სხვა

23:08 | 26.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო დღის გვეიმედება

მეორე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ფინიშს მიუახლოვდა. ქართველ ოლიმპიელთა უმეტესობამ უკვე დაასრულა შეჯიბრება. ძიუდოისტთა ტურნირზე თამაზ კირაკოზაშვილის მიერ 18 აგვისტოს მოპოვებული ვერცხლის მედალი ჯერჯერობით ერთადერთი ჯილდოა.

27 აგვისტოს ბრძოლაში ჩაებმებიან ჩვენი თავისუფალი სტილის მოჭიდავეები – ივერიკო ჯულაყიძე (63 კგ.) და მექი სიმონია (76 კგ.). ისინი ევროპის წლევანდელი ასაკობრივი ჩემპიონატის პრიზიორები არიან, მზადების ბოლო ორკვირიანი ეტაპი ნანძინში გაიარეს და, იმედია, ღირსეულად იასპარეზებენ წლის უმთავრეს შეჯიბრებაში.

ისე მოხდა, რომ ჭიდაობის მეორე სახეობაში – ბერძნულ-რომაულში – ჩვენმა სპორტსმენებმა ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლეს (სალიცენზიო შეჯიბრებებზე სწორედ იმ წონით კატეგორიებში მოეცარათ ხელი, რომლებშიც ოლიმპიური მედლები თამაშდება), სამაგიეროდ ნანძინის საგზური ჩვენს ოთხ მძლეოსანს ერგო.

მათგან საპრიზო ადგილზე გასვლის მეტნაკლები შანსი ჰქონდა სიგრძეზე მხტომელ მარი ძაგნიძეს, რომელმაც საბოლოოდ მხოლოდ მეშვიდე ადგილის მოპოვება შეძლო. სამხტომში ასევე მეშვიდე ადგილი დაიკავა გოგა მაღლაკელიძემ. მან ფინალურ ეტაპზე 14,82 მ აჩვენა. საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი მუჯარიძემ ბირთვი 17,47 მეტრზე ჰკრა და ძირითად ფინალში ვერ მოხდა, მეორე ფინალურ ჯგუფში კი თავისი შედეგი 43 სანტიმეტრით გააუმჯობესა (17,90) და ტურნირი მეათე შედეგით დაასრულა. უროს ტყორცნაში ასევე B ფინალში გამოვიდა გიორგი ონიანი (საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში მხოლოდ მე-15 იყო – 59,82), რომელმაც საბოლოოდ მე-13 ადგილი დაიკავა – 64.92 მ.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121721