ამერიკულ ოგდენში სტარტი აიღო მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის მორიგმა ეტაპმა, რომელიც ამავდროულად ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისთვის ბოლო სალიცენზიო ტურნირია, ამდენად, გამორჩეულ ინტერესსაც იწვევს. შეჯიბრზე საქართველოს ქალთა და ვაჟთა გუნდები სამ-სამი მონაწილით გამოდიან: ლაშა ფხაკაძე, ირაკლი ქვლივიძე, თორნიკე რიჟამაძე; ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე.
ოგდენში უკვე შედგა საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელმაც ქართული დელეგაციისთვის სახარბიელი შედეგები ნამდვილად არ მოიტანა. ქალთა ტურნირში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ხათუნა ნარიმანიძემ აჩვენა, რომელიც 641 ქულით მე-20 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში ვენესუელის წარმომადგენელ იერუბი სუარესს (591 ქულა, 93-ე პოზიცია) გაეჯიბრება.
ასმათ დიასამიძეს, რომელმაც 621 ქულით 46-ე საფეხური დაეკავა, მეტოქედ ირანელი მარიამ მაჰმუდისერეშტი (612, 670-ე) ელის. რაც შეეხება ქრისტინე ესებუას, რომელსაც ოლიმპიადის საგზური უკვე ჯიბეში უდევს, ის 589 ქულით მხოლოდ 97-ე გახლდათ და მე-16 საფეხურზე გასულ იაპონელ რენ ჰაიაკავას (643 ქულა) დაუპირისპირდება.
გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა 1851 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა და ბედად, პლეი-ოფის ბოლო საგზური ერგო. ქართველი გოგონები მერვედფინალში 1-ლი განთესვის მქონე მექსიკის გუნდს გაეჯიბრებიან, ამდენად, თავიდანვე ურთულესი შეხვედრა ელით, გამარჯვების შემთხვევაში კი, პოლონეთსა და იტალიას შორის უმჯობესს შეხვდებიან.
ბარემ აქვე შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ სალიცენზიო ტურნირში მხოლოდ იმ ნაკრებების წარმომადგენლები მიიღებენ ჩათვლას, რომლებსაც არცერთი საგზური არ აქვთ, ოღონდ საამისოდ ხუთეულში უნდა მოხვდნენ, გუნდურში საგზურები კი სამეულში გასულებს ერგებათ. როგორც აღვნიშნეთ, ესებუას ლიცენზია უკვე გააჩნია, ამდენად, ქართველ ქალებს ინდივიდუალურში ჩემპიონობაც კი არაფერს მისცემთ, გუნდურში კი ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.
ორივე ასპარეზზე გზა ხსნილი ქართველ ვაჟებს, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ამ მიმართულებით შანსები გაცილებით მცირეა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ლაშა ფხაკაძემ 633 ქულით მხოლოდ მე-60 ადგილი დაიკავა, არადა, მას საქართველოს ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგი (665 ქულა) რომ გაემეორებინა, მე-4 (!) იქნებოდა. პლეი-ოფში ფხაკაძე ბრიტანელ ალან უილსს (634, 53-ე) გაეჯიბრება. ირაკლი ქვლივიძემ 602 ქულა დააგროვა და 162 მონაწილეს შორის 122-ე ადგილზე გავიდა, თორნიკე რიჟამაძემ კი 597 ქულით 126-ე შედეგი აჩვენა.







