე, ხუხია, ლობჟანიძე (კ), გოგიტიძე, კვეკვესკირი, მახარაძე (სიჭინავა, 77), ტიმჩიშინი (ბალაძე, 73) ჯორბენაძე, ბერიძე, ვ. თევდორაძე (ა. მუჯირი, 80)
მწვრთნელ-კონსულტანტი: გია გურული
"მერანი”: შეროზია, გეგეჭკორი, ჟვანია, იობაშვილი, მჭედლიშვილი, დიდავა (კ), ნოზაძე (ტორონჯაძე, 46), ფონიავა, ს. ლომია (ქარქუზაშვილი, 72), რეხვიაშვილი, ამბროლაძე (ბუკია, 67)
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
გოლი: 1:0, 2:0 ჯორბენაძე (8, 83), 3:0 მუჯირი (87) 4:0 ჯორბენაძე (90+2)
გაფრთხილება: მჭედლიშვილი (64,69), ბერიძე (70), ქარქუზაშვილი(87)
გაძევება: მჭედლიშვილი (69)
მსაჯები: ბ. ნინუა, გ. ყრუაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, გ. კიკაჩეიშვილი
 

1. ტორპედო 7 5 1 1 18:5 16
2. დინამო (თბ) 7 5 1 1 17:4 16
3. ჩიხურა 7 4 1 2 10:8 13
4. მეტალურგი 7 4 0 3 6:9 12
5. დილა 7 3 1 3 10:7 10
6. ზესტაფონი 7 3 1 3 8:6 10
7. ზუგდიდი 7 2 4 1 7:4 10
8. მერანი 7 3 0 4 4:12 9
9. სიონი 7 1 4 2 7:8 7
10. დინამო (ბთ) 7 1 2 4 7:14 5
11. ვიტ ჯორჯია 7 1 2 4 4:11 5
12. კოლხეთი 7 0 3 4 3:13 3


მე-8 ტური. 30 სექტემბერი: მერანი – ზუგდიდი, დინამო (თბ) – სიონი, ზესტაფონი – ჩიხურა, მეტალურგი – ვიტ ჯორჯია, ტორპედო – დილა, დინამო (ბთ) - კოლხეთი

ბომბარდირები:
5 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი)
4 – ჯაბა დვალი, ჩისკო (2, პენ) (“დინამო”), რევაზ ჯიქია (“სიონი”)
3 – ალვარო (“დინამო” თბილისი), დავით ოდიკაძე (“ჩიხურა”, 1), დიმიტრი ტატანაშვილი (“მეტალურგი”), გიორგი კუხიანიძე (1), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”),
2 – ლევან კუტალია (1), ირაკლი ქობალია (“ზუგდიდი”), რევაზ გოცირიძე, ნიკო კვასხვაძე (“ჩიხურა”), ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), ლაშა შერგელაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი მიქაბერიძე (“მეტალურგი”) ირაკლი მოდებაძე (“დილა”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი), ბესიკ ჩიმაკძე (“ვიტ ჯორჯია”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, პატრიკ მილხრაუმი, შოთა ბაბუნაშვილი, ოთარ კვერნაძე, მიხეილ სარდალიშვილი (“ზესტაფონი”), საბა ლომია, გიგა ამბროლაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნოდარ ნოზაძე (“მერანი” მარტვილი), რობერტინიო, გიორგი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გელა გოგიტიძე, ამირან მუჯირი (“დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა, დავით სვანიძე (“სიონი”), ედიკ საჯაია, ბესო დეკანოიძე, ვაჟა ლომაშვილი (“ჩიხურა”), ალექსანდრე კვახაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, ზაზა ჭელიძე, გიორგი ბერიაშვილი, ვალერი ბოლქვაძე, გრიგოლ დოლიძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია (“ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”), პავლე დათუნაიშვილი, დავით გამეზარდაშვილი, გიორგი გაბედავა, შოთა ლომია (“ზუგდიდი”), ვალერი კაციტაძე, რომან ახალკაცი, სანდრო გურული (1), გიორგი კახელიშვილი, დათო კვირკველია, გიგა ბეჭვაია (“დილა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატრანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

 

იუზა კაციტაძე ქობულეთიდან
ავტორის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165892