12-13 თებერვალს, ბუდაპეშტში ძიუდოისტთა მსოფლიოს თასი გათამაშდება. ტურნირში მონაწილეობას 51 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. მათ შორის იაპონია, საფრანგეთი და რუსეთი, რომელთაც უნგრეთში გადახალისებული, თუმც ორ-ორი შემადგენლობა ჩაიყვანეს. საქართველოს ნაკრები კი ბუდაპეშტურ ტატამზე 7 კანდიდატით გავა.
დღეს მედლები პირველ-სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება და ქართული დროშის ქვეშ ბეთქილ შუკვანი (60 კგ), სანდრო იაკობაშვილი (66 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) იჭიდავებენ. შუკვანი ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება, სადაც ბელგიელ დამიენ ბომბუას დაუპირისპირდება. იაკობაშვილის მეტოქე ოცდამეთორმეტედფინალში მოლდოველი იგორ სოროკა იქნება, ხოლო რეხვიაშვილი პირველ წრეში დაისვენებს და სერბი მილოშ მიჰალკოვიჩისა და იტალიელი ანდრეა რეგისის წყვილში გამარჯვებულს დაელოდება.
ხვალ კიმონოს 4 ქართველი მოირგებს: დავით კარბელაშვილი (81 კგ), ლაშა გურული, საბა გავაშელიშვილი (ორივე 90 კგ) და ნოდარ მეტრეველი (+100 კგ). კარბელაშვილი და გურული შეჯიბრში პირველივე წრიდან ჩაერთვებიან, პოლონელ ლუკაშ ბლახთან და ესტონელ გრიგორი მინაშკინთან შეხვედრებით. მეტრეველი მეთექვსმეტედფინალში უნგრელ ადამ იუჰაშს დაეჭიდება, გავაშელიშვილი კი უნგრელი იშტვან ლევენტე ჰაგისა და ჩერნოგორიელი მარკო სეკარიჩის წყვილში გამარჯვებულს.
ოთარ მაღლაკელიძე







