ჭადრაკი

15:50 | 8.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჭადრაკის ფედერაციაში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება

საჭადრაკო სამყარო სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრ ლევან ყიფიანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი, მინისტრის მოადგილეები დავით თევზაძე და რატი ბრეგაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ოლიმპიური ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ჭადრაკისათვის საჭირბოროტო საკითხები, პერსპექტივები, მომავალი წლის ბიუჯეტი. გადაწყდა დაიწყოს ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა.
ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდისვე ცნობით, გაიმართა გამგეობის სხდომაც, რომელზეც ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა წესდებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი დააყენა.
“ვფიქრობ, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ჭადრაკის ფედერაცია გვერდს ვერ აუვლის სპორტის სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, რომ არჩევნები ოლიმპიური ციკლის გათვალისწინებით მოხდეს. ამიტომ ვიმსჯელოთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობაზე და მივიღოთ გადაწყვეტილება”, - აღნიშნა გიორგაძემ.
გამგეობამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ჭადრაკის ფედერაციაში არსებული ვითარება არის სავსებით დამაკმაყოფილებელი და უნდა შენარჩუნდეს არსებული კურსი. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ჭადრაკის ფედერაციის არჩევნები ემთხვევა ფიდეს პრეზიდენტის არჩევნებს და მიზანშეწონილი არ არის მისი ცვლილება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ოლიმპიადაზე ქალთა და ვაჟთა გუნდების გამოსვლას. შეფასება იყო ცალსახად არადამაკმაყოფილებელი. მოუსმინეს ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ზურაბ სტურუას, რომელმაც თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა წარუმატებლობაზე. გამგეობამ გადაწყვიტა მოგვიანებით მიუბრუნდეს მთავარი მწვრთნელის საკითხს.
ანალოგიური შეფასებაა ვაჟთა ნაკრების გამოსვლასთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურამდე ვაჟები წარმატებით გამოდიოდნენ. ბოლო ტურში განცდილმა მარცხმა არადამაკმაყოფილებელი შედეგი მოგვცა. რაც, შეეხება ვაჟთა მთავარი მწვრთნელის ხვიჩა სუპატაშვილის საკითხს, ისიც შემდეგ გამგეობაზე გადაწყდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162615