შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში, ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს, მედლები საწყის-ოთხ წონით კატეგორიაში – 50, 55, 60 და 66 კილოგრამებში გათამაშდა. მეორე დღეს კი, ჩემპიონ-პრიზიორები 73, 81, 90 და +90 კილოგრამებში გამოვლინდებიან.
საქართველოს პირველობას, წინ რეგიონალური ჩემპიონატები უძღვოდა. სწორედ მათი შედეგებით დააკომპლექტეს რეგიონების გუნდებმა დიღმის ტატამზე გასაყვანი შემადგენლობები. ისევე, როგორც უფროსებში, ჭაბუკებშიც, ყველაზე მაღალი ქვოტები თბილისის, იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებს ერგოთ. ამ გუნდებმა 4-4 ძიუდოისტი აჭიდავეს, მცხეთა-მთიანეთმა, რაჭა-ლეჩხუმმა, აჭარამ და სამეგრელო-ზემო სვანეთმა – 2-2, ხოლო გურიამ, სამცხე-ჯავახეთმა, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა – თითო.
50 კილოგრამში თბილისური ფინალი შედგა და 10 დღის წინანდელი თბილისის პირველობის ანალოგიური შედეგით დასრულდა – გელა კელეხაშვილმა მიხეილ იმერლიშვილი დაამარცხა. მესამე ადგილზე იმერეთის სახელით მოჭიდავე ლერი ჭელიძე და ცოტნე წიკლაური (კახეთი) გავიდნენ. 55 კილოგრამში თბილისელებმა, სულაც, 3 მედალი მიითვალეს. ზაზა შველიძე და ჯაბა შაყულაშვილი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ. ომარ ნიაზაშვილი კი ჩემპიონი გახდა. ფინალში მან კახელ ზაზა როსტომაშვილს აჯობა.
60 კილოგრამში, ოქროს მედალი იმერეთის სახელით მოჭიდავე თორნიკე ტვილდიანმა მოიპოვა. გადამწყვეტ ბრძოლაში მან თბილისელი მიხეილ მეზურნიშვილი დაამარცხა. სამეული სიმონ ვაჩლიანმა (ქვემო ქართლი) და ზურაბ ჩადუნელმა (სამცხე-ჯავახეთი) შეავსეს. ლამაზი შეხვედრებით გაჯერებული პირველი საჩემპიონატო დღის გვირგვინი, 66 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალი გამოდგა. თბილისელმა თომა თავზარაშვილმა, მცხეთელ პავლე ქავთარაძესთან ვაზარით ჩამორჩენა მშვენიერი იპონით შემოატრიალა და დედაქალაქის ჩემპიონის ტიტულს, საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედალიც შემატა. ბრინჯაოს პრიზიორები აფხაზეთის სახელით მოჭიდავე ბექა ხამათაშვილი და უშანგი მარგიანი (იმერეთი) გახდნენ. ოთხივე წონის ჩაჭიდავების შემდეგ, დღის შეჯამება საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ ჩოჩიშვილს ვთხოვეთ.
“პირველი დღით კმაყოფილი ვარ. ბევრი კარგი შეხვედრა შედგა და რაც მთავარია, ახალი სახეებიც გამოჩნდნენ. ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს. რამდენიმე ისეთი ძიუდოისტიც მოვინიშნე, ოქრო-ვერცხლს რომ ვერ შეწვდნენ. მაგალითად, ქვემოქართლელი ავთო კილაძე (50 კგ), თბილისელი ზაზა შველიძე (55 კგ), კახელი გიორგი კუპატაძე და თბილისელი აპოლონ ზურაბიანი (ორივე 60 კგ)”, – განაცხადა ჩოჩიშვილმა.
73, 81, 90 და +90 კილოგრამში მოჭიდავე ძიუდოისტები წინასწარ შეხვედრებს 11 საათიდან დაიწყებენ.
დღესვე, საქართველოს ჩემპიონატი 16-წლამდე გოგონათა შორისაც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ტურნირი, რატომღაც აღარ ჩატარდა. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი გოგონებისთვის, მაისში ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება.
ოთარ მაღლაკელიძე
ძიუდო.
საქართველოს ჩემპიონატი
ჭაბუკები
თბილისი. 5 მარტი
50 კგ
1 გელა კელეხაშვილი (თბილისი)
2 მიხეილ იმერლიშვილი (თბილისი)
3 ლერი ჭელიძე (იმერეთი)
3 ცოტნე წიკლაური (კახეთი)
55 კგ
1 ომარ ნიაზაშვილი (თბილისი)
2 ზაზა როსტომაშვილი (კახეთი)
3 ზაზა შველიძე (თბილისი)
3 ჯაბა შაყულაშვილი (თბილისი)
60 კგ
1 თორნიკე ტვილდიანი (იმერეთი)
2 მიხეილ მეზურნიშვილი (თბილისი)
3 სიმონ ვაჩლიანი (ქვემო ქართლი)
3 ზურაბ ჩადუნელი (სამცხე-ჯავახეთი)
66 კგ
1 თომა თავზარაშვილი (თბილისი)
2 პავლე ქავთარაძე (მცხეთა)
3 ბექა ხამათაშვილი (აფხაზეთი)
3 უშანგი მარგიანი (იმერეთი)









