მალე სტარტს აიღებს საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მე-20 ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც ოქტომბერში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ქართულ კალათბურთში რამდენიმე სიახლე განხორციელდა და კიდევ იგეგმება სიახლეების განხორციელება.
ქართულ კალათბურთში მომხდარ და მოსალოდნელ სიახლეებთან დაკავშირეით, მოვუსმინოთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა.
- რამდენად შეეფერება სიმართლეს, რომ საქართველო და მისი რამდენიმე მეზობელი ქვეყანა, გაერთიანებული საკალათბურთო ჩემპიონატის ჩატარებას აპირებს?
- ჯერჯერობით, ეს საკითხი მხოლოდ განხილვის პროცესშია. საქართველოსთან ერთად, გაერთიანებულ ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი უკრაინამ, ბელარუსმა, თურქეთმა და აზერბაიჯანმა გამოთქვეს.
- ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში, როდის ჩატარდება აღნიშნული ჩემპიონატი?
- აღნიშნული ჩემპიონატის ჩატარება ამ სეზონში ვერ მოხერხდება. იგი სტარტს 2011-2012 წლების საკალათბურთო სეზონში აიღებს.
- გაერთიანებული ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებს, რამდენი გუნდის გამოყვანის უფლება ექნებათ?
- რამდენი გუნდის გამოყვანის შესაძლებლობაც ექნებათ, იმდენს გამოიყვანენ.
- საქართველო რამდენი გუნდის გამოყვანას აპირებს?
- საქართველოდან, თბილისის “დინამო” და ბათუმის გუნდი იასპარეზებენ.
- რატომ გაკეთდა ამ გუნდებზე აქცენტი, როცა “ენერჯი ინვესტმა” ზედიზედ მეოთხედ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი?
- საერთაშორისო სარბიელზე ყველაზე ცნობადი “დინამოა”. რაც შეეხება ბათუმს, მას დიდ მხარდაჭერას უცხადებს ადგილობრივი ხელმძღვანელობა და სხვა გუნდებისგან განსხვავებით, თურქეთთან, უკრაინასთან და ბელარუსთანაც ახლოს მდებარეობს.
- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თუ არის რაიმე სიახლე?
- სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფ უმაღლეს სასწავლებლებს დაევალათ, მინიმუმ, 200 ათასი ლარის გამოყოფა საკალათბურთო გუნდებისათვის. ვინც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას მოისურვებს, შეიძლება, გუნდის ბიუჯეტი გაეზარდოს.
- რომელ უმაღლეს სასწავლებლებზეა საუბარი?
- ესენი არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები. აღნიშნულ უნივესიტეტებს, გუნდები უმაღლეს ლიგაშიც ეყოლებათ.
- საიუბილეო, მე-20 ეროვნულ ჩემპიონატში, სულ რამდენი გუნდი იასპარეზებს?
- კალათბურთის ფედერაციაში ჯერ განაცხადი არავის შემოუტანია. განაცხადის ბოლო დღე 17 სექტემბერია. ამის შემდეგ გახდება მე-20 ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობა ცნობილი.
- 2009 წელს, თბილისში იმყოფებოდა ფიბა-ევროპის გენერალური მდივანი ნარ ძანოლინი, რომელიც დაგვპირდა, თუ 3-4 დარბაზი გექნებათ, რომლებიც საერთაშორსო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ერთ-ერთ ასაკობრივ (16,18,20) ჯგუფში, 2011 წელს ევროპის ჩემპიონატს ჩავატარებთო. საერთაშორისო მოთხოვნებს, მხოლოდ თბილისის სპორტის სასახლე აკმაყოფილებს. ძანოლინის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, დაიგეგმა ვერის ბაღში მდებარე მიხეილ კეკელიძის სახელობის, სპორტის დეპარტამენტისა და ასკ-ს დარბაზის გარემონტება. ახლოვდება 2011 წელი. რა მდგომარეობაა ზემოთ ნახსენებ გასარემონტებელ დარბაზებში?
- სარემონტო სამუშაოები მხოლოდ სპორტის დეპარტამენტის დარბაზში მიმდინარეობს. დანარჩენ დარბაზებში კი, სარემონტო სამუშაოები არც კი დაწყებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ასაკობრივ ჯგუფს თბილისი ვეღარ უმასპინძლებს.
- ბოლო დრომდე უცნობი იყო ვერის ბაღში მდებარე მიხეილ კეკელიძის სახეობის საკალათბურთო დარბაზის მფლობელის ვინაობა...
- ვერის ბაღში მდებარე მიხეილ კეკელიძის სახელობის საკალათბურთო დარბაზის ახალი მეპატრონე თბილისის მერიაა.
- ვერის ბაღში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩები თუ ჩატარდება?
- აღნიშნული დარბაზი იმდენად სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, რომ თუ არ გარემონტდა, იქ ვერც ეროვნული ჩემპიონატის საკალათბურთო მატჩები ჩატარდება.
როლანდ ლაბუჩიძე







