ჟურნალისტის მოვალეობა რეალობის აღწერაა – პირდაპირ და შეულამაზებლად და ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა, გსურს წერა თუ არა. მეტიც, შეგიძლია წერა თუ არა. მოვალეობა თავისას მოითხოვს.
ჩვენ, ძველ სარბიელელებს არაერთხელ დაგვიწერია სიკვდილზე, სპორტსმენთა სიკვდილზე და ეს არასოდეს ყოფილა იოლი საქმე, რაკი სიკვდილზე წერა არ არის მხოლოდ რეალობის აღწერა - ამქვეყნიური ცხოვრების სამუდამოდ დასრულების აღწერაა. თუმცა, სიკვდილზე წერისას იცი, რომ ცხოვრება სიკვდილის გარეშე არ არსებობს და რაკი ასეა, ეს შედარებით გიადვილებს საქმეს. მაგრამ როდესაც წერ მეგობრის სიკვდილზე, ეს კიდევ სხვაა. როდესაც წერ იმ მეგობარზე, რომელიც შენი ცხოვრების ნაწილი იყო და აღარ არის, ეს საკუთარი სიკვდილის აღწერაა, რაკი ის, რაც შენი იყო, აღარასოდეს იქნება. მეგობრის სიკვდილი შენი ცხოვრების ნაწილის სიკვდილია.
ჩვენი ბაჩო სვანიძე გარდაიცვალა.
ამ ფრაზას ვწერთ, მაგრამ მისი გააზრება არ შეგვიძლია. ვიცით, რომ რაღაც საშინელება მოხდა, მაგრამ გააზრება არ გვინდა. ასევე იყო ორი წლის წინაც, როდესაც ლადო ხომერიკი დაგვეღუპა. ლადო 33 წლისა იყო, ბაჩო – ოცდაათის. ორივე ავადმყოფობამ შეიწირა.
რა არის 30 წელიო, გულწრფელი სინანულით ამბობდნენ ბაჩოსთან გამოსამშვიდობებლად მოსული ადამიანები და ეგრეცაა. მაგრამ ჩვენმა თაზო მიგრიაულმა თქვა, ბაჩომ რაც იცხოვრა, ბევრის ბარე სამ სიცოცხლეს ეყოფოდაო. ნაღდი ნათქვამია. სიცოცხლე სხვაა და ცხოვრება კიდევ სხვა. ბაჩო არ იყო სიცოცხლის დინებას მშვიდად მიმყოლი კაცი. მოუსვენარი იყო და ამიტომაც მოასწრო თავის წილ 30 წელიწადში იმაზე მეტი, რისთვისაც სხვების ხანგრძლივი სიცოცხლეც არ კმარა.
27 წლისა იყო, როდესაც ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა უმაღლესი ჯილდო, ნოდარ გუგუშვილის პრემია ალალად დაიმსახურა.
მეოცნებე ბიჭი იყო. ვის არ გვიოცნებია, მაგრამ ბაჩოს ოცნებების ახდენისა სჯეროდა. ისევ მის საქმეზე რომ ვთქვათ, ერთი ამბის გახსენებაც კმარა. ამ 6-7 წლის წინ ამოიჩემა, მარადონასთან ინტერვიუ უნდა გავაკეთოო. აბა, რომელი სპორტული ჟურნალისტი იტყოდა ამაზე უარს, მაგრამ ცხოვრებამ ოცნებების ახდენის რწმენა წაგვართვა თუ სხვა რამ მიზეზი იყო, მსგავსი გიჟური აზრი არავის მოგვსვლია. ბაჩოს კი მოუვიდა და ბარე სამი თვე გალია დიეგოს ხელში მოსაგდებად. ბოლოს კი, როცა ყურმილის იქითა მხარეს მოსაუბრემ უპასუხა, დიეგო გისმენთო, აი, მაშინ უნდა გენახათ ბაჩოს სახე და მიხვდებოდით, რომ ოცნება იმისაა, რომ ზოგჯერ ახდეს ხოლმე.
ბაჩო ცხოვრებაშიც მეოცნებე ბიჭი იყო და თავისი სამყარო ჰქონდა შექმნილი. მეგობრებსაც ამ, მის მიერ შექმნილ სამყაროში ცხოვრებას გვაიძულებდა და ჩვენც არ ვიყავით წინააღმდეგეები, რაკი ეს რეალურზე უკეთესი სამყარო იყო.
და შეიძლება ძალიან უცნაურადაც ჟღერდეს, მაგრამ ჩვენს უზომო ტკივილს სიამაყეც ახლავს. გვეამაყება, რომ ბაჩო სვანიძის მეგობრები ვართ! იმ ბიჭის მეგობრები ვართ, რომლის ავადმყოფობამ უამრავი ადამიანი შეაწუხა და საავადმყოფოში სისხლის ჩასაბარებლად მოიყვანა, მერე კი, მისმა სიკვდილმა შეაძრწუნა. გვეამაყება, რომ გვქონდა ბედნიერება, ბაჩო სვანიძე მხოლოდ მისი საგაზეთო წერილებიდან არ გვცნობოდა და უამრავი მოგონება დაგვრჩენოდა, რომლებიც მხოლოდ ჩვენია. ოღონდაც სწორედ ამ სიამაყის გამო ჩვენი ტკივილიც განუზომლად დიდია.
ბაჩო სვანიძის სარბიელელები









