საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე სამი შესაძლებლიდან ერთი მედალი მოიპოვა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მიხეილ მეზურნიშვილი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა. გელა კელეხაშვილი (50 კგ) და ომარ ნიაზაშვილი (55 კგ) კი ევროპირველობას საწყისი ეტაპებიდანვე გამოეთიშნენ.
მეზურნიშვილმა ლატვიელი მიჰაილის შტეინბუკსისა და სერბი შტეფან მირკოვიჩის ძლევის შემდეგ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჰუსეინ რაჰიმთან ვეღარაფერი გააწყო და რეპეშაჟში გადაერთო. ბრინჯაოს გზაზე კი ლიტველი მიკოლას ლუკოსევიჩუსი და იტალიელი მატეო მედვესი ჩამოიცილა.
კელიხაშვილი პირველსავე წრეში დამარცხდა ფრანგ ვინსენტ მანკესთან, ხოლო ნიაზაშვილმა სამეულში შეღწევის შანსი მერვედფინალში დაკარგა, ლატვიელ ვლადისლავს სტარუსთან წაგებით. იქამდე კი ფინელ ეეტუ ლააკსონენს აჯობა.
სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს მედლები 40, 44 და 48 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე გოგონებს შორისაც გათამაშდა, მაგრამ ქართული დელეგაციიდან ტატამზე მხოლოდ ვაჟები გავიდნენ. გოგონებს მხოლოდ 52 და +70 კილოგრამებში ჰყავთ წარმომადგენლები.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა 66 და 73 და გოგონათა 52, 57 და 63 კილოგრამებში გამოვლინდებიან. რამაზ ჩოჩიშვილის გუნდიდან კიმონოს პავლე ქავთარაძე (66 კგ) და თამაზ ონიანი (73 კგ) მოირგებენ, ხოლო გია თენაძის შეგირდთაგან – მარიამ ქებაძე (52 კგ).
ოთარ მაღლაკელიძე
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ჭაბუკები
ტეპლიცე. 25 ივნისი
50 კგ
1 მეჰმან სადიგოვი (აზერბაიჯანი)
2 იევგენი ველიჩკო (უკრაინა)
3 ვისენტ მანკე (საფრანგეთი)
3 იზნაურ აბდულაევი (რუსეთი)
55 კგ
1 სახავატ გაჯიევი (რუსეთი)
2 ფაბიო ბასილე (იტალია)
3 პაველ ჰლადკიხი (ბელარუსი)
3 ვლადისლავს სტარუსი (ლატვია)
60 კგ
1 იუნუშ-ხაჯი ხუტიევი (რუსეთი)
2 ვიქტორ მელენევსკი (უკრაინა)
3 მიხეილ მეზურნიშვილი (საქართველო)
3 ჰუსეინ რაჰიმი (აზერბაიჯანი)







