ფეხბურთი

21:05 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილის მესამე გოლი, გოგიას დუბლი

ესტონეთში მორიგი გოლი გაიტანა ტალინის “ფლორას” ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა.

მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) მე-3 ტურში “ფლორამ” შინ “ტამეკას” 3:0 მოუგო და შეუცვლელად მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა 89-ე წუთზე წერტილი დასვა. წელს ჩემპიონატისა და სუპერთასის ჩათვლით ბეგლარიშვილმა უკვე მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. ტალინელები 10-გუნდიან ჩემპიონატს 9 ქულით ლიდერობენ.

კვიპროსის პირველი დივიზიონის 25-ე ტურში “ანორთოსისი” გასვლაზე “არისთან” 0:2 დამარცხდა. შოთა გრიგალაშვილმა სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 68-ე წუთზე შეცვალეს. ფამაგუსტელებს 38 ქულით 14 გუნდში მე-6 ადგილი უკავიათ.

“ერმისი” საკუთარ კედლებში “ომონიას” დაუზავდა – 1:1. ლევან მაღრაძემ მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. “ერმისი” 49 ქულით მეოთხეა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგა გამარჯვებით დაიწყო ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს. ტაშკენტელებმა სტუმრად “ანდიჟანს” 1:0 მოუგეს და ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. ის 79-ე წუთზე გააფრთხილეს.

ყაზახეთის ჩემპიონატის პირველ ტურში “ატირაუ” ალმატის “ქაირათს” ესტუმრა და 1:0 აჯობა. გიორგი ფეიქრიშვილი გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა.

ომარ თეთრაძის მიერ გაწვრთნილმა “ჟეტისუმ” ასტანაში ამავე სახელწოდების გუნდთან 0:0 ითამაშა.

საფრანგეთის ნაციონალ ლიგაში (მე-3 ლიგა) ლიდერობს “ლუზენაკი”, რომლის ღირსებასაც ამირან სანაია იცავს. ამჯერად, “ლუზენაკმა” სტუმრად “ფრეიუს სენტ-რაფაელს” მოუგო 2:1 და ქართველმა მარცხენა მცველმა 90 წუთი ითამაშა. “ლუზენაკი” 18 გუნდში პირველ ადგილზე 48 ქულითაა.

გერმანიის მე-3 ლიგის 29-ე ტურში აკაკი გოგიამ დუბლი შეასრულა. “ჰალეშერმა” შინაურ კედლებში “რეგენსბურგს” 4:1 აჯობა და ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ჯერ ანგარიში გახსნა, ხოლო მოგვიანებით მატჩში წერტილი დასვა. მან გოლები 22-ე და 70-ე წუთებზე გაიტანა. მიმდინარე სეზონში მას 27 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა. “ჰალეშერი” 41 ქულით 20 გუნდში მეშვიდეა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112746