სხვა

17:58 | 26.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბრიფინგი სპორტის სამინისტროში

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს შეხვდა. ბრიფინგზე, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, მინისტრმა უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა და მასმედიის შეკითხვებსაც უპასუხა.

“შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ახალი პროექტი – “საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის”, რომლის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა სახელმწიფო მმართველობაში. მთავრობის მუშაობა გახადოს უფრო ღია და გამჭვირვალე და ტრადიციად აქციოს ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი. იმედია, ეს პროექტი პირველ ყოვლისა საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ტრადიციას ჩაუყრის საფუძველს”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

მინისტრს პირველ ყოვლისა თბილისში ჩატარებულ მოჭიდავეთა ევროპირველობაზე ჰკითხეს, რაზეც უპასუხა, რომ ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე სამასპინძლოდ ყველაფერი გაკეთდა და ორგანიზების ხარისხით კარგი საერთაშორისო შეფასებაც მიიღო. ყიფიანი ქართველი სპორტსმენების მიერ ნაჩვენებ შედეგსაც წარმატებულად მიიჩნევს: “14 მოჭიდავიდან 7-მა მედალი მოიპოვა. ცხადია, უფრო მეტიც გვინდოდა, მაგრამ ვფიქრობ, შედეგი ნორმალურია”, – დასძინა მინისტრმა.

ლევან ყიფიანმა თავი შეიკავა სპორტული ფედერაციების მუშაობის შეფასებისგან – ყველაზე კარგი შემფასებელი ხალხია და სჯობს, თავად გააკეთონ დასკვნებიო, ხოლო შეკითხვაზე – აპირებს თუ არა სპორტის სამინისტრო რომელიმე ფედერაციაში ცვლილებების გატარებას, უპასუხა, რომ ეს სამინისტროს პრეროგატივა არაა.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს სპორტის ახალი კანონის შექმნაზე, რისთვისაც იურისტთა ჯგუფი დაასაქმა და მათი დახმარებით უახლოეს ერთ თვეში დაიდება სამოქმედო გეგმა, რომელიც მაქსიმალურად დახვეწილი იქნება და სპორტის კანონში საკანონმდებლო ცვლილებებიც აუცილებლად განხორციელდება.

აქტუალურ სპორტულ თემებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ასევე ქართულ ფეხბურთში, კალათბურთსა და რაგბიში სახელმწიფო სასწავლებლებისა და სამინისტროების კმაყოფაზე მყოფი კლუბების პერსპექტივის საკითხი. ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სამინისტროების მიერ სპორტული კლუბების შენახვა მართლაც მძიმე თემაა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას სპორტსმენების ინტერესიც არ უნდა დაივიწყონ და იქვე დასძინა, საუკეთესო გამოსავლის მოსაძებნად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აქტიურად მსჯელობს განათლების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან, ასევე სასწავლებლებთანო.

ბრიფინგის მიწურულს მინისტრმა სპორტში კერძო ბიზნესის ჩართულობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. ქართული სპორტის განვითარებაში კერძო ინვესტორების უდიდესი წვლილი ახსენა და მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, რადგან ეს საქმე მომგებიანი არაა და ამას ინვესტორები უბრალოდ სპორტის სიყვარულის გამო აკეთებენ. ლევან ყიფიანის განცხადებით, ასეთი ხალხის მაქსიმალურად დასაფასებლად და მათთვის გარკვეული შეღავათების ასამოქმედებლად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსთან გადის კონსულტაციებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092386