ფიფას პრეზიდენტის მომავალ არჩევნებზე კანდიდატურების რეგისტრაცია 1 აპრილს დასრულდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მოქმედ თავკაცს, ზეპ ბლატერს მხოლოდ ერთი კონკურენტი ეყოლება - აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი მოჰამედ ბინ ჰამამი.
როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, ბლატერი და ჰამამი კანდიდატებად ოფიციალურად ორშაბათს დარეგისტრირდებიან, როდესაც ყველა სავალდებულო პროცედურას გაივლიან.
ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა ამერიკული გამოცემა Sports Illustrated-ის საფეხბურთო მიმოხილველმა, გრანტ უოლმაც წარადგინა, რომელიც ფიფას კორუმპირებულ ორგანიზაციად მიიჩნევს და მის წინააღდეგ ილაშქრებს, მაგრამ საბოლოოდ, მან რეგისტრაცია ვერ გაიარა.
“ფიფა, რომ ნამდვილად დემოკრატიული ორგანიზაცია იყოს, მე არა მხოლოდ კანდიდატი ვიქნებოდი, არამედ, ბლატერსა და ბინ ჰამამს დავამარცხებდი. ამაში დარწმუნებული ვარ!” – აღნიშნა უოლმა მის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში.
ფიფას პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 1 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, ამავე ორგანიზაციის კონგრესზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ 75 წლის შვეიცარიელი ბლატერი, ფიფას 1998 წლის 8 ივნისიდან ხელმძღვანელობს, როდესაც ბრაზილიელი ჟოაო აველანჟი შეცვალა. რაც შეეხება 61 წლის ბინ ჰამამს, ის ყატარელია და აზიის ფეხბურთის კონფედერაციას სათავეში 2002 წლის აგვისტოდან უდგას.









