კალათბურთი

21:49 | 21.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ჩიკვილაძე: “მინდა, ისეთ გუნდში ვითამაშო, რომელსაც საჩემპიონო ამბიცია ექნება”

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მე-20 ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ბოლო ტურში, გამორჩეულ ინტერესს იწვევდა სტუდენტური დერბი, რომელშიც ერთმანეთს სტუ და სსაუ ხვდებოდნენ. გამარჯვების შემთხვევაში, სტუ მომდევნო ეტაპზე გადიოდა, რაც შეეხება სსაუ-ს, “აგრონომებს” ფლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდა. ამის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კალათბურთელებმა ტოლი არ დაუდეს მეტოქეს და საფინალო სირენამდე სამიოდე წუთით ადრე, ანგარიში სამ ქულამდე (57:60) შეამცირეს. “ტექნიკოსებს” მხსნელად გუნდის ლიდერი და რეგულარული პირველობის ბომბარდირი, უკანახაზელი ბექა ჩიკვილაძე მოევლინა, რომელმაც ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში, ყველაზე მეტი – 20 ქულა დააგროვა და სტუ-ს გამარჯვებასა და გუნდის მიერ ფლეი ოფის საგზურის მოპოვებაში ლომის წილი შეიტანა.
ამავე ტურში, საუკეთესო იყო შსს-ს უკანახაზელი ბესო ლეჟავა, რომელმაც “ძალოვნების” მიერ “სოხუმის” დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა. რადგან თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი იყო ორივე კალათბურთელის დამსახურება, ჟურნალისტებმა ტურის MVP-დ ბექა ჩიკვილაძე და ბესო ლეჟავა დაასახელეს.
გთავაზობთ, ინტერვიუს სტუ-ს უკანახაზელ ბექა ჩიკვილაძესთან, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა.
- მეოთხედფინალში კიდევ ერთი სტუდენტური დერბი გელოდებათ, სადაც ამჯერად, თქვენი მეტოქე თსუ იქნება. თსუ-სტუ-ს მეოთხედფინალური მატჩების სერიაში ფავორიტად ვის თვლით ?

- სტუ-ს ხელმძღვანელობის დავალება მომდევნო ეტაპზე გასვლა, ანუ რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა იყო. რა თქმა უნდა, არც ნახევარფინალის საგზურზე ვიტყვით უარს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ თსუ-მ, ანუ ჩვენმა მეტოქემ რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა და სტუ-ზე უფრო გამოცდილი და ძლიერი კალათბურთელები ჰყავთ, აღნიშნულიდან გამომდინარე, ფავორიტად თსუ-ს ვთვლი და ნახევარფინალური საგზურის მოპოვება ძალიან გაგვიჭირდება.
- სუპერლიგის ბოლო ტურში, სტუ-სსაუ-ს მატჩზე რას გვეტყვით. თქვენი აზრით, რატომ გახდით ტურის MVP?
- მართალია, თამაშის მიწურულს მნიშვნელოვანი სამქულიანები ჩავყარე, ყველაზე შედეგიანი (20ქ) ვიყავი და თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შევიტანე, მაგრამ ჩემი თამაშით მაინც უკმაყოფილო ვარ.
- უკეთ თამაში თუ შეგეძლოთ, ხელი რამ შეგიშალათ?
- გავცივდი. სიცხე მქონდა და ორი დღე ვიწექი. მართალია, სსაუ-თან მატჩის დროს სიცხე აღარ მქონდა, მაგრამ სუსტად ვიყავი, შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოვავლინე და ამიტომ დავრჩი ჩემი თამაშით უკმაყოფილო.
- რეგულარულ ჩემპიონატში თუ დარჩით თქვენი თამაშით კმაყოფილი?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდი (24 ქულა საშუალოდ ერთ შეხვედრაში), ცუდად არ მითამაშია. აქვე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სტუ-ს მთავარ მწვრთნელ ზურაბ ტომარაძეს, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის სტუ-ს წარმატებაში. მე-7 ადგილზე გასულმა სტუ-მ, უკან “ენერჯი ინვესტი”, “ბათუმი”, სსაუ და “დინამო” ჩამოიტოვა, რომელთაც შესაბამისად, VIII-XI ადგილები დაიკავეს.
- თუ იცით, სტუ-ს რა გეგმები აქვს მომდევნო, 2011-12 წლების საკალათბურთო სეზონში?
- კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ ამჟამინდელზე უფრო კარგი გუნდის გაკეთებას აპირებენ.
- თქვენს პირად გეგმებზე რას გვეტყვით?
- ძალიან მინდა საკალათბურთო კარიერა საზღვარგარეთ გავაგრძელო. თუ საქართველოში დავრჩი, მინდა, ისეთ გუნდში ვითამაშო, რომელსაც საჩემპიონო ამბიცია ექნება.
- თქვენი აზრით, რომელ გუნდს აქვს მიმდინარე ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასვლის ამბიცია?
- მიმდინარე ჩემპიონატში ექვს გუნდს (“არმია”, თსუ, “ქუთაისი-2010”, შსს, “სოხუმი”) აქვს პირველ ადგილზე გასვლის შანსი და ნამდვილად არ გამიკვირდება, რომელიმე მათგანი ჩემპიონი რომ გახდეს.
- თქვენი უახლოესი გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
- ამჟამად, ორ “ფრონტზე” ვიმყოფები. სტუ-სთან ერთად, მეოთხედფინალში თსუ-თან მატჩებისთვის ვემზადები. გამოძახებული ვარ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც ამჟამად “ბ” დივიზიონში იმყოფება და ამ ზაფხულს “ა” დივიზიონის საგზურისთვის იბრძოლებს.
რაც შეეხება ჩემს უმთავრეს მიზანს. ჩემი უმთავრესი მიზანი დიდი კალათბურთის თამაში და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოსვლაა.

 

როლანდ ლაბუჩიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095681