ძიუდო

15:42 | 16.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ახალი კონკურენცია და ზვიადაურის ახალი ამპლუა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ტურნირი, რომელზეც ნაკრების ახალი შემადგენლობა უნდა გამოიკვეთოს, 18-19 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და საყოველთაო აზრით, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სანახაობრივი და დასამახსოვრებელი იქნება. მწვრთნელებისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჩემპიონატში მონაწილეობა ნაკრების ყველა წონითი კატეგორიის ლიდერისთვის სავალდებულო გახდა. გამოცდილმა სპორტსმენებმა შიდა კონკურენციაში თავიანთი უპირატესობა თავიდან უნდა დაამტკიცონ.
საქართველოს პირველობას წინ რეგიონალური ჩემპიონატები უძღოდა და შესარჩევი ეტაპის შედეგად უკვე ყველა წონითი კატეგორიის სია შევსებულია. ძიუდოს აკადემიაში მონაწილეთა სრული განაცხადი გუშინ გამოკიდეს და სავარაუდოდ, მასში ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი რომელიმე ძიუდოისტი კენჭისყრამდე ტრავმას მიიღებს.
ჩემპიონატის წინ სპორტსმენებს თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცათ. ზოგი თავის რეგიონში ემზადება, პირადი მწვრთნელის ზედამხედველობით, ზოგმა კი დასკვნითი ვარჯიშების დიღომში გავლა ირჩია. საქართველოს პირველობის ჩამთავრების შემდეგ რა თქმა უნდა სხვაგვარად იქნება. ჩემპიონ-პრიზიორები ნაკრების უშუალო კანდიდატები გახდებიან და შეკრებებსა და საერთაშორისო ტურნირებში ჩაერთვებიან. სწორედ საქართველოს პირველობის სამეულებით დაკომპლექტებული გუნდი იჭიდავებს იანვარში, თბილისის მსოფლიოს თასზე.
“ძალიან ლამაზ და დაძაბულ ჩემპიონატს ველი. სასიხარულოა, რომ ტატამზე სახელიანი ძიუდოისტებიც გავლენ. ამით მაყურებელიც მეტად ისიამოვნებს და რაც მთავარია, შიდა კონკურენციაც გაცილებით უკეთესად გამოჩნდება. როგორც მითხრეს, შეჯიბრს ტრავმის გამო მხოლოდ ამირან პაპინაშვილი და ალექსი დავითაშვილი დააკლდებიან. დარწმუნებული ვარ, სპორტის სასახლეში ბევრი დასამახსოვრებელი შეხვედრა შედგება. საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა მოდის და იმედია სიურპრიზებსაც შემოგვთავაზებენ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა.
დასკვნით ვარჯიშში მონაწილეობა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემაც მიიღო და მცირე კომენტარი მანაც გააკეთა:
“ახალი სეზონისთვის მზადებას ფაქტობრივად ახლა ვიწყებ და შეიძლება საუკეთესო ფორმაში ჯერ ვერ ვიყო, მაგრამ შევეცდები, კარგად ვიჭიდავო. კარგია, რომ საქართველოს ჩემპიონატში ნაკრების ყველა წევრი მონაწილეობს. ეს შეჯიბრის სანახაობრივ მხარეს გაზრდის, რადგან ახალგაზრდა ძიუდოისტებს მეტი მოტივაცია ექნებათ, ქვეყნის ძირითად გუნდში დასამკვიდრებლად”.
ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოს ჩემპიონატისთვის ბათუმში მოემზადა. ევროპის ვერცხლის ორგზის პრიზიორი თბილისში ორიოდ დღის წინ დაბრუნდა.
“აჭარაში ვსწავლობ და იქვე ვვარჯიშობდი, გიორგი ბაინდურაშვილთან ერთად. მინდა მომენტით ვისარგებლო და დიდი მადლობა გადავუხადო ზურაბ ზვიადაურს, რომელიც მწვრთნელობას მიწევს. მისი ზედამხედველობით ვარჯიში ჩემთვის მართლა უდიდესი სკოლაა. ჩემპიონატს ნორმალურ ფორმაში ვხვდები, დანარჩენი კი სპორტის სასახლეში გამოჩნდება” – გვითხრა ლიპარტელიანმა.
ვარჯიშის ბოლოს “მსოფლიო სპორტის” რამდენიმე შეკითხვას ზურაბ ზვიადაურმაც უპასუხა:
- საქართველოს ჩემპიონატის განაცხადში არ ხართ. სურვილი არ გაქვთ?
- სურვილი რა თქმა უნდა მაქვს, მაგრამ ხანგრძლივმა ტრავმიანობამ ნორმალურად ვარჯიშის საშუალება არ მომცა. ტატამზე საფუძვლიანი მკურნალობის კურსის გავლის გარეშე ვეღარ დავბრუნდები. ეს კი არარეალურია.
- გამოდის, აქტიური სპორტული კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებთ?
- სამწუხაროდ ასეა. უკვე ნებისყოფაც აღარ მაქვს. თუმცა დარბაზს მაინც ვერ ვცილდები და შეძლებისდაგვარად, ცოტ-ცოტას მაინც ვვარჯიშობ. უფრო მეტად კი ბიჭებს ვეხმარები.
- მომავალ ჩემპიონატზე გულშემატკივრების წინაშე მწვრთნელის ამპლუაში წარსდგებით...
- აბა ვნახოთ, როგორი დებიუტი მექნება – რას იზამენ შმაგი ლაგაზაური, გიორგი ბაინდურაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი.
- მწვრთნელობაზე სერიოზულად ფიქრობთ?
- ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.
საქართველოს ჩემპიონატის წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბრძოლები კი 17:00 საათიდან. 18 ნოემბერს მედლები 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხოლო 19 ნოემბერს – 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092111