სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა სამინისტროში საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. შეგახსენებთ, რომ 11-14 აგვისტოს უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართულ ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში, იაპონიის ნაკრების შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.
კიევში ჩემპიონები ბექა ღვინიაშვილი (81 კგ.) და გურამ თუშიშვილი (90 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლები ბექა დონღვანმა (73 კგ.) და შალვა ჩოჩელმა (90 კგ.) დაისაკუთრეს, ბრინჯაოს მედალი კი ლევან გუგავამ (73 კგ) ირგუნა. ღვინიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა წმინდად მოიგო, თუშიშვილი და ჩოჩელი კი ფინალში ქულის დაუკარგავად გავიდნენ და ქართულ შერკინებაში თუშიშვილმა იუკოთი იმარჯვა.
ლადო ვარძელაშვილი: “გილოცავთ ყველას ამ წარმატებას, მართლაც სასიხარულო შედეგი აჩვენეთ. კიდევ ერთხელ დაგვანახვეთ, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის, რომელსაც ეროვნული ნაკრების კანდიდატების შეცვლა ღირსეულად შეუძლიათ. სამინისტროს მხრიდან დახმარება ნამდვილად არ მოგაკლდებათ, დანარჩენი კი თქვენზეა დამოკიდებულია, რაც უფრო მეტად გამოიჩენთ თავს, უფრო მეტად წახალისდებით”.
გიორგი ვაზაგაშვილი (ჭაბუკთა ნაკრების თავკაცი): “ყველანი ბედნიერები ვართ. ბიჭებმა მართლაც გაგვახარეს, რაც დიდი შრომის და მონდომების შედეგია. ჩვენ მიერ მიცემულ დავალებას ზუსტად ასრულებდნენ და თავდაუზოგავად იბრძოდნენ. გამორჩეულად კარგად ბექა ღვინიაშვილმა და გურამ თუშიშვილმა იჭიდავეს. მომავალი წლიდან ამ ბიჭების უმრავლესობა ახალგაზრდულ ნაკრებში გადავა და თუ ასეთივე მონდომებით გააგრძელებს ვარჯიშს, კიდევ ბევრ წარმატებას მოგვიტანენ”.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური







