ძიუდო

18:13 | 13.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ღვინიაშვილი – ტრიუმფალური სეზონი გრძელდება!

ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტ ბექა ღვინიაშვილს ტრიუმფალური სეზონი აქვს. მან წელი საქართველოს პირველობაზე მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო, რასაც ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოაყოლა, მერე ორ საერთაშორისო ტურნირზე იმარჯვა, ხოლო ივლისის მიწურულს ოლიმპიური ფესტივალიდანაც ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა. დღეს კი, ქართველმა ტალანტმა უკრაინის ქალაქ კიევში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზეც ჩინებულად იჭიდავა და 81 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი არავის დაუთმო.
აღსანიშნავია, რომ ღვინიაშვილმა ხუთივე შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა. საწყის რაუნდებში ბექამ სამხრეთკორეელი იონგილ კიმი, ბოსნიელი მურის ისმალოვიჩი და უზბეკი მუხრიდინ მირზაიოროვი დააიპონა, გადამწყვეტ შეხვედრებში კი უკრაინელებს აჯობა.
ნახევარფინალში ქართველმა მასპინძელთა სახელით მოასპარეზე დავით ხარებავა დაჯაბნა, ხოლო ფინალურ შერკინებაში კიდევ ერთი უკრაინელი ბოჰდან ზუსკო საიპონედ წუთსა და 19 წამში შებოჭა.
საერთოდაც, მსოფლიოს ჩემპიონატის საწყისი ორი დღისგან განსხვავებით, მესამე დღე ქართული დელეგაციისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ღვინიაშვილის გარდა, ვაჟთა ნაკრებიდან ტატამზე კიდევ სამი წევრი გავიდა და უმედლოდ მხოლოდ ერთი დარჩა – 81 კგ-შივე ჯაბა კაპანაძემ რუს ალექსანდრ პეტრუნიას კი სძლია, თუმცა, მერვედფინალში მომავალ ფინალიტს ზუსკოსთან იპონით დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი – ვერცხლი და ბრინჯაო მოპოვა 73 კგ. წონით კატეგორიაში. ბექა დონღვანმა გზიდან ამერიკელი რიკარდო მენენდეზი, ხორვატი როკო სტეპო, სერბი დრაგო ბანიაჩი, რუსი რუსტამ გერეკოვი და კანადელი ლუის კრიბერ განიონი ჩამოიცილა, ფინალში კი რუს სულეიმან ვიშეგუროვს ღირსეულად დაუდგა, თუმცა, ორი გაფრთხილების გამო წააგო.
ამავე წონაში, დონღვანის მიერ ნახევარფინალში დამარცხებული კანადელის ძლევის ხარჯზე, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ლევან გუგავა. ამ უკანასკნელმა, საწყის რაუნდებში უკრაინის სახელით მოჭიდავე რამაზ მუთოშვილს, მოლდოველ კრისპინ როტარისა და ბერძენ ლევან გუგავას აჯობა, მეოთხედფინალში კი ქართველთათვის გადაულახავ ბარიერად ქცეულ ვიშეგუროვთან ვერაფერს გახდა.
რეპეშაჟში ლევანმა ჰოლანდიელი რექს სტოელინგა დაჩაგრა, მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში კი, როგორც აღვნიშნეთ, ლუის კრიბერ განიონს აჯობა.
ამგვარად, ქართულმა დელეგაციამ თავი თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალს მოუყარა და გუნდურ პირველობაში მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. საქართველოს ნაკრებს ვაჟთა ჩათვლაში მეოთხე ადგილი უკავია, წინ კი რუსეთი (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯო), იაპონია (2, 1, 1) და უკრაინა (1, 1, 1, 3 მეხუთე ადგილი) არიან.
ტურნირის დასკვნით დღეს, 14 აგვისტოს, საქმეში კიდევ ოთხ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. 90 კგ-ში გურამ თუშიშვილი რუს ალექსანდრ გრაჩევს დაუპირისპირდება, ხოლო შალვა ჩოჩელი – სერბ ნემანია ნიკოლიჩს. მძიმე წონაში ზაზა ხუბულურის მეტოქე სამხრეთკორეელი ჰიუნბინ ჩო იქნება, ხოლო გიორგი ლაზუაშვილისა – ფრანგი სიმონ ჰამელი.
გოგონათა ნაკრებიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა მარიამ ჯანაშვილმა (57 კგ.), რომელმაც ეგვიპტელი და ყირგიზი მეტოქეები “სუფთად” დაამარცხა, მეოთხედფინალში რუმინელ მოწინააღმდეგესთან მარცხს კი რეპეშაჟში იტალიელთან წაგებაც მიაყოლა და საბოლოოდ, მეშვიდე ადგილი დაიკავა. 63 კგ-ში ანი მინდიაშვილი პირველ წრეში თურქ გოგონასთან დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171332