აშშ-ს ქალაქ კლერვოტერში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე იღბალი აშკარად ქართველი ჩოგბურთელის მაკა ჩახნაშვილის მხარეს გახლდათ, თუმცა, მან შანსის გამოყენება ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციაში მე-4 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი პირველ რაუნდში თანამემამულე სოფო ქვაცაბაიას 2:1-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, დასკვნით რაუნდში კი კანადელი ეუჟენ ბუშარი მაკას წინააღმდეგ საბრძოლველად კორტზე საერთოდ ვერ გავიდა.
ჩახნაშვილს ძირითადი ბადის კენჭისყრის დროსაც გაუმართლა და მეტოქედ ასევე კვალიფიკაციის გამარჯვებული, მსოფლიოს 209-ე ჩოგანი, ესპანელი გარბინ მუგურუზა ბლანკო ერგო, რომელთანაც 5:7, 2:3 მარცხდებოდა, როდესაც თამაშის გაგრძელება თავად ვეღარ შეძლო. როგორც სჩანს, მაკას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, რადგანაც იგი ვერც ქვაცაბაიას შეუამხანაგდა და წყვილთა ტურნირში რუსულ-ფრანგული დუეტის (კონდრატიევა-ლეფევრე) წინააღმდეგ ასპარეზობა ვერ მოახერხა. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ჩახნაშვილმა ფლორიდაში ვერცერთი სრულფასოვანი მატჩი ჩაატარა.
სამაგიეროდ, წარმატებას მიაღწია ეკატერინე გორგოძისა და უკრაინელი ალიონა სოტნიკოვას ტანდემმა, რომელმაც პირველ წრეში ამერიკული წყვილი (გალიკსონი-ვეინოლდი) 6:4, 7:6 (8:6) დაამარცხა. მეოთხედფინალში გორგოძე და სოტნიკოვა სწორედ კონდრატიევასა და ლეფევრეს გაეჯიბრებიან.
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე ნათია გეგიამ ყაზახ ალექსანდრა გრინჩიშინას 6:3, 6:7 (2:7), 6:1 სძლია, მერვედფინალში კი მე-3 ნომრად განთესილ რუს ეკატერინა იაშინასთან 6:7 (5:7), 4:6 წააგო. წყვილებში გეგია და ყაზახი ასელია არგინბაიევა პირველი რეიტინგის მქონე რუსულ-უკრაინულ დუეტთან (პაშკოვა-ვასილიევა) 3:6, 0:6 დამარცხდნენ.







