სხვა

1:23 | 14.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაო დავით გოგიასგან

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა. 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით გოგიამ ორჭიდის ჯამში 401 კილოგრამი (183+218) დააგროვა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, 12 აპრილს კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე რაულ ცირეკიძე (85 კგ) ავიდა.

გოგიამ პირველ მოძრაობაში – ატაცში სამივე ცდა გამოიყენა (177, 181 და 183) და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. აკვრაში კი 213 და 218 კილოგრამები ასწია და 222-კილოგრამიანი შტანგაც თითქმის დაიმორჩილა, მაგრამ უკვე თავსზემოთ აწეული ვერ დააფიქსირა და საბოლოოდ ბრინჯაოს დასჯერდა, არადა ცდის გამოყენების შემთხვევაში ვერცხლის სერიოზული შანსი ეძლეოდა.

ჩემპიონი რუსეთის ნაკრების წევრი დავიდ ბეჟანიანი გახდა, 411 (181+230) კილოგრამით, მეორე ადგილი კი მისმა თანაგუნდელმა მაქსიმ შეიკომ დაიკავა 404 (184+220) კილოგრამით.

105 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ფიცარნაგზე დისკვალიფიკაციამოხდილი ალბერტ კუზილოვიც გავიდა და მას შემდეგ, რაც 180-კილოგრამიანი სიმძიმე მხოლოდ მესამე ცდაზე დაიმორჩილა, პირველი მოძრაობა მეოთხე ადგილით დაასრულა. აკვრაში კი 216-კილოგრამიან შტანგასთან სამჯერ მივიდა და ვერც ერთხელ ვერ ასწია.

დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა შორის 94 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით საქმეში ვაჟა ღონღაძე ჩაერთო და 356 (168+188) კილოგრამით მე-7 ადგილი დაიკავა.

დღეს ფიცარნაგზე მძიმეწონოსანი ირაკლი თურმანიძე გავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173832