კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას ქალთა საჩოგბურთო ტურნირი პრესტიჟულობით მაინცა და მაინც ვერ დაიკვეხნის, თუმცა ნარკომაფიის ქვეყანაში ამ დღეებში მიმდინარე შეჯიბრებამ გულშემატკივართა ყურადღება მაინც მიიპყრო. საქმე ისაა, რომ ბოგოტას ტურნირის მეოთხედფინალამდე ასპარეზობაზე განთესილი ვერც ერთი ჩოგბურთელი ვერ გავიდა. „ბოლო იმედი“, შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილი ახალზელანდიელი მარინა ერაკოვიჩი (სადღეისოდ პლანეტის ქალთა კლასიფიკაციის 58-ე ნომერი) იყო, თუმცა მან რუმინელ ედინა გალოვიც-ჰოლთან მერვედფინალში 4:6, 4:6 წააგო. ასე და ამგვარად, ბოგოტას წლევანდელი შეჯიბრების მეოთხედფინალში გასულ ჩოგბურთელთაგან არცერთი არაა მსოფლიოს რეიტინგსიის წამყვანი ასეულის წევრი.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ უკანასკნელად საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალმა განთესილი მოთამაშეების გარეშე 2009 წელს ჩაიარა. ეს ავსტრალიის შემადგენელი კუნძულის ტასმანიას დედაქალაქ ჰობარტის შეჯიბრების მსვლელობისას მოხდა.







