ვინც 5 ივლისს "ტორპედო"-"აკტობეს" თამაშს უყურა, დაგვეთანხმება, რომ ორივე გუნდიდან მოედანზე ყველაზე შესამჩნევი ფიგურა სტუმართა უზბეკი ლეგიონერი მარატ ბიკმაევი გახლდათ. შუააზიელმა ფორვარდმა, ქუთაისური გუნდის მცველები მთელი მატჩის განმავლობაში დაძაბულობის ქვეშ ამყოფა. თამაშის დასრულების შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს ინტერვიუ ვთხოვეთ და ისიც დაუზარებლად დაგვთანხმდა.
- მარატ, პირველ რიგში დღევანდელ მატჩზე რას გვეტყვით?
- საკმაოდ რთული შეხვედრა გვქონდა, თუმცა ამას ველოდით კიდეც. ისე, მოგება გვსურდა და ალბათ შეგვეძლო კიდეც, მაგრამ არც ფრე უნდა იყოს ასეთ მეტოქესთან ურიგო შედეგი.
- "ტორპედომ" რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?
- ძალიან კარგი გუნდი გყავთ. ტექნიკურ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს. კარგად უტევენ და თავსაც იცავვენ. ამას დაამატეთ ის ქომაგობა, რომელიც დღეს სტადიონზე იყო. ერთიანობაში "ტორპედო" მომეწონა და დღევანდელი შედეგითაც კმაყოფილი ვარ.
- განმეორებითი მატჩის წინ, მეტოქე გუნდების შანსებს როგორ შეაფასებდით?
- 50/50-ზე, მართალია შინ გვიწევს თამაში, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ იქ ყველაფერი თავიდან დაიწყება. მართალია, დღეს, მთელ რიგ მომენტებში, ჩვენ ვაკონტროლებდით სიტუაციას, მაგრამ, რა იქნება ერთი კვირის შემდეგ, პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება. ამასთანავე ჩვენ გუნდს ძალზე გადატვირთული გრაფიკი აქვს.
- "აკტობემდე" სად თამაშობდით?
- მე თავიდან ტაშკენტის "ფახთაქორში" ვირიცხებოდი, შემდეგ გადავედი სამარის "კრილია სოვეტოვში", საიდანაც ჯერ ყაზანის "რუბინში" , ხოლო შემდეგ ნალჩიკის "სპარტაკში" მოვხვდი. 2010 წლიდან კი ვლადიკავკაზის "ალანიას" ღირსებას ვიცავდი. დიდ ხანი არაა არს, რაც "აკტობეში" გადმოვედი. მართალია, რუსულ კლუბებში ჩემი კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც მსურდა, მაგრამ იმედი მაქვს, კიდევ მექნება პრემიერლიგაში დაბრუნების საშუალება.
- ქართულ ფეხბურთზე რა წარმოდგენა გაქვთ?
- დავიწყებ იმით, რომ არაერთი ქართველი მეგობარი მყავს, რომლებთანაც სხვადასხვა კლუბებში მითამაშნია. გოგიტა გოგუა, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე და კიდევ სხვები თავიანთ კლუბებში წამყვან პოზიციებზე იყვნენ. ძველად ქართველები ინდივიდუალური თამაშით გამოირჩეოდით, ყველა საკუთარი თავისთვის თამაშობდა, ახლა კი გუნდურ თამაშს უმატეთ. ჩვენ ვნახეთ ~ტორპედო~- თბილისის "დინამოს" შეხვედრის ჩანაწერი და ამ მატჩში ჩანდა, რომ ორივე გუნდი სათამაშო ორგანიზაციის კუთხით გამორჩეული იყო. ფეხბურთელები ბურთს კარგად აგორებდნენ, ცვლიდნენ თამაშის ტემპს და კომბინაციებსაც ხშირად მიმართავდნენ.
- ქუთაისზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ძალიან კარგი ქალაქია ლამაზი საფეხბურთო მოედნით. მადლობა გულშემატკივრებს თამაშის გალამაზებისათვის. პირადად მე კი უფრო სასიამოვნო მოგონება დამრჩება თქვენს ქალაქზე, აქ ხომ საკმაოდ მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე ჩემი გუნდისათვის.
ზაზა ლეთოდიანი ქუთაისიდან







