საჭადრაკო ევროპის ჩემპიონატის სამი ტურის თავზე ქართულ დელეგაციაში საუკეთესო შედეგი – 2.5 ქულა შოთა აზალაძეს (2419) გააჩნია, რაც ძალიან მოულოდნელია. აზალაძეს ტურნირზე მხოლოდ 222-ე რეიტინგი გააჩნია, გასული პარტიების შედეგებით კი მე-12 ადგილზე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ შოთა საწყის ტურებში მასზე გაცილებით ძლიერ მეტოქეებს გაეჯიბრა, თუმცა, არცერთხელ დამარცხებულა. იგი ჯერ რუს ალექსანდერ ხალიფმანს (2649) დაუზავდა, შემდეგ კი ჯერ მოლდოველ ვიორელ იორდანესკუს (2644) სძლია, ხოლო დღეს შავი ფიგურები ინგლისელ დევიდ ჰოუელსაც (2614) შანსი არ დაუტოვა. მე-4 ტურში აზალაძეს მორიგი სერიოზული გამოცდა ელის, რადგანაც თეთრებით სლოვენიის სახელით მოასპარეზე ალექსანდერ ბელიავსკის (2630) გაეჯიბრება.
ყურადღებას იმსახურებს დავით ლომსაძის (2338) გარჯაც, რომელიც განთესვით აზალაძეზე უკან – 269-ე პოზიციაზეა, თუმცა, ფავორიტებთან ჭიდილში ასევე დაუმარცხებელია. მე-3 ტურში ლომსაძე თურქ დრაგან სოლაკს (2602) დაუზავდა და დამატებითი მაჩვენებლებით 58-ეა. დავითის დარად, 2-2 ქულა მოაგროვეს საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2706), მიხეილ მჭედლიშვილმა (2626), ლევან ფანცულაიამა (2595) და დავით ბენიძემ (2530), რომლებიც შესაბამისად, მე-80, 84-ე, 98-ე და 129-ე პოზიციებზე არიან.
რაც შეეხებათ ლიდერებს. სამი ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით 11 მოჭადრაკე დაწინაურდა: ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი, 2709), ბორის სავჩენკო (რუსეთი, 2580), არკადი ნაიდიჩი (გერმანია, 2702), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავე (საფრანგეთი, 2682), ლუკა ლენიჩი (სლოვენია, 2637), გევეინ ჯოუნსი (ინგლისი, 2635), ჰრანტ მელკუმიანი (სომხეთი, 2628), იულიან რადულსკი (ბულგარეთი, 2552), იური კუზუბოვი (უკრაინა, 2615), სანან სიუგიროვი (რუსეთი, 2610) და კაიდო კულაოტსი (ესტონეთი, 2585).
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში შვეიცარიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 31 მარტს დასრულდება, დასვენების დღედ კი 27 მარტია გამოცხადებული. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა, საიდანაც ჩემპიონი 14 ათასს მიიღებს, სულ კი თანხა მოწინავე 25 მოჭადრაკეზე გადანაწილდება.
ევროპის მე-13 ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის. 19 მარტი-1 აპრილი. პლოვდივი (ბულგარეთი). მე-3 ტური
ლევან ფანცულაია (2595) – ბორის გრაჩოვი (რუსეთი, 2705) 0.5:0.5
ფრანკ ჰოლცკე (გერმანია, 2508) – მიხეილ მჭედლიშვილი (2626) 0.5:0.5
დევიდ ჰოუელი (ინგლისი, 2614) - შოთა აზალაძე (2419) 0:1
დავით ლომსაძე (2338) – დრაგან სოლაკი (თურქეთი, 2602) 0.5:0.5
ბადურ ჯობავა (2706) – ვლადიმირ ბუკალი (ხორვატია, 2441) 1:0
დავით ბენიძე (2530) – გეორგი კიურკჩიისკი (ბულგარეთი, 2266) 1:0
ნაიმ საჰიტაჯი – ლუკა პაიჭაძე (2491) 0.5:0.5
გაიოზ ნიგალიძე (2472) – ეპამინონდას კურუსისი (საბერძნეთი, 2284) 1:0
ჯახანგირ აგარაგიმოვი (აზერბაიჯანი, 2342) – გიორგი ხელაია (2080) 1:0







