სხვა

23:31 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოლტმა 100 მეტრზე რბენაში მსოფლიო ჩემპიონის წოდება დაიბრუნა


მოსკოვში მიმდინარე მძლეოსნობის მსოფლიო პირველობის მეორე დღეს უმთავრესი ყურადღება სარბენი ბილიკებისკენ იყო მიპყრობილი – ყველას აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა უსეინ ბოლტი 100 მეტრზე რბენაში ოქროს მოხვეჭას ახალი მსოფლიო რეკორდით. რეკორდი, სამწუხაროდ, არ შედგა – და ამაში თავისი წვლილი წვიმიანმა ამინდმა და პირქარმაც შეიტანა. თუმცა ბოლტმა წვიმასა და ელჭექშიც შეძლო საკმაოდ მაღალი შედეგი – 9,77 წამი – ეჩვენებინა და საკუთარ რეკორდს მხოლოდ 0,19 წამით ჩამორჩა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის მსოფლიო პირველობაზე ბოლტი ამ დისტანციაზე ფინალურ გარბენს ფალსტარტის გამო გამოეთიშა და მის არყოფნაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მისი თანამემამულე იოჰან ბლეიკი დაეუფლა (ეს უკანასკნელი ამჟამად ტრავმირებული გახლავთ). ამიტომაც სამხრეთკორეული დეგუდან მან მხოლოდ ორი – 200 მეტრსა რბენასა და 4X100 ესტაფეტაში მოხვეჭილი – ოქროს წამოღება შეძლო. მისი ამჟამინდელი საუცხოო ფორმისა და ასევე იმის გათვალისწინებითაც, რომ დღევანდელ გარბენში პირველი ხუთი ადგილიდან ოთხი იამაიკელებმა დაიკავეს, მან მოსკოვშიც იმდენივე მედლის მოპოვება უნდა შეძლოს, რამდენიც 2009 წლის ბერლინის მსოფლიო პირველობაზე და პეკინისა (2008) და ლონდონის (2012) ოლიმპიადებზე მოახერხა – ანუ სამის.
ფინიშის ხაზი მეორემ 31 წლის ამერიკელმა, ათენის (2004) ოლიმპიადისა და ჰელსინკის (2005) მსოფლიო პირველობის გამარჯვებულმა ჯასტინ გეტლინმა გადაკვეთა – 9,85. მესამე იამაიკელი ნესტა კარტერი იყო 9,95-ით და მომდევნო ორი ადგილიც იამაიკელებმა – კემარ ბეილი-კოულმა და ნიკელ აშმიდმა – დაიკავეს.
დღეს მოსკოვში მედლების კიდევ ხუთი კომპლექტი გათამაშდა.
ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულმა ქალთა შორის სიგრძეზე ხტომაში, 26 წლის ბრიტნი რიზმა ზედიზედ მესამე მსოფლიო პირველობაზე იმარჯვა. ფინალში ის უკანასკნელი, მე-12, ადგილით და საკმაოდ მოკრძალებული შედეგით – 6,57 მეტრი – გავიდა. და, მართალია, ფანტასტიკური რეზულტატი არც ფინალში უჩვენებია, მაგრამ ფინალისტებიდან ერთადერთმა შეძლო 7 მეტრს გადასცილებოდა – 7,01. შეგახსენებთ, მსოფლიო რეკორდი ამ დისციპლინაში საბჭოელ რუს გალინა ჩისტიაკოვას ეკუთვნის – 1988 წელს ის 7,45 მეტრზე გადახტა.
რიზმა კი მეექვსე დიდ ტურნირზე უკვე მეექვსე ოქრო მოიხვეჭა – ლონდონის ოლიმპიადისა და სამი მსოფლიო პირველობის გარდა მას ასევე ბადალი არ ჰყავდა დოჰასა (2010) და სტამბულის (2012) ღია პირველობებზე დახურულ დარბაზებში.
მეორე ადგილი 24 წლის ნიგერიელმა ბლესინგ ოკაგბარემ დაიკავა. პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი გამარჯვებულს მხოლოდ 2 სმ-ით ჩამორჩა. ბრინჯაოს მედალი 23 წლის სერბ ივანა შპანოვიჩს ხვდა წილად – ის კვარცხლბეკზე სერბეთის ეროვნული რეკორდით ავიდა.
ფინალში მოხვედრილი რუსი სიგრძეზე მხტომელები უმედლოდ დარჩნენ – ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ელენა სოკოლოვა მხოლოდ 6,65 მეტრზე გადახტა, 2011 წლის მსოფლიო პირველობის მეორეადგილოსანი ოლგა კუჩერენკო 6,81-ით მეხუთე ადგილზე გავიდა, ხოლო ორგზის ევროპის ჩემპიონი დარია კლიშინა 6,76-ით მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ბრიტანელმა შარა პროქტორმა, ვინაც შაბათის შესარჩევებში საუკეთესო შედეგი – 6,85 – აჩვენა, ასპარეზობა 6,79-ით დაასრულა.
ქალთა შორის ბადროს ტყორცნაში მსოფლიოს ჩემპიონი, როგორც მოსალოდნელი იყო, 23 წლის ხორვატი სანდრა პერკოვიჩი გახდა. ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულმა და ორგზის ევროპის ჩემპიონმა ბადრო 67,99 მეტრზე ტყორცნა.
მეორე ადგილზე 34 წლის ფრანგი მელინა რობერ-მიშონი გავიდა, რომელმაც კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა – 66,28. ხოლო ბრინჯაო წილად ხვდა შარშანდელი ოლიმპიადისა და 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსავე პრიზიორს, კუბელ იარელის ბარიოსს. 2011 წლის ვერცხლის მედალისტი და 2009 წლის მსოფლიო პირველობის გამარჯვებული, გერმანელი ნადინე მიულერი 64,47-ით სამეულს მიღმა დარჩა. 20 წლის ჩინელი გო სიუ, ვისაც წლეულს პერკოვიჩის შემდეგ საუკეთესო შედეგი ჰქონდა, ასპარეზობას გამოეთიშა, მეორე ჩინელი, წინა მსოფლიო პირველობის ჩემპიონი ლი იანფენი ტურნირში არ მონაწილეობდა.
ქალთა შორის 10 000 მეტრზე რბენაში პირველობა არავის დაუთმო 27 წლის ეთიოპელმა ტირუნეშ დიბაბამ, რომელიც ამ დისტანციაზე უკვე სამგზის (2005, 2007, 2013) მსოფლიო ჩემპიონი და ორგზის (2008, 2012) ოლიმპიური ჩემპიონია.
ათჭიდში გამარჯვება მსოფლიოს რეკორდსმენმა, ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულმა ეშტონ იტონმა მოიპოვა. 25 წლის ამერიკელმა ორ დისციპლინაში – 100 მეტრზე რბენასა და 110 მეტრზე თარჯრბენში იმარჯვა, ხოლო სიგრძეზე ხტომაში მესამე ადგილი დაიკავა და ჯამში 8809 ქულას მოუყარა თავი, რაც 230 ქულით ნაკლებია მის სარეკორდო მაჩვენებელზე, თუმცა მსოფლიო პირველობის მოსაგებად საკმარისი გამოდგა. იტონს საქმე იმანაც გაუადვილა, რომ მისი თანამემამულე, წინა ორი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ტრეი ჰარდი შეჯიბრს გამოეთიშა – მან სიგრძეზე ხტომაში შედეგის დაფიქსირება ვერ შეძლო.
ჩემპიონატის მასპინძლებს პირველი – და საკმაოდ მოულოდნელი – ოქრო ალექსანდრ ივანოვმა მოუტანა 20 კმ-ზე სპორტულ სიარულში. ივანოვმა, რომელიც სულ სამი წელია, რაც ამ სახეობას მისდევს, უდაძაბულეს ბრძოლაში სძლია შარშანდელი ოლიმპიადის გამარჯვებულს, ჩინელ ჩენ დინგს.
ორშაბათს, 12 აგვისტოს, მსოფლიო პირველობაზე მედლების კიდევ 6 კომპლექტი გათამაშდება – კაცებში ჭოკით ხტომაში, უროს ტყორცნასა და 110 მეტრზე თარჯრბენში, ქალებში ბირთვის კვრაში, 100 და 400 მეტრზე რბენაში.

მძლეოსნობა. მსოფლიო პირველობა. მოსკოვი. რუსეთი
11 აგვისტო
კაცები
ათჭიდი
1. ეშტონ იტონი (აშშ) 8809
2. მიხაელ შრადერი (გერმანია) 8670
3. დემიენ უორნერი (კანადა) 8512

სპორტული სიარული. 20 კმ
1. ალეკსანდრ ივანოვი (რუსეთი) 1:20.58
2. ჩენ დინი (ჩინეთი) 1:21.09
3. მიგელ ანხელ ლოპესი (ესპანეთი) 1:21.21

100 მ
1. უსეინ ბოლტი (იამაიკა) 9,77
2. ჯასტინ გეტლინი (აშშ) 9,85
3. ნესტა კარტერი (იამაიკა) 9,95

ქალები
ბადროს ტყორცნა
1. სანდრა პერკოვიჩი 67,99
2. მელინა რობერ-მიშონი (საფრანგეთი) 66,28
3. იარელის ბარიოსი (კუბა) 64,96

სიგრძეზე ხტომა
1. ბრიტნი რიზი (აშშ) 7,01
2. ბლესინგ ოკაგბარე (ნიგერია) 6,99
3. ივანა შპანოვიჩი (სერბეთი)    6,82

10 000 მ
1. ტირუნეშ დიბაბა (ეთიოპია) 30.43,35
2. გლედის ჩერონო (კენია) 30.45,17
3. ბელაინეშ ოლჯირა (ეთიოპია) 30.46,98

საერთო ჩათვლა

1

 

აშშ

2

1

0

3

2

 

ეთიოპია

1

1

1

3

3

 

კენია

1

1

1

3

4

 

იამაიკა

1

0

1

2

5

 

რუსეთი

1

0

0

1

6

 

დიდი ბრიტანეთი

1

0

0

1

7

 

ხორვატია

1

0

0

1

8

 

ნიგერია

0

1

0

1

9

 

იტალია

0

1

0

1

10

 

გერმანია

0

1

0

1

11

 

საფრანგეთი

0

1

0

1

12

 

ჩინეთი

0

1

0

1

13

 

კუბა

0

0

1

1

14

 

ესპანეთი

0

0

1

1

15

 

იაპონია

0

0

1

1

16

 

სერბეთი

0

0

1

1

17

 

კანადა

0

0

1

1

სულ:

8

8

8

24



უსეინ ბოლტის გამარჯვება:
http://www.youtube.com/watch?v=rb2x0rtHD9g

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133397