საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ახალ სეზონს ავსტრიული შეკრებით იწყებს. 8-20 იანვარს ქალაქ მიტერზილში ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას 12 ქართველი ძიუდოისტიც მიიღებს. პეტერ ზაიზენბახერმა თავის სამშობლოში ნაკრების უმთავრეს კანდიდატებს უხმო. გამონაკლისი კი მხოლოდ იმათზე დაუშვა, ვინც 14-15 იანვარს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მსოფლიოს მასტერსზე უნდა იჭიდაოს.
წლის პირველ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფლებას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია თითოეული წონითი კატეგორიის 16 საუკეთესორეიტინგიან სპორტსმენს აძლევს. ამ მოთხოვნას კი საქართველოს ნაკრების წევრთაგან მხოლოდ ოთხი აკმაყოფილებს: ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი და ირაკლი ცირეკიძე (ორივე - 100 კგ). ეს ოთხეული წინასატურნირო მზადებას საქართველოში გაივლის, ყაზახეთში კი ზაიზენბახერის ასისტენტთან, გიორგი ვაზაგაშვილთან ერთად გაემგზავრებიან. მსოფლიოს მასტერსს შეგირდებზე დასაკვირვებლად თავად ზაიზენბახერიც ესტუმრება და შემდეგ ისევ ავსტრიულ შეკრებას დაუბრუნდება.
ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ, სავარჯიშო პროცესს უბრუნდებიან ბეთქილ შუკვანი და შალვა ქარდავა. შუკვანი ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ვერცხლის პრიზიორი და უმჩატეს წონაში ყველაზე მაღალრეიტინგიანი ქართველი ძიუდოისტის, ამირან პაპინაშვილის უმთავრესი კონკურენტია. ქარდავა კი 66 კილოგრამში ოლიმპიური ლიცენზიის ლამის ერთადერთი კანდიდატია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. იძულებითმა უქმობამ იგი ლიცენზიანტთა ნორმატივს ჩამოარჩინა, მაგრამ სხვაობა არცთუ დიდია და სასურველი პოზიციის დაბრუნებაც შალვას რეალურად ძალუძს.
აქვე მიტერზილის წვრთნების სრული ქართული განაცხადი: ბეთქილ შუკვანი (60 კგ), შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი, ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი (81 კგ), ზურაბ ზვიადაური (90 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი (+100 კგ).
ოთარ მაღლაკელიძე







