ფეხბურთი

18:14 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდულის სათავეში ცვლილებების დროა

 

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 10 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა. ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები მე-3 ჯგუფში სლოვაკ, ჰოლანდიელ, შოტლანდიელ და ლუქსემბურგელ თანატოლებთან ერთად გამოდიოდნენ.

ქართველებმა ტურნირის ბოლო მატჩში “კარი გაიჯახუნეს” და სტუმრად ჯგუფის უპირობო ლიდერად მიჩნეული ჰოლანდია 1:0 დაამარცხეს. არადა, სახლში 0:6 დამარცხდნენ.

თუ ქართველ 21-წლამდელთა ისტორიას თვალს გადავავლებთ, ტოპსაფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლებთან აქამდე მხოლოდ ერთხელ მოეგოთ – 1998 წლის შესარჩევში იტალიასთან. მატჩი თბილისში 1997 წელს 10 სექტემბერს ჩატარდა და ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილებმა 2:0 გაიმარჯვეს. სხვათა შორის, მაშინაც, ქართველებმა იტალიელებთან პირველი თამაში 0:6 წააგეს.

იმავე შესარჩევში გუცაევის დამოძღვრილებმა სტუმრად ინგლისელ თანატოლებთან მატჩი 0:0 დაასრულეს. საბოლოოდ, გუნდი მე-2 აგილზე გავიდა, რაც დღემდე საუკეთესო მაჩვენებელია.

განვლილ შესარჩევში საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2013 წლის საკვალიფიკაციო ეტაპთან შედარებით მდგომარეობა ერთი პოზიციით გაიუარესა. არადა, ჩივაძე ტურნირის სტარტამდე საუკეთესო მეორეადგილოსნებს შორის მოხვედრა გეგმავდა. ამოცანა ვერ შესრულდა და 21-წლამდელებიდან არც პირველ ნაკრებს მიუღია მაინცდამაინც დიდი შევსება.

თუ ჰოლანდიასთან სტუმრად მატჩი შედეგის მხრივ საუკეთესო იყო, გორში ლუქსემბურგთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრა განვლილ ციკლში ყველაზე უარესად უნდა შეფასდეს. გასათვალისწინებელია, რომ უეფამ ამ თამაშის შედეგი გააუქმა და ქართველებს 0:3 წაგება ჩაუთვალა. საქმე ისაა, რომ მასპინძლების დაუდევრობის გამო, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნიკა კვეკვესკირმა ითამაშა, რომელსაც დისკვალიფიკაცია სრულად არ მოუხდია და უეფას ეს ფაქტი არ გამოეპარებოდა.

გასულ შესარჩევში ნამდვილად დასაფასებელია შოტლანდიის ნაკრების თბილისში 2:1 დამარცხება. ხსენებულ შეხვედრამდე ოთხი დღით ადრე ქართველები ჰოლანდიასთან განადგურდნენ, მაგრამ ძალა მოიკრიბეს და შოკური მდგომარეობიდან ბრიტანელებთან აღებული სამი ქულით გამოვიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩივაძის შეგირდებმა ჯგუფში ორივე მატჩი მხოლოდ სლოვაკეთთან წააგეს. მათ სტუმრად მართლაც კარგად ითამაშეს და მინიმუმ ქულას იმსახურებდნენ, რასაც საშინაო შეხვედრაზე ვერ ვიტყვით. საბოლოოდ, სლოვაკებმა გადამწყვეტი თამაში ჰოლანდიას მოუგეს და პლეი ოფში გავიდნენ.

ალბათ, ნაკრების სათავეში ცვლილებების დრო დადგა, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველმა 21-წლამდელებმა დასახული მიზანი ვერ შეასრულეს და ბოლო სამ შესარჩევში ყველაზე უარესი შედეგი აჩვენეს. ეს საკითხი საქართველოს ფეხბურთის  ფედერაციის გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ჩივაძე გუნდში აღარ იქნება, არც უმუშევარი დარჩება. ის ხომ პარალელურად ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.

უპრიანი იქნება თუ ასპარეზი რომელიმე შედარებით ახალგაზრდა მწვრთნელს დაეთმობა. მაგალითად, ვასილ მაისურაძეს, რომელსაც 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ათამაშა და 19-წლამდელების ელიტრაუნდიდან გაყვანამდე ნაბიჯი დააკლდა.

შანსი გია ცეცაძესაც უნდა მისცენ. მან 19-წლამდელები ევროპირველობაზე გაიყვანა და მაისურაძის მსგავსად, იმ თაობას, რომლებმაც 21-წლამდელების რიგებში მომავალ შესარჩევში უნდა ითამაშონ, კარგად იცნობს. ერთი სიტყვით, ახალგაზრდულში ცვლილებების დროა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116213