ნებისმიერი დიდი საფეხბურთო ტურნირის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სპეციალისტები და გამოცემები თავიანთ იდეალურ ნაკრებებს ასახელებენ. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დიდხანს არც Castrol Index-მა დააყოვნა, აზრს თავის ექსპერტებს დაეკითხა და მათაც, დეტალური ანალიზის საფუძველზე, იდეალური ნაკრების საკუთარი ვერსია წამოაყენეს.
ტაქტიკურ სქემად კლასიკური - 4-4-2 შეირჩა. ყველა ფეხბურთელს მითითებული აქვს ის კოეფიციენტი, რომელიც გამოკითხვის შედეგად, ათბალიანი სისტემის მიხედვით მიიღო. ისე მოხდა, რომ შერჩეულ ფეხბურთელთა შორის მხოლოდ იმ 4 ქვეყნის წარმომადგენლები მოხვდნენ, რომელთა ნაკრებებმაც ნახევარფინალში გააღწიეს. გასაკვირი სულაც არაა, რომ ნაკრების ჩამონათვალში მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის წარმომადგენლები ლიდერობენ (6 ფეხბურთელით), მე-2 ადგილზე მათ მიერ ფინალში დამარცხებული ჰოლანდიისა და მესამეადგილოსან გერმანიის ნაკრებები არიან, რომელთაც იდეალურში ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავთ, ტალანტებით განთქმული სამხრეთ ამერიკიდან კი, მხოლოდ ერთი - ურუგვაელი მოთამაშე მოხვდა.
იდეალური ნაკრების კარს გერმანელი მანუელ ნოიერი იცავს, რომელმაც Castrol Index -ის ექსპერტებისგან 9,48 ქულა მიიღო. მან გერმანელთა მიერ ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ჩემპიონატის მსვლელობისას, ნოიერმა 22 სეივი გააკეთა, ანუ, საშუალოდ თითქმის 4 სეივი თითოეულ შეხვედრაში. ამ მაჩვენებლით, გერმანელ მეკარეს მხოლოდ განის ნაკრების კარის დარაჯმა რიჩარდ კინგსონმა აჯობა - 24 სეივი, რომელსაც ექსპერტების აზრით, 8,72 ქულა ერგო. ნოიერმა ექვს შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა. მე-3 ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში, გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, კარის დაცვა ჰანს-იორგ ბუტს (Castrol Index-ი 4,97) მიანდო და გერმანელებმა 2 გოლი მიიღეს.
Castrol-ის იდეალური ნაკრების დაცვის ხაზის ოთხეული სრულად შედგება ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთაგან. მიზეზი - ესპანეთის ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ისე მოიპოვა, რომ ფლეი ოფის სტადიაზე გოლი არ გაუშვია. მთლიანობაში, მათ შვიდ შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის ხაზი ჰქონდათ.
საკუთარი ნაკრებისთვის ღირსეულად მებრძოლი სერხიო რამოსის მარგი ქმედების კოეფიციენტი, Castrol-ის ექსპერტებმა 9,79 ქულით შეაფასეს და ის არა მხოლოდ “ოცნების გუნდში” მოხვდა, არამედ ამ მაჩვენებლით ყველა სხვა ფეხბურთელს აჯობა. რამოსი დაცვის ზღუდეებსაც კარგად ამაგრებდა და არაერთი შეტევის ორგანიზატორიც გახდა. შედეგად, კარის მიმართულებით მან 11-ჯერ დაარტყა და ოთხი მათგანი კარის ჩარჩოში წავიდა, რაც მცველისათვის მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ის მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო შემოქმედი მცველია. სამხრეთ აფრიკაში რამოსმა 31 ინდივიდუალური გარღვევა განახორციელა და ამ მხრივ ყველა ფეხბურთელს აჯობა. რამოსის გადაცემათა 80-მა პროცენტმა ადრესატამდე მიაღწია, რაც ასევე მაღალ მაჩვენებლად ითვლება.
კარლეს პუიოლმა ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და ექსპერტებისგან შეფასების სახით 9,70 ქულა მიიღო. პუიოლის თავურმა დარტყმამ, რომელიც სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა, ნახევარფინალში გერმანელთა დაცვის ზღუდე დაძლია და მატჩის ბედი გადაწყვიტა. კატალონიელი ართმევებითაც გამოირჩა - 11 და მისი გადაცემების 88 პროცენტი ზუსტი აღმოჩნდა.
ხერარდ პიკე დაცვის ცენტრში კლდესავით იდგა და მაშინ, როდესაც მისი გუნდის შემტევი ფეხბურთელები მოწინააღმდეგეზე ზეწოლას ახდენდნენ, მათ კონტრშეტევის განხორციელების საშუალებას უსპობდა. ჩასტროლ Iნდეხ -მა მისი გარჯა 9,63 ქულით შეაფასა. პიკემ იკერ კასილასთან (9,21 ქულა) და ხოან კაპდევილიასთან (9,74 ქულა) ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და გადაცემების შესრულების მხრივ, მცველებს შორის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე გახდა - მისი 506 გადაცემა, მათ შორის 74 შორეული პასი, ზუსტი აღმოჩნდა.
უკვე აღვნიშნეთ, რომ კაპდევილამ 9,74 ქულა მიიღო. ესპანეთის ნაკრების დაუღალავმა მარცხენა მცველმა, 26 ზუსტი გამჭოლი გადაცემა გააკეთა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ ხავის (8,77 ქულა) ჩამორჩა. შეტევაში ეფექტურად მოქმედების პარალელურად, კაპდევილა დაცვაშიც შეუდარებელი იყო. მან მოედანზე ჯამში 660 წუთი გაატარა და თამაშის წესები მხოლოდ 6-ჯერ დაარღვია, რაც მართლაც რომ ზღაპრული მაჩვენებელია.
ნახევარდაცვაში Castrol -ის ექსპერტებმა ორ ჰოლანდიელს თითო-თითო გერმანელი და ესპანელი შეუწყვილეს. ახალგაზრდა გერმანელმა მარჯვენა ნახევარმცველმა ტომას მიულერმა, რომელიც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე ცივსისხლიანი ფეხბურთელის სტატუსი მიიღო, 9,51 ქულა დაიმსახურა. მან სამხრეთ აფრიკაში მეტოქეთა კარის ჩარჩოში 5-ჯერ დაარტყა და ხუთივე შემთხვევაში გოლი გაიტანა. ამასთან, მიულერი გოლს პლუს პასის სისტემით, საუკეთესო გახდა - ხუთ გატანილ ბურთს სამი საგოლე გადაცემა დაურთო და “ოქროს ბუცი” დაისაკუთრა.
ესპანელი სერხიო ბუსკეტსი ყველა შეხვედრაში 100 პროცენტით დაიხარჯა და 9,46 ქულა მიიღო. სამხრეთ აფრიკაში მან ყველაზე მეტი მოკლე გადაცემა შეასრულა, ამათგან, 88 პროცენტი ზუსტი აღმოჩნდა და ამ მაჩვენებლით, თანაგუნდელთა შორის ყველაზე ეფექტური მოთამაშე გახდა.
თავის მხრივ, ჰოლანდიის ნაკრებში გადაცემების მხრივ ყველაზე ზუსტი მარკ ვან ბომელი იყო, რომლის ანგარიშზეც 291 პასია (76%). სწორედ ამიტომ, ის მოწინააღმდეგეთა მხრიდან დევნის ობიქტი იყო და ვან ბომელის წინააღმდეგ 22-ჯერ დაჯარიმდნენ, რაც ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელებს შორის, ასევე საუკეთესო მაჩვენებლია. ჩასტროლ -მა მას 9,41 ქულა მიანიჭა.
ჰოლანდიელმა მარცხენა ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა, მეტოქეთა კარში ხუთი გოლი გაიტანა და ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელი გახდა. გოლების რაოდენობით ის იოახიმ ნეესკენს (1974 წელს) და რობი რენსენბრინკს (1978 წელი) გაუტოლდა. ამასთან, მან ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა და ბერტ ვან მარვიიკის შეგირდთა შორის ყველაზე ბევრი ირბინა - 73,3 კილომეტრი. მისი შეფასება 9,56 ქულაა.
“ოცნების გუნდის” თავდასხმის ხაზი ესპანურ-ურუგვაულია. ესპანელმა დავიდ ვილიამ, საკუთარი გუნდის გაჩემპიონებაში უდიდესი როლი ითამაშა და 9,59 ქულა მიიღი. მან ესპანელთა მიერ გატანილი გოლების 75 პროცენტში მიიღო მონაწილეობა: ხუთი გოლი თავად გაიტანა და ერთხელ საგოლე გადაცემა შეასრულა. მოცემული მომენტისათვის, ის ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია მსოფლიოს ჩემპიონატებზე (რვა გოლი). ამასთან, ვილია სამხრეთ აფრიკაში კარში დარტყმების მხრივაც საუკეთესო გახდა - 17.
ურუგვაის ნაკრების მიერ გატანილი გოლების ნახევარი, ლუის სუარესის უშუალო მონაწილეობით გავიდა და Castrol -მა მისი გარჯა 9,53 ქულით შეაფასა. ურუგვაელმა მეტოქეთა კარი სამჯერ თავად დალაშქრა, ორჯერ კი საგოლე გადაცემა შეასრულა. კარში დარტყმების რაოდენობის მხრივ, ის მხოლოდ ესპანელ დავიდ ვილიას ჩამორჩა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სუარესი 1/4-ფინალურ შეხვედრაში გააძევეს და ესპანელზე ნაკლები მატჩი ჩაატარა.
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ნაკრები Castrol Index-ის ვერსიით: მეკარე: ნოიერი (გერმანია) - 9,48; მცველები: კაპდევილა (მარცხნივ, ესპანეთი) - 9,74, პიკე (ცენტრში, ესპანეთი) - 9,63, პუიოლი (ცენტრში, ესპანეთი) - 9,70, რამოსი (მარჯვნივ, ესპანეთი) - 9,79; ნახევარმცველები: სნეიდერი (მარცხნივ, ჰოლანდია) - 9,56, ვან ბომელი (ცენტრში, ჰოლანდია) - 9,41, ბუსკეტსი (ცენტრში, ესპანეთი) - 9,46, მიულერი (მარჯვნივ, გერმანია) - 9,51; თავდამსხმელები: სუარესი (ურუგვაი) - 9,53, ვილია (ესპანეთი) - 9,59.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა







