სხვა

20:42 | 17.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბეჟუაშვილი დარჩა, გრიქუროვი?

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტობა დავით ბეჟუაშვილმა კიდევ ოთხი წლით გაიხანგრძლივა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში ჩატარებულ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რომელშიც მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე მოქმედ ვიცეპრეზიდენტს, ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილს აჯობა.
ხმის უფლების მქონე 55 დელეგატიდან ყრილობას 52 დაესწრო და მათგან 28-მ მხარი დავით ბეჟუაშვილის კანდიდატურას დაუჭირა. კახი კახიაშვილმა 5 ხმით ნაკლები მიიღო.
ვიდრე დღის წესრიგის უმთავრეს საკითხამდე მივიდოდნენ, დელეგატებმა ფედერაციის გენერალური მდივნის რამაზ გურგენიძის საანგარიშო მოხსენებას მოუსმინეს, რომელშიც ქართული ძალოსნობის მთელი ისტორია იყო შეჯამებული. მოხსენების დასრულების შემდეგ ფედერაციის ხელმძღვანელებს ოლიმპიურმა ჩემპიონმა რაფაელ ჩიმიშკიანმა მიმართა – თუ წარმატებებზე ვფიქრობთ, აქედანვე უნდა გადაწყდეს, რომ ნაკრებს ფსიქოთერაპევტი სჭირდებაო. ვეტერანი ძალოსანის სიტყვები სერიოზულად ძალიან ცოტამ მიიღო. ბეჟუაშვილმა იხუმრა, ასეთი კაშპიროვსკი იყო, საბჭოთა კავშირის დროსო, რაზეც ჩიმიშკიანმა უპასუხა, ეს არაა გასაღიმი თემა, საქმე საჭირბოროტო თემას ეხებაო.
ცოტა ხანში რაფაელ ჩიმიშკიანმა უკვე ტრიბუნას მიაშურა და დამსწრეთ პრეზიდენტობის კანდიდატები წარუდგინა. წინასაარჩევნო პროგრამა პირველმა კახი კახიაშვილმა წაიკითხა.
“ძალოსნობა ჩემი ცხოვრებაა. მთელ ენერგიას მას ვახმარდი და ახლაც რა თქმა უნდა ასეა. რა თქმა უნდა, მაქვს პროგრამა, რომლითაც ჩემი საყვარელი საქმის წარმატებულად კეთებას ვგეგმავ. ერთ-ერთ პრიორიტეტად პერიფერიებში ძალოსნობის პოპულარიზაციას და განვითარებას მივიჩნევ. სპორტსმენთა ძირითადი ნაკადი ხომ სწორედ პერიფერიებიდან მოდის და თუ ეს კერები არ გავაცოცხლეთ, საქმე წინ ვერაფრით წავა. უმნიშვნელოვანესია ძალოსნობის დარბაზების ინვენტარიზაცია. ამასთან, სპორტსმენებს გარკვეული მუხტი თავიდანვე უნდა მივცეთ და საქართველოს ჩემპიონებს ხელფასები უნდა დაენიშნოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად უკვე ვმუშაობ და იმედია, სასიამოვნო სიახლეს მალე დავნერგავთ. აქვე მინდა რაფაელ ჩიმიშკიანს დავეთანხმო. ფსიქოლოგის თემა მართლაც გადასაჭრელია. ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული” – განაცხადა კახიაშვილმა და იქვე 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მოლოდინიც გაამხილა – რიო დე ჟანეიროდან მინიმუმ ორ მედალს ველოდებიო.
კახიაშვილის მოხსენებას დარბაზიდან შეკითხვები მოჰყვა. ძირითადად რეგიონების წარმომადგენლები ინტერესდებოდნენ, კონკრეტულად მათ რეგიონში ძალოსნობის განვითარება თუ შედიოდა საპრეზიდენტო გეგმაში, რაზეც კანდიდატმა მიუგო, რომ რეგიონებში უკვე ჩასვლაც მოასწრო და სამომავლოდაც აქტიურად აპირებს ამ საკითხზე მუშაობას.
დავით ბეჟუაშვილმა პირველ ყოვლისა ყურადღება ძალოსნობის ოჯახის ერთსულოვნებაზე გაამახვილა, აქაოდა, ჩვენ რომ ერთი ოჯახი ვართ, ამას დღევანდელი კონსტრუქციული ყრილობაც მოწმობსო.
“პრობლემები მართლაც ბევრია, მაგრამ ერთი ხელის მოსმით მათი მოგვარება არარეალურია. ვერ ვიტყვი, რომ აქამდე ვინმე აკლებდა ყურადღებას ძალოსნობას. არც გიორგი ასანიძე, არც კახიაშვილი და არც სახელმწიფო უწყებები. სამწუხაროდ, 2013 წლის სპორტის ბიუჯეტი 3 მილიონით მცირდება და შეიძლება ეს ჩვენს ფედერაციასაც შეეხოს. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში აქტიურად ვმუშაობ. თუ მხარს დამიჭერთ, კვლავაც ქართული ძალოსნობის მომავალზე ვიზრუნებ” – აღნიშნა ბეჟუაშვილმა.
ფედერაციის პრეზიდენტს ერთადერთი შეკითხვა დაუსვეს, თუ ვის მოიაზრებდა ნაკრების მთავარ მწვრთნელად. როგორც გაირკვა, ვანო გრიქუროვს კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს უმთავრდება და სპორტსმენთა ერთ ჯგუფს მასთან თანამშრომლობის სურვილი აღარ აქვს. სავარაუდოდ, ეს სპორტსმენები არჩევნებში ბეჟუაშვილის მხარდამჭერები იყვნენ, რადგან კახიაშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში გრიქუროვთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შანსი სავარაუდოდ ერთი-ორად გაიზრდებოდა.
ბეჟუაშვილმა უპასუხა - მწვრთნელის არჩევა პრეზიდენტის კომპეტენციას სცდება და ეს საკითხი მწვრთნელთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოსო. მავანმა მწვრთნელმა დარბაზიდან მოკლე რეპლიკა ისროლა, გრიქუროვი ძლიერი სპეციალისტია, მაგრამ პოლონეთში ცხოვრობს და თუ საქართველოში არ იქნა, ასე ჩვენს ნაკრებს სათანადოდ ვერ გაუძღვებაო.
ამ რეპლიკას ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ უპასუხა:
“კახი კახიაშვილმა, მე და კიდევ არაერთმა ძლიერმა სპორტსმენმა ძალოსნობაში თუკი რამეს მივაღწიეთ, ეს უპირველეს ყოვლისა ვანო გრიქუროვის დამსახურებაა. ამ კაცმა თავისი საქმე ბრწყინვალედ იცის და ვფიქრობ, ჭკუის დარიგება და შენიშვნების მიცემა აბსოლუტურად უადგილოა. საქართველოს ნაკრებს არათუ პოლონეთიდან, სულაც პლანეტა მარსიდან რომ გაუძღვეს, მაინც უძლიერეს გუნდს დააყენებს. ინტრიგების ხლართვა და დინების საწინააღმდეგოდ ცურვა კი ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს” – განაცხადა ასანიძემ, რომელსაც ამ დღეებში ძმა გარდაეცვალა, მაგრამ ძალოსნობის ფედერაციის ყრილობას მაინც დაესწრო.
ეს იყო და ფარული არჩევნებიც დაიწყო. დელეგატებს ბიულეტენში სასურველი პრეზიდენტის გარდა აღმასკომის 8 წევრიც უნდა აერჩიათ და სწორედ ამ ხმების დათვლამ წაიღო დაახლოებით საათნახევარი.
გამარჯვებულმა ბეჟუაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, რომ ქართულ ძალოსნობაში შეხმატკბილებულად მუშაობის პროცესი გაგრძელდება. იქვე კახიაშვილს მისივე პროგრამის განსახორციელებლად თავის გვერდით დგომა შესთავაზა და დასტურიც მიიღო.
მოკლედ, ძალოსნობის ფედერაციის არჩევნებმა ექსცესებისა და ხმაურის გარეშე ჩაიარა. ახლა ყველაზე საინტერესო ისაა, როგორ გადაწყდება ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი.

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094422