ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულმა ფიდე-ს საპრეზიდენტო საბჭომ 2011 წელს დაგეგმილი პრეტედენტთა ტურნირის ბაქოდან რუსულ ყაზანში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, გაითვალისწინებულ იქნა აზერბაიჯანის საჭადრაკო ფედერაციასთან მოქმედი შეთანხმებაც და ამ ქვეყნისათვის ნომინაციის შეუნარჩუნებაც გადაწყდა. ამდენად, აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი შეჯიბრში მონაწილეობას მაინც მიიღებს.
ტურნირში სულ რვა მოჭადრაკე ითამაშებს:
მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2826; რეიტინგ-სიის პირველი ნომერი)
ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2803; #2)
ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი, 2790; #4)
ლევონ არონიანი (სომხეთი, 2783; #5)
შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2761; #6)
თემურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2748; #10)
ბორის გელფანდი (ისრაელი, 2739; #13 )
გატა კამსკი (აშშ, 2713; #31)
ფიდე-ს პრეზიდენტის კირსან ილუმჟინოვის განცხადებით, ის პირადად სთხოვს მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ვესელინ ტოპალოვს შეცვალოს ადრე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთში ართამაშის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ ბულგარელი მოჭადრაკე საკუთარ აზრზე დარჩება, ტურნირში მის ადგილს ვაჟთა გრან-პრის პროტოკოლის მიხედვით მესამე ადგილზე მყოფი ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი) დაიკავებს.







