საქართველოსა და აზერბაიჯანის საჭადრაკო ნაკრებთა ამხანაგური მატჩის პირველი დღის შემდეგ, სტუმართა გუნდი 3.5:1.5 დაწინაურდა. აზერბაიჯანელებს გადამწყვეტი უპირატესობა შაჰრიარ მამედიაროვმა (2726) და რაუფ მამედოვმა (2628) მოუტანეს, რომელთაც შესაბამისად, ლევან ფანცულაია (2581) და კოსნტანტინე შანავა (2589) დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა შვენინგენის სისტემით 5 ტურად მიმდინარეობს – თითოეულ მოთამაშეს 90 წუთი პირველ ორმოც სვლაზე, ხოლო შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე +30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან.
თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე დაპირისპირების პირველ ტურში ქართველი მოჭადრაკეები შავი ფიგურებით თამაშობდნენ და მესამეშიც ასე იქნება, მეორესა და მეოთხეში მასპინძლებს თეთრებით მოუწევთ ბრძოლა, მეხუთე ტურში კი ფერების განლაგებას დამატებითი კენჭისყრა გადაწყვეტს.
საქართველო – აზერბაიჯანი 1.5:3.5
ელტაჟ საფარლი (2620) – მერაბ გაგუნაშვილი (2570) 0.5:0.5
რაუფ მამედოვი (2628) – კონსტანტინე შანავა (2589) 1:0
ვასიფ დურალბეილი (2579) – ბაადურ ჯობავა (2721) 0.5:0.5
გადირ ჰუსეინოვი (2609) – მიხეილ მჭედლიშვილი (2656) 0.5:0.5
შაჰრიარ მამედიაროვი (2726) – ლევან ფანცულაია (2581) 1:0







