არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ სერხიო ბატისტას თანამდებობას შეუნარჩუნებს, მაგრამ მას გარკვეული მოთხოვნების შესრულება მოუწევს.
გამოცემა Ole-ს ცნობით, არგენტინული ფეხბურთის თავკაცის, ხულიო გრონდონას მთავარი მოთხოვნაა, რომ ნაკრების შემადგენლობა კარდინალურად შეიცვალოს. პირველყოვლისა, იგი თვლის, რომ საჭიროა ეროვნული გუნდის გაახალგაზრდავება და მის რიგებში უფრო მეტი ფეხბურთელი უნდა მიიწვიონ არგენტინის შიდა ჩემპიონატიდან. გარდა ამისა, გრონდონას აზრით, აუცილებელია ნაკრებიდან რამდენიმე ფეხბურთელის დათხოვნაც. სავარაუდოდ, რიგში პირველები ძანეტი, ძმები მილიტოები, კამბიასო და ტევესი დგანან. ამ უკანასკნელს გრონდონასთან კონფლიქტი აქვს და კოპა ამერიკაზე მისი წაყვანა არც ბატისტას სურდა, რომელმაც თავისი გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა.
თურმე, გრონდონას განსაკუთრებით 2008 წელს, პეკინში ოლიმპიადის მომგები თაობა მოსწონს. ყველაზე მეტად კი, მის სიმპათიას მცველი ესეკიელ გარაი იმსახურებს. ხელშეუხებელია მესი, რომელსაც, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელის აზრით, არა მხოლოდ სათამაშო, არამედ ფინანსური კუთხითაც დიდი სარგებლობა მოაქვს.
არგენტინული მასმედია ვარაუდობს, რომ ბატისტა თანამდებობის შენარჩუნების სანაცვლოდ გრონდონას მოთხოვნებს შეასრულებს.









