გიორგი ჭანტურია რუმინულ “კლუჟს” ხუთშაბათს შეუერთდება. ამ ინფორმაციას რუმინული ინტერნეტპორტალი stiridesport.ro იუწყება. იტალიის “ვერონა” ქართველ ფეხბურთელს “კლუჟში” ერთი წლით გაანათხოვრებს და ეს რუმინელთა მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მირიუტამაც დაადასტურა.
გასული სეზონის შემდეგ, “ვერონამ” ჭანტურია სწორედ “კლუჟიდან” შეიძინა და მილიონი ევრო გადაიხადა. 21 წლის ფეხბურთელს რუმინელთა რიგებში 7-ჯერ უთამაშია და ერთი გოლი გაუტანია. აღსანიშნავია, რომ “ვერონას” ამჟამინდელი მწვრთნელი ანდრეა მანდორლინი თავის დროზე “კლუჟს” თავკაცობდა.
მირიუტამ ჭანტურიას თაობაზე იხუმრა: “როდესაც “კლუჟში” მოვიდა, ჩემზე დიდი მუცელი ჰქონდა. მანდორლინი მწვრთნელია, რომელიც ფიზიკურ მომზადებას დიდ ყურადღებას აქცევს”.
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, “ვერონადან” ჭანტურიას განათხოვრების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ფეხბურთელმა ტრავმის მერე სათამაშო ფორმა ვერ აღიდგინა. ერთ-ერთი ვერსიით კი, ქართველს იტალიურ კლუბში დამკვიდრებაში ხელი არაევროკავშირელობამ შეუშალა.







