საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ ჩოჩიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. 2010 წლის სეზონის უმთავრეს ტურნირს 25-27 ივნისს ჩეხეთის ქალაქი ტეპლიცე უმასპინძლებს და ტატამზე 8 ქართველიც გავა. ევროპირველობისთვის მოსამზადებელ გეგმაში შეტანილი საერთაშორისო ტურნირები ჩოჩიშვილის გუნდმა უკვე მოილია და 2 შეკრებაღა დარჩა გასავლელი.
სანაკრებო სელექცია მარტის დასაწყისში, დიღომში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატით დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა ახალი გუნდის კანდიდატებად შიდა კონკურენციის ფინალისტები გამოაცხადა და იქვე დასძინა, თითოეული წონის ლიდერი საერთაშორისო ტურნირების შედეგებით დასახელდებაო. მას შემდეგ, ფინალისტები თურქულ, ჩეხურ და რუმინულ “ევროპის თასზე” გამოვიდნენ და რვა საუკეთესოც გამოიკვეთა.
50, 55, 73 და +90 კილოგრამ წონით კატეგორიებში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჩემპიონები - გელა კელეხაშვილი, ომარ ნიაზაშვილი, თამაზ ონიანი და კარლო ნემსიწვერიძე იჭიდავებენ, ხოლო 60, 66, 81 და 90 კილოგრამებში საერთაშორისო არენაზე თავიანთი შესაძლებლობები უკეთესად საქართველოს პირველობის ვერცხლის პრიზიორებმა - მიხეილ მეზურნიშვილმა, პავლე ქავთარაძემ, ლაშა ტაველურმა და უშანგი გასიტაშვილმა წარმოაჩინეს.
“ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა ანთალიისა და ტეპლიცეს “ევროპის თასის” შედეგებით თითქმის მთლიანად გამოიკვეთა. გასარკვევი მხოლოდ 81 კილოგრამის შიდა კონკურენციაღა დარჩა და რუმინეთის ქალაქ პლოეშტში ჩატარებულ “ევროპის თასზე” ლაშა ტაველური და ილია ოტიაშვილი გავუშვით. ტაველური ჩემპიონი გახდა და ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაც გაინაღდა, ხოლო ოტიაშვილი მესამე ადგილზე გავიდა. როგორც ხედავთ, განაცხადი უკვე შევსებულია და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ცვლილებები აღარ განხორციელდება. რაც შეეხება ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ გეგმას, მასში ორი შეკრებაღა დაგვრჩა გასავლელი. პირველს, 22 მაისს ბაკურიანში დავიწყებთ და 2 კვირის განმავლობაში ყურადღებას ფიზიკურ მომზადებაზე გავამახვილებთ. დასკვნით შეკრებას კი, ან თბილისში გავივლით, ან გორში. არის კიდევ დუშეთის ვარიანტიც, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იქ საუკეთესო პირობებია, მაინც თბილისში ან გორში აჯობებს დასკვნითი ვარჯიშების ჩატარება. მიზეზი მარტივია, აქ სპარინგ-პარტნიორების პრობლემა მოხსნილი იქნება, რაც ძალიან დაეხმარება პირველ ნომრებს” – უთხრა მსოფლიო სპორტს” რამაზ ჩოჩიშვილმა.
ოთარ მაღლაკელიძე







