საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ბაქოს დიდი პრიზი დასრულებულია. ამირან პაპინაშვილის (60 კგ) მიერ ტურნირის პირველ დღეს მოპოვებულ ოქროს თავისი წილი მედალი ვეღარავინ მიამატა. დღეს მედლები მამაკაცთა დარჩენილ სამ წონაში – 90, 100 და +100 კილოგრამებში თამაშდება. ტატამზე 3 ქართველი გავიდა, მაგრამ სამივე წინასწარ ეტაპზე დამარცხდა.
100 კილოგრამში ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა კონსტანტინე მუკვანს და ალექსანდრე მსხალაძეს მისცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ პირველ წრეს – ოცდამეთორმეტედფინალს ვერც ერთი გასცდა. ამასთან, ორივემ იპონით წააგო - მუკვანმა უკრაინელ არტემ ბლოშენკოსთან, ხოლო მსხალაძემ რუს ასხაბ კოსტოევთან.
მძიმე წონაში კიმონო ნოდარ მეტრეველს უნდა მოერგო, მაგრამ ჯერჯერობით, უცნობი მიზეზით, სატურნირო ბადიდან ამოიღეს. მისი მეტოქე, ყაზახი ბეიბიტ ისტიბაევი კი მე-2 წრეში უბრძოლველად გავიდა.
ერთადერთი, ვინც პირველი მეტოქის ძლევა შეძლო, 90 კილოგრამში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი იყო. გერმანელ კრისტოფერ ლამბერტს იპონით გასცდა. მერვედფინალში კი მოულოდნელად, ყაზახ ალექსანდრ კასაჩევთან იპონითვე წააგო.
ოთარ მაღლაკელიძე







