ფეხბურთი

19:53 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკოს სუპერგოლი და დაბევებული ნახევარფინალი

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალში გუნდებს ორი მატჩის ჩატარება უწევთ, მაგრამ სტუმრად ორბურთიანი გამარჯვების შემდეგ, უკვე შეიძლება ითქვას, რომ “დინამომ” 1/2-ფინალის საგზური ფაქტობრივად დაიბევა.

თბილისელებს ტრავმების გამო, მეკარეები გიორგი ლორია და ნიკა დაუშვილი, მცველი დავით ხურცილავა და თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე აკლდათ. ოთარ მარცვალაძე ჯერ ბოლომდე მზად არაა და ამიტომ, 18-კაციან განაცხადში არ იყო. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “დინამოს” სამწვრთნელო შტაბს სასწრაფოდ თურქეთიდან მოუწია მეკარე ომარ მიგინეიშვილის გამოძახება, რომელიც “დინამო 2”-თან ერთად შეკრებაზე იყო.  

“დინამოს” მსგავსად ზამთარში “მეტალურგის” შემადგენლობაშიც ბევრი ცვლილება განხორციელდა, მაგრამ შედარებით მწირი ფინანსების გამო, რუსთაველებმა თბილისელებისგან განსხვავებით დანაკლისი სრულფასოვნად ვერ შეავსეს.

წყვილში თავიდანვე ფავორიტად “დინამო” ითვლებოდა, მაგრამ “მეტალურგს” ცდა არ დაუკლია, რომ მოწინააღმდეგისთვის ღირსეული წინააღმდეგობა გაეწია. საბოლოოდ, ყველაფერი სტუმართა უფრო მაღალმა სათამაშო კლასმა გადაწყვიტა. თუმცა, უშანსოდ არც მასპინძლები იყვნენ.

მატჩის დაწყებიდან 8 წუთი იყო გასული, რომ მარჯვენა გარემარბად მოთამაშე ესპანელმა ჩისკომ საჯარიმოში ბურთი კარგად “შეაყოლა” გიორგი მერებაშვილს, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს მცირე მანძილით ააცილა.

მე-14 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან რუმინელი გოგას ზუსტი გადაცემის შემდეგ, “მეტალურგის” კარის წინ მყოფმა გიორგი გველესიანმა ახლო მანძილიდან თავით სუსტად დაარტყა და გრიგოლ ბედიაშვილს ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.

28-ე წუთზე, კუთხურის შესრულების დროს, მერებაშვილმა ბურთი ახლო ძელთან ჩამოაწოდა, სადაც მყოფმა გველესიანმა ბედიაშვილთან ორთაბრძოლაში თავით არაზუსტად დაარტყა.

35-ე წუთზე, გიორგი ჩირგაძემ მარჯვენა ფრთიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა, გიორგი სეთურიძემ ბურთს მიმართულება კეფით სახიფათოდ შეუცვალა და მიგინეიშვილმა ხიფათი ნახტომში გაანეიტრალა.

37-ე წუთზე, ბედიაშვილი კარიდან ბურთის დასაუფლებლად თითქმის საჯარიმოს ხაზამდე გამოვიდა და ჩისკოს შეეჯახა, რის შემდეგ მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი დაეჭიმა და შეცვალეს. კარში მისი ადგილი ახალგაზრდა ნიკოლოზ შერმადინმა დაიკავა, რომელსაც “მეტალურგში” ოფიციალური მატჩის ჩატარება პირველად მოუწია. როგორც მატჩის მსვლელობამ გამოაჩინა, ამ ცვლილებამ საბოლოო შედეგზე თავისი გავლენა იქონია.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და მეტოქის კართან სახიფათო მომენტიც შექმნეს. 50-ე წუთზე, მათი კონტრშეტევის დროს, ბურთი “დინამოს” საჯარიმოში მყოფ მერაბ გიგაურს დარჩა, რომელმაც შორეულ კუთხეში სახიფათოდ დაარტყა და მიგინეიშვილმა ნახტომში თბილისელები გოლის გაშვებისგან იხსნა.

53-ე წუთზე, “დინამომ” კუთხური შეასრულა და “მეტალურგის” მცველმა ამოიტანა ბურთი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე მყოფმა ჩისკომ ერთი შეხებით საჯარიმოში დააბრუნა, სადაც მყოფმა გველესიანმა ვარდნაში მიზანს ააცილა. ამ ეპიზოდში “მეტალურგის” ფეხბურთელები გვერდითი მსაჯისგან თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას ითხოვდნენ და მათგან ყველაზე აქტიურმა სეთურიძემ ყვითელი ბარათი მიიღო.

64-ე წუთზე, შერმადინი ბურთს იგერიებდა, პირველ ჯერზე ფეხი ააცილა და კიდევ კარგი მეორე ცდაზე დაარტყა, თორემ იქვე მყოფ ვუოს შესაძლოა გოლიც გაეტანა. 72-ე წუთზე, “დინამოს” კონტრშეტევის დროს, ჩისკომ კარიდან ოდნავ შორს გამოსულ შერმადინს თვალი მოჰკრა და დაახლოებით 35 მეტრიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0. ამ ეპიზოდში შერმადინი აშკარად შეცდა.

79-ე წუთზე, დენის დობროვოლსიმ თბილისელთა საჯარიმოში ბურთი მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და გიორგი ქავთარაძემ ვარდნაში თავით კარს ახლოდან ააცილა. 85-ე წუთზე, “მეტალურგის” კონტრშეტევისას მიქაბერიძემ დაახლოებით 25 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და მიგინეიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ძირითადი დროსთვის დამატებულ  მე-3 წუთზე, “დინამომ” მარჯვენა ფლანგზე კუთხური გაითამა და მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეჭრილმა ირაკლი ძარიამ შორეულ კუთხეში აუღებლად დაარტყა – 2:0.

მალხაზ ჟვანია: “დინამოს” ქომაგს გამარჯვებას ვულოცავ. თუმცა, თამაში ამით არ დასრულებულა და უკვე საპასუხო მატჩისთვის ვემზადებით, სადაც ასევე მობილიზებული უნდა ვიყოთ. წელს პირველი ოფიციალური თამაში იყო და გუნდს ეტყობოდა, რადგან “მძიმედ” გამოიყურებოდა, ალბათ, ეს მოედნის ბრალიცაა. თუმცა, რაც მთავარია გოლები გავიტანეთ”.

ვარლამ კილასონია: “მართალია, თასზე ორი თამაშია, მაგრამ “დინამომ” უკვე დიდი უპირატესობა მოიპოვა. ალბათ, ჩემი გუნდი ამ ანგარიშს არ იმსახურებდა. განსაკუთრებით, მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშით. მატჩის ბედი მეტოქის უფრო მაღალმა ოსტატობამ გადაწყვიტა. ალბათ, ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი ბედიაშვილის მოედნიდან გასვლა იყო. თუმცა, შეცდომები მხოლოდ მეკარეს არ დაუშვია”.

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 0:2 (0:0)

22 თებერვალი. რუსთავი. “ფოლადი”.

მეტალურგი: ბედიაშვილი (შერმადინი, 39), მახვილაძე (კ), დავით საჯაია, დობროვოლსკი, ტვილდიანი (არჩილ გოგინაშვილი, 85), მერაბ გიგაური, ვარლამ კილასონია, ჩირგაძე, სეთურიძე, ქათარაძე, ჩიმაკაძე (ვასაძე, 66).

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.

დინამო: მიგინეიშვილი, ხიდეშელი, გველესიანი, იანსე, ცინცაძე, ჯანელიძე (გორგიაშვილი, 68), მერებაშვილი (გლიშიჩი, 81), ძარია, კვირკველია (კ), გოგა (ვუო, 62), ჩისკო.

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია.

გოლები: 0:1 ჩისკო (72), 0:2 ძარია (90+3).

გაფრთხილება: სეთურიძე (53), იანსე (88), გიგაური (90+2).

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.

0.118976