ძიუდო

10:34 | 7.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ახალი წესები, 2-წლიანი გარანტიით


შარშან, შემოდგომაზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საჭიდაო წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. სიახლე პარიზში ჩატარებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ექსპერიმენტის სახით გამოსცადეს. მერე რამდენიმე საერთაშორისო ტურნირიც ახლებური წესებით ჩაატარეს და მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ სიახლემ გაამართლა, საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა - ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ახალი წესები მცირედით ისევ შეიცვალა და მოქმედების ვადა 2012 წლის 31 დეკემბრამდე დაწესდა, თუმცა დიდი შანსია, ძირეული ცვლილებები მას შემდეგაც აღარ მოხდეს.
განცხადებაშივე დაწვრილებითაა განმარტებული სახეცვლილი წესების თითოეული დეტალი და ყველა წესს ფოტოები და ვიდეოჩანაწერები ერთვის, დაინტერესებულ პირთათვის უკეთ ასახსნელად (წწწ.იჯფ.ორგ).
სიახლეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ, თუკი შემოდგომიდან მოყოლებული, ფეხებში შესვლა და ქამრის ქვემოდან ილეთის წამოწყება პირველ ჯერზე დამრღვევს შიდოთი სჯიდა, ხოლო მეორეზე მას საერთოდ ხსნიდნენ შეხვედრიდან, იანვრიდან, პირველსავე ასეთ დარღვევაზე მოხსნის წესი ამოქმედდება. მოწინააღმდეგის ფეხიდან აყვანა და წელს ქვემოდან ილეთის წამოწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში არ დაისჯება, თუკი ეს ილეთი დინამიკაში მოხდება, ანუ, წესების დაცვით წამოწყებული ილეთის გაგრძელებად ჩაითვლება. კვლავინდებურად, შიდოს მიიღებენ ძიუდოისტები, რომლებიც წელში მოხ¬რილები იჭიდავებენ. უკვე გამოჩნდა, რომ ამ წესმა განსაკუთრებით მძიმე წონით კატეგორიაში გაამართლა, სადაც ძალიან ხშირად, ძიუდოისტები მთელი საჭიდაო დრო წელში მოხრილები იდგნენ და სანახაობრივი მხარეც ნაკლებად მიმზიდველი იყო.
შემოდგომის დასაწყისში საერთაშორისო ფედერაციამ ტატამზე ერთი მსაჯის დატოვება გადაწყვიტა, ორმა გვერდითმა რეფერიმ კი მაგიდასთან გადაინაცვლა, სადაც მონიტორებზე ადევნებდნენ თვალს ბრძოლის მიმდინარეობას და სადავო ეპიზოდებისას, მთავარი მსაჯი მათთან კონსულტაციის შემდეგ იღებდა გადაწყვეტილებას. ამ სიახლემ სულ რაღაც რამდენიმე კვირა გასტანა და საერთაშორისო ფედერაციამ ისევ ძველებური წესი დააბრუნა. წლევანდელ და მომავალ სეზონებშიც, ტატამზე მოძრავ მთავარ მსაჯს ტატამის კუთხეებში მსხდომი მსაჯები გაუწევენ დახმარებას. გარდა ამისა, ორგანიზატორებისადმი მოთხოვნაში თითოეულ ტატამთან ორი ვიდეოკამერის დამონტაჟებაც შედის, რათა სადავო ეპიზოდებისას ორი რაკურსით მიღებული ჩანაწერებით უკეთ გამოჩნდეს მტყუან-მართალი.
მსაჯებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ტურნირებსა და ევროპის ჩემპიონატებზე სელექციის წესით გამოიძახებენ და მათთვის ყველანაირ ხარჯს თავად ფედერაცია აანაზღაურებს. მსოფლიოს თასებზე (მათ შორის თბილისშიც) კი შეხვედრებს 8-ის ნაცვლად უკვე მხოლოდ 4 ადგილობრივი მსაჯი მოემსახურება.
საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებას თან 60 ისეთი შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ახლავს, რომელთა მიხედვითაც ახალი წესების შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. კარგი იქნება, თუ ეს ვიდეოჩანაწერები ეროვნული კატეგორიის ქართველ მსაჯებამდეც მიაღწევს. სიახლის შესახებ რომ საკმარისი ცოდნა არ აქვთ, ბოლო თვეებში ჩატარებულმა შიდა ჩემპიონატებმა არაერთხელ გამოაჩინა.
2010 წლის სეზონი 16-17 იანვარს, სამხრეთ კორეაში, სუვონის მსოფლიოს მასტერსით გაიხსნება. ახალი ევროსეზონის პირველ ტურნირს – მსოფლიოს თასს კი 30-31 იანვარს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.172071