ჩემპიონთა ლიგა დღეს კიდევ 4 გუნდისთვის განახლდება. სამშაბათის წყვილებიდან ერთს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. რაც შეეხება მეორეს, არცერთი გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლა არ იქნება სენსაცია, მაგრამ მაინც - როგორც “შტუტგარტი”-”ბარსელონას”, ასევე “ოლიმპიაკოსი”-”ბორდოს” დაპირისპირებაში უპირატესობა სტუმარი გუნდის მხარესაა.
შტუტგარტი-ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებული, რომელიც მიმდინარე სეზონშიც ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსით სარგებლობს, 1/8 ფინალურ ეტაპში დღეს ერთვება.
კატალონიელთა დღევანდელი მეტოქე ის “შტუტგარტი” იქნება, რომელსაც “ბარსა” აქამდე ორჯერ შეხვედრია. 2007 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, გერმანიაში გამართული პირველი მატჩი სტუმრებმა პუიოლის და მესის გოლებით 2:0 მოიგეს. ორბურთიანი სხვაობით იმარჯვეს კატალონიელებმა განმეორებით მატჩშიც, ამჯერად 3:1. მასპინძელთაგან გოლები ჯოვანი დოს სანტოსმა, სამუელ ეტოომ და რონალდინიომ გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი და სილვამ გამოიჩინა.
ესპანურ კლუბებს “შტუტგარტი” სულ 11-ჯერ შეხვედრია, საიდანაც “შვაბებმა” მხოლოდ 1 მოიგეს, 3 ფრედ ითამაშეს და 7 დათმეს. საკუთარ კედლებში გერმანელებმა 5 მატჩიდან 1 მოიგეს, ამდენივე ფრედ ითამაშეს და 3 წააგეს.
“ბარსელონას” გერმანულ კლუბებთან გამართულ 47 თამაშში 26 მოგება, 10 ფრე და 11 წაგება დაუგროვდა. გასვლაზე კატალონიელებმა 20 მცდელობიდან 8-ჯერ მოიგეს, 7-ჯერ ფრედ ითამაშეს და 5-ჯერ წააგეს. გერმანიაში გამართული ბოლო 6 მატჩიდან “ბარსამ” 4 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა. უკანასკნელად “ბარსას” გერმანიის ყველა დროის საუკეთესო გუნდთან, “ბაიერნთან” მოუწია შეხვედრა და ორრაუნდიანი დაპირისპირება კატალონიელებმა 5:1 მოიგეს.
მას შემდეგ, რაც 2007-2008 წლების სეზონი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში “ბარსელონა” “მანჩესტერთან” დამარცხდა, კატალონიელებმა ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტურნირზე 9 გასვლითი მატჩი ჩაატარეს, რომელთაგან 4 მოიგეს და 5 ფრედ ითამაშეს.
მატჩს დამატებით ინტრიგას სძენს ალექსანდრ გლების ფაქტორი. ბელორუსი ფეხბურთელი “ბარსელონას” საკუთრებაა, მაგრამ კატალონიურ კლუბში გატარებული ერთი სეზონის განმავლობაში პეპ გვარდიოლას ნდობის მოპოვება ვერ მოახერხა და იძულებული გახდა ძველ გუნდში იჯარის წესით დაბრუნებულიყო. გლები შეეცდება კატალონიელებს თავისი კლასი უკვე მათ წინააღმდეგ კარგი თამაშით დაუმტკიცოს. მატჩის წინ ბელორუსმა ფეხბურთელმა გამოთქვა კიდეც ვალდესის კარის დალაშქვრის სურვილი.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგაც გვარდიოლას გუნდის დაცვას ყურადღებით მოუწევს თამაში, არის კაკაუ. მართალია მთელი სეზონის განმავლობაში გერმანელ ფორვარდს თავი დიდით არაფრით გამოუჩენია, მაგრამ ბუნდესლიგის ბოლო ტურში ერთბაშად ოთხი გოლი გაიტანა და კატალონიელებთან მატჩს შესანიშნავი განწყობით ხვდება. მასპინძელთა მისია კი გაცილებით რთული შესასრულებელია - მათ უნდა მოახერხონ იმ “ბარსელონას” შეჩერება, რომლის ფაქტიურად ყველა ფეხბურთელი ვარსკვლავია.
“შტუტგარტის” დამრიგებელი, კრისტიან გროსი “ბარსელონას” აქამდეც შეხვედრია, მაგრამ მასთან არცთუ სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს. როდესაც შვეიცარიელი სპეციალისტი “ბაზელს” წვრთნიდა, მისი გუნდი კატალონიელებთან შინ 0:5 დამარცხდა, მაგრამ გასვლაზე შვეიცარიელებმა 1:1 თამაში მოახერხეს. გერმანული გუნდის კიდევ 2 წევრი, რომლებსაც “ბარსასთან” ცუდი მოგონებები აკავშირებთ, არიან ლემანი და გლები. ისინი იმ “არსენალში” თამაშობდნენ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსასთან” 1:2 წააგო. ლემანი მატჩის დროს მოედნიდან გააძევეს.
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ “შტუტგარტის” სალიგო განაცხადს კრისტიან მოლინარო, მარტინ ლანიგი და კლემენს ვალხი დაემატნენ, ხოლო შიმაკი, ჰიტცლშპერგერი, მანინი და ელსონი გამოაკლდნენ. რაც შეეხება “ბარსას”, ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ მომხდარა.
თუ რა ტაქტიკას აირჩევს დღევანდელი მატჩისთვის პეპ გვარდიოლა, ეს ყველასთვის ნათელია. კატალონიელებს ტურნირზე მონაწილე ყველა დანარჩენ გუნდზე ბევრად უკეთ გამოსდით ბურთის კონტროლი. განვლილ 6 შეხვედრაში “ბარსას” ფეხბურთელები საშუალოდ ბურთს სათამაშო დროის 68,67% (50 წუთი) ფლობდნენ. არცერთი სხვა გუნდის მაჩვენებელი 60 პროცენტსაც კი არ აღწევს.
ჯგუფური ეტაპის შედეგების გათვალისწინებით, “ბარსელონას” მთავარი მიზანი უნდა იყოს პირველ 15 წუთში გოლის არგაშვება. განვლილ 6 შეხვედრაში გატანილი 9 გოლიდან 4 გერმანელებმა სწორედ დროის ამ მონაკვეთში გაიტანეს.
ტრავმების გამო მასპინძლებს მარტინ ლანიგი, სამი ხედირა და ართურ ბოკა დააკლდებიან. სტუმრები იმავე მიზეზით მოისაკლისებენ აბიდალს, კეიტას, ხავის და დანი ალვეშს. ჩავი და ალვეში გვარდიოლამ გერმანიაში კი იახლა, მაგრამ სავარაუდოდ მაინც არ გარისკავს მათ მოედანზე შეშვებას. საეჭვოა ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაშიც, რომელმაც მცირე ტრავმის გამო ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი გამოტოვა. მაგრამ ივარაუდება, რომ შვედი გამოჯანმრთელებას მოასწრებს.
დისკვალიფიკაციებთან დაკავშირებით გუნდებს პრობლემები არ აქვთ. იმისათვის, რომ განმეორებით მატჩშიც ანალოგიური მდგომარეობა იყოს, დღეს კარლეს პუიოლს ფრთხილად მოუწევს თამაში.
შიდა ასპარეზზე ორივე გუნდმა ბოლო მატჩი ოთხბურთიანი სხვაობით მოიგო, რითიც მანამდე განცდილი მარცხის შემდეგ ხასიათი გამოიკეთა. “შტუტგარტმა” “კიოლნს” გასვლაზე სძლია 5:1 და 23 თამაშში მოპოვებული 31 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება “ბარსელონას”, მან “რასინგი” შინ 4:0 დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა.
მატჩს ჰოლანდიელი არბიტრი, ბიორნ კუიპერსი განსჯის. “ბარსელონას” შეხვედრაში ჰოლანდილებმა ერთხელ უკვე იმსაჯა. მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე კატალონილებმა კიევის “დინამო” შინ 2:0 დაამარცხეს. კუიპერსს მონაწილეობა აქვს მიღებული “შტუტგარტის” ერთ მატჩშიც. გერმანელებმა 2009 წელს, უეფას თასის 1/16 ფინალში “ზენიტთან” გასვლაზე 1:2 წააგეს.
სავარაუდო შემადგენლობები
შტუტგარტი: ლემანი, ჩელოცი, ტასკი, დელპიერე, მოლინარო, გებარტი, კუზმანოვიჩი, ტრეში, გლები, კაკაუ, პოგრებნიაკი
ბარსელონა: ვალდესი, პუიოლი, პიკე, მარკესი, მაქსველი, ბუსკეტსი, ტურე, ინიესტა, მესი, იბრაჰიმოვიჩი, ანრი
ოლიმპიაკოსი-ბორდო
ფრანგული კლუბის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას შეგვიძლია სენსაციური ვუწოდოთ. საფრანგეთის ჩემპიონებმა ჯგუფი, რომელშიც “ბაიერნი” და “იუვენტუსი” ასპარეზობდნენ, ერთი ამოსუნთქვით განვლეს და ვადაზე ადრე გაინაღდეს არათუ 1/8 ფინალის საგზური, არამედ ჯგუფში პირველი ადგილი.
ლორან ბლანის მეტოქე პირველ საფლეიოფო მატჩში “ოლიმპიაკოსი” იქნება. ბერძნულმა კლუბმა “არსენალის”, “სტანდარტის” და “ალკმაარის” ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა ლონდონელების შემდეგ.
გუნდები ერთმანეთს აქამდე არასდროს შეხვედრიან.
“ოლიმპიაკოსს” ფრანგულ კლუბებთან გამართული 20 შეხვედრიდან 7 აქვს მოგებული, 3 ფრედ დასრულებული და 10 წაგებული. საკუთარ კედლებში თემურ ქეცბაიას ყოფილმა კლუბმა 10 მატჩიდან 5 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 3 დათმო. საკუთარ კედლებში ფრანგულ კლუბებთან გამართული ბოლო ორი მატჩი “ოლიმპიაკოსმა” წააგო და საერთო ჯამში 7 ბურთი გაუშვა.
“ბორდოს” საბერძნეთის წარმომადგენლებთან გამართული ერთადერთი შეხვედრა გასვლაზე 3:2 აქვს მოგებული.
ფრანგული კლუბის დამრიგებელმა, ლორან ბლანმა ევროტურნირებზე თავისი ბოლო გოლი სწორედ “ოლიმპიაკოსის” კარში გაიტანა. 2002 წლის 23 ოქტომბერს მისმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” საბერძნეთში 3:2 იმარჯვა. ფრანგმა მცველმა სწორედ იმ მატჩში გამოიჩინა თავი. გარდა იმ შეხვედრისა, ბლანს “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ კიდევ სამ მატჩში უთამაშია და ბერძნები სამივეჯერ დამარცხდნენ ანგარიშებით 0:2, 0:3 და 0:4.
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ ბერძნული კლუბის სალიგო განაცხადს დაემატნენ ხესუს დატოლო და ლომანა ლუალუა, ხოლო გამოაკლდნენ ლუსიანო გალეტი, ლოანის პაპადოპულოსი და გეორგიოს კაციკოგიანისი.
რაც შეეხებათ ფრანგებს, მათ ზამთარში არავინ დაუმატებიათ, გამოკლებით კი პოლ ლასნე გამოაკლდათ.
დღევანდელი მატჩი საიუბილეო იქნება “ოლიმპიაკოსისთვის”. ბერძნული კლუბი ევროტურნირებზე თავის მე-200 შეხვედრას ჩაატარებს.
შესაძლოა საიუბილეოდ იქცეს მატჩი “ბორდოსთვის”, რომელსაც ჩემპიონთა თასზე 49 გოლი აქვს გატანილი.
“ბორდო” ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გუნდია. გრანდებს ჯგუფში მხოლოდ 2 ქულა აქვთ დაკარგული, ხოლო მათ კარში მეტოქეებმა 6 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანეს. ორივე ამ მაჩვენებელში საფრანგეთის ჩემპიონები საუკეთესონი არიან.
თუ “ბორდო” ცოტას გაშვებით გამოირჩევა, “ოლიმპიაკოსს” თავად გააქვს ცოტა. ბერძნულმა კლუბმა 6 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, რაც გათამაშებას შემორჩენილ გუნდთაგან ყველაზე ცუდი შედეგია.
ტრავმების გამო მასპინძლებს დღეს დუდუ და დიეგო დააკლდებიან. სტუმრებს იმავე მიზეზით ალუ დიარას სამსახურზე მოუწევთ უარის თქმა.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არცერთ გუნდს არ ჰყავს. ფრთხილად თამაში მოუწევთ მასპინძელთაგან რაულ ბრავოს, ხოლო სტუმართაგან მარკ პლანუსს.
“ოლიმპიაკოსი” საბერძნეთის ჩემპიონატში ბოლო 4 მატჩია წაუგებლად ასპარეზობს და 23 თამაშში მოპოვებული 50 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, ხოლო ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება.
საფრანგეთის ჩემპიონმა შიდა ასპარეზზე ორმატჩიანი მოუგებელი სერია ბოლო ტურში შეწყვიტა და 24 თამაშში მოპოვებული 51 ქულით, გათამაშებას სამქულიანი უპირატესობით ლიდერობს, თუმცა მდევრებზე ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.
შეხვედრას ინგლისელი არბიტრი, ჰოვარდ ვები მოემსახურება, რომელიც ორივე გუნდის მატჩს პირველად იმსაჯებს.
სავარაუდო შემადგენლობები
ოლიმპიაკოსი: ნიკოპოლოდისი, გალიციოსი, ზევლაკოვი, ლემბერგი, ბრავო, ზაირი, ოსკარი, მარესკა, დატოლო, ოსკარი, მიტროღლუ
ბორდო: კარასო, შალმე, სიანი, პლანუსი, ტრემულინასი, ფერნანდო, პლაზილი, გუფრანი, გურკუფი, ვენდელი, შამახი.
მიშა ზაქარეიშვილი







