ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში რუსეთის სახელით თამაშობდა, კვლავ საქართველოს დაუბრუნდა და მყის ქვეყნის პირველი ჩოგანი გახდა. ამაში მოულოდნელი არაფერია, რადგანაც აქამდე ჩვენებურთაგან საუკეთესო ალექსანდრე მეტრეველს 1047-ე შედეგი გააჩნია, ბასილაშვილი კი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 115 ქულით 362-ეა, ხოლო საჩემპიონო რბოლაში – მესამასე.
საინტერესოა, რომ გასული წლის ივლისის დასაწყისში, როდესაც ATP-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ბასილაშვილი რუს ჩოგბურთელად პირველად მოიხსენია, ნიკოლოზს მხოლოდ 17 ქულა ჰქონდა და კლასიფიკაციაში 672-ე ჩოგანი იყო, მას შემდეგ წელიწადზე მეტ დროში კი, მან საგრძნობი წინსვლა განიცადა და სამშობლოს საუკეთესო ფორმაში მყოფი დაუბრუნდა.
20 წლის ბასილაშვილი ამჟამად თბილისის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) თამაშობს და უკვე მეოთხედფინალშია გასული. ქართველი ჩოგბურთელი მე-3 ნომრად გახლდათ განთესილი და პირველ წრეში თანამემამულე გიორგი ცივაძე 6:1, 2:6, 7:5 დაამარცხა, შემდეგ კი ავსტრიელ პიტერ გოლდშტეინერს, რომელიც იგი თბილისის პირველი ფიუჩერსიდან გამოთიშა, რევანში აუღო – 7:5, 6:1. მეოთხედფინალში ნიკოლოზის მეტოქე მე-7 განთესვის მქონე ესტონელი ვლადიმირ ივანოვი იქნება.
ხსენებულმა მეტრეველმა საწყის რაუნდში ისრაელის წარმომადგენელ გაი მიჩელევიცს 6:3, 6:1 მოუგო, მერვედფინალში კი ჩილელ ჰანს პოდლიპნიკ-კასტილიოსთან (მე-2 განთესვა), რომელმაც პირველ შეხვედრაში მიხეილ ხმიადაშვილი 6:1, 6:2 დაამარცხა, 6:7 (4:7), 1:6 წააგო. გიორგი ჯავახიშვილმა უკრაინელი ალექსანდრ კუშაკოვი დაჯაბნა – 7:6 (7:2), 6:3, შემდეგ კი პირველ ნომრად მიჩნეულ ჩეხ ირჟი ვესელისთან 0:6, 0:6 განადგურდა. რაც შეეხება ნოდარ ითონიშვილს, იგი თბილისის პირველი ტურნირის ფინალისტს, მე-5 რეიტინგის მქონე იტალიელ მატეო მარაის ვერ გაუმკლავდა – 3:6, 6:7 (7:9).
აქვე ვთქვათ, რომ თბილისური ფიუჩერსის საკვალიფიკაციო ბადეში ერთბაშად 7 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება, თუმცა, მათგან ძირითად ტურნირში გადასვლა მხოლოდ ითონიშვილმა მოახერხა, კარენ სარკისიანმა, დავით კვერნაძემ, გიორგი რევაზიშვილმა, შოთა მეფარიძემ, ლაშა რამაზაშვილმა და დემურ დავითაძემ კი მიზანს ვერ მიაღწიეს.
წყვილთა ტურნირში “უაილდ ქარდის” მქონე ითონიშვილმა და კვერნაძემ რუსი გალკინი და უკრაინელი კუშაკოვი 6:4, 4:6, 10:6 დაამარცხეს, შემდეგ კი პოლონელებს – იანიკს და შმიგიელს 6:3, 6:3 მოუგეს. ნახევარფინალში ქართული დუეტი იტალიელებს – მარაის და პაპასიდეროს გაეჯიბრება.
თავის მხრივ, აპენინელებმა მეოთხედფინალში ხმიადაშვილს და მეფარიძეს 6:3, 6:4 სძლიეს, ამ უკანასკნელთ კი პირველ რაუნდში დავითაძე და ჯავახიშვილი 6:7 (5:7), 6:3, 10:4 დაამარცხეს. მეტრეველმა და ცივაძემ საწყისი რაუნდი უბრძოლველად გაიარეს, რის კვალადაც უკრაინელ მანაფოვს და ბელორუს შილას (1-ლი განთესვა) ვერ გაუმკლავდნენ – 6:3, 6:7 (3:7), 7:10.







