ჭადრაკი

14:42 | 6.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ასრიანის მემორიალში რვა ქართველი მოჭადრაკე ჩაება

სომხეთის ქალაქ ჯერმუკში სტარტი აიღო ოლიმპიური ჩემპიონის კარენ ასრიანის რიგით მესამე მემორიალმა, რომელიც შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება, 64 მონაწილეს შორის კი 16 დიდოსტატია.
ტურნირის საპრიზო ფონდი 15 ათას დოლარს შეადგენს, საიდანაც პირველ ადგილზე გასული 3 000-ს მიიღებს, სულ კი პრიზები საუკეთესო თხუთმეტეულში გასულ მოჭადრაკეებს ერგებათ. ქალთა შორის მოწინავე სამეული, შესაბამისად, 800, 500 და 200 დოლარით დაჯილდოვდება.
მემორიალის ბოლო მეცხრე ტური 13 ოქტომბერს გაიმართება და იმავე დღეს ტურნირის საზეიმო დახურვაც შედგება.
ჯერმუკში სათამაშოდ საქართველოდან საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია გაემგზავრა. ტურნირში რეიტინგ-სიით   მეოთხე ნომრად კოკა შანავა (2566) გახლავთ განთესილი, მის გარდა კი სომხეთში გიორგი ბაღათუროვი (2464, მე-12), დავით მაღალაშვილი (2455, მე-13), ნაზი პაიკიძე (2376, მე-15), მაია ლომინეიშვილი (2355, მე-17), სოფო გვეტაძე (2352, მე-20), სოფო გურამიშვილი (2343, 22-ე) და ნინო იმნაძეც (1764, 61-ე) იმყოფებიან.
შეჯიბრების პირველ ტურში ყველა ქართველმა მონაწილემ, გარდა იმნაძისა, გამარჯვება იზეიმა. ეს უკანასკნელი შავი ფიგურებით სომეხ მოჭადრაკეს დაუზავდა.
დასასრულ დავძენთ, რომ მემორიალში მასპინძელთა გარდა, მხოლოდ ქართველი და რუსი მოჭადრაკეები ასპარეზობენ, მეორე ტურში კი ერთ ქართულ დუელსაც ვიხილავთ – სოფიკო გურამიშვილი კონსტანტინე შანავას ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089562