თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ლეილა მესხის საჩოგბურთო აკადემიის კორტებზე სტარტი აიღო ფიუჩერსის რანგის საერთაშორისო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის კვალიფიკაციაში ერთბაშად 7 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება, თუმცა, მათგან ძირითად ბადეში გასვლა ვერცერთმა მოახერხა. მასპინძელთაგან თუნდაც ერთი მატჩის მოგება მხოლოდ ორმა მოთამაშემ მოახერხა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ რაუნდში თანამემამულეებს გადაეყარნენ.
გიორგი რევაზიშვილმა ლუკა ფილფანი 7:5, 6:0 სძლია, შემდეგ კი მე-4 ნომრად განთესილ უკრაინელ იური კრივოისთან 3:6, 5:7 დამარცხდა. რაც შეეხება კარენ სარკისიანს, მან ლაშა რამაზაშვილს 6:4, 7:5 მოუგო, თუმცა, ალექსანდრ ჟურბინს (მე-2 განთესვა) ვეღარ გაუმკლავდა – 0:6, 1:6.
ნოდარ ითონიშვილმა იტალიელ ეტორე ჩაპელოსთან 0:6, 5:7 წააგო, ერეკლე კლიმიაშვილი უკრაინელ ორესტ ტერეშჩუკთან 1:6, 1:6 დამარცხდა, ხოლო დავით კვერნაძეს ასევე უკრაინელმა ოლეკსი აროვინმა 6:3, 2:6, 7:6 (7:4) სძლია.
თბილისის ტურნირის ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გარეშე მოხვდნენ ალექსანდრე მეტრეველი და გიორგი ცივაძე, ხოლო კიდევ ოთხ ქართველ ჩოგბურთელს – ნიკოლოზ ბასილაშვილს, შოთა მეფარიძეს, მიხეილ ხმიადაშვილს და გიორგი ჯავახიშვილს “უაილდ ქარდები” გადაეცათ.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ბასილაშვილს, რომელსაც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში უკვე 357-ე ადგილი უკავია, ამავე ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე თვეა რუსეთი აქვს მითითებული, საერთაშორისო საჩოგბურთო ფედერაციის საიტი კი ნიკოლოზს კვლავაც საქართველოს წარმომადგენლად მოიხსენიებს.
პირველ რაუნდში ბასილაშვილი მეფარიძეს ეთამაშება, ხმიადაშვილი – ავსტრიელ გოლდშტეინერს, ჯავახიშვილი – რუს შაცკის, მეტრეველი – უკრაინელ კუშაკოვს, ხოლო ცივაძე – პოლონელ კოჩილას.
წყვილთა ტურნირში ხმიადაშვილი და მეფარიძე უკრაინელ მანაფოვს და ბელორუს შილას გაეჯიბრებიან, ითონიშვილი და კვერნაძე ძალებს მე-4 ნომრად განთესილ იტალიურ დუეტთან (მარაი-პაპასიდერო) მოსინჯავენ, ჯავახიშვილი და რევაზაშვილი პოლონელებს (კოჩილა-შმირგალა) ეთამაშებიან, ხოლო მეტრეველის და ცივაძის პირისპირ უკრაინელები – კრივოი და კუშაკოვი დადგებიან.
ჰოლანდიის ქალაქ ალფენში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მასპინძელ ჩაიენ ევიიკთან 6:7 (5:7), 6:3, 4:6 დამარცხდა მაკა ჩახნაშვილი, კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ სოფო ქვაცაბაიას კი მე-2 ნომრად განთესილ რუმინელ მიჰაელა ბუზარნესკუსთან დაპირისპირება ელის.
იტალიაში, მესტრეს 50-ათასიანი ტურნირის საწყის წრეში ჰოლანდიელ რიჩელ ჰოგენკამპს ეთამაშება სოფო შაფათავა, წყვილებში კი ქართველი ჩოგბურთელი რუს მარინა მელნიკოვასთან გახლავთ შეამხანაგებული და მე-4 რეიტინგის მქონე ამერიკულ-დანიურ დუეტს (კოენი-ეიდესგაარდი) გაეჯიბრება.







