ფეხბურთი

13:20 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

არველაძემ პირველი სამი ქულა ყოფილ გუნდთან მიითვალა

მიმდინარე სეზონში, თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგაში შოთა არველაძემ პირველი გამარჯვება ყოფილ გუნდ “ქაისერისფორთან” მოიპოვა. მე-2 ტურში, ქართველის მიერ გაწვრთნილმა “ქასიმფაშამ” შინაურ კედლებში მეტოქე 3:1 დაამარცხა. “ქაისერში” ზურაბ ხიზანიშვილი 90 წუთი გაისარჯა. ორი ტურის შემდეგ “ქასიმფაშას” 3 ქულა აქვს და 18 გუნდში მეექვსეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-7 ტურში, მარიუპოლის “ილიჩივეცმა” კიევის “არსენალს” უმასპინძლა და 2:1 აჯობა. მარიუპოლელთა რიგებში თორნიკე ოქრიაშვილს თამაშის საშუალება 66-ე წუთიდან მიეცა, ხოლო დავით თარგამაძე 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. “ილიჩივეცმა” 10 ქულა დააგროვა და 16 გუნდს შორის მეშვიდეა.

“სევასტოპოლი” გასვლაზე ხარკოვის “მეტალისთან” 1:2 დამარცხდა. სევასტოპოლელთა შორის მათე ღვინიანიძე თავიდან ბოლომდე გაისარჯა. მისი გუნდი 11 ქულით მეთექვსმეტეა.

ლუცკის “ვოლინმა” სტუმრად პოლტავის “ვორსკლასთან” 3:3 ითამაშა. ლუცკელთა შემადგენლობაში თემურ ფარცვანიამ 53-ე წუთიდან ითამაშა. “ვოლინი” 6 ქულით მეთორმეტეა.

უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგის) მე-7 ტურში, “მიკოლაევმა”, რომლის ღირსებასაც გიორგი ჯგერენაია იცავს, “ჰელიოსს” უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ქართველ მარცხენა მცველს მიმდინარე სეზონის განვლილი მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად არ უთამაშია. “მიკოლაევს” 11 ქულა აქვს და 16 გუნდში მეხუთეა.

გერმანიის ბუნდესლიგის მე-3 ტურში, ბერლინის “ჰერტამ” თავის მოედანზე “ჰამბურგს” 1:0 მოუგო. ლევან კობიაშვილი ბერლინელთა 18-კაციან განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა. “ჰერტა” 7 ქულით 18 გუნდში მეხუთეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-4 ტურში, ზაქათალის “სიმურგმა” “ბაქი” მიიღო და 0:3 წააგო. “სიმურგს” 4 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მეექვსეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-18 ტურში “ვენტსპილსმა” საკუთარ მოედანზე რიგის “დაუგავას” 2:1 აჯობა. გამარჯვებულთა შორის თორნიკე თარხნიშვილი მოედანზე 88-ე წუთზე გამოჩნდა. გიორგი დიაკვნიშვილი სტუმართა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ვენტსპილსი” 38 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა, ხოლო “დაუგავა” 34 ქულით მეოთხეა.

დაუაგავპილსის “დაუგავამ” შინ “მეტტას” 3:0 აჯობა. მასპინძლებში გიორგი ჩიხრაძე შეუცვლელად გაისარჯა. მამუკა ღონღაძე თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ბიძინა ცინცაძე - 83-ზე. დაუგავპილსელები 36 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-5 ტურში, კიშინიოვის “ზიმბრუმ” გასვლაზე “სპერანცასთან” 0:1 მარცხი იწვნია. “ზიმბრუში” თორნიკე სტეფნიაშვილი შეცვლაზე 43-ე წუთზე შევიდა და მე-80 წუთზე თავად შეცვალეს. “კიშინიოველებს” 8 ქულა აქვთ და 12 გუნდში მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

ყაზახეთის პრემიერლიგაში დასარჩენად მებრძოლმა “ატირაუმ”, ჩემპიონატის მე-2 ეტაპის მე-2 ტურში, სტუმრად “ტობოლთან” 1:3 წააგო. გიორგი ფეიქრიშვილი დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 71-ე წუთზე შეცვალეს. “ატირაუს” 14 ქულა აქვს და 12 გუნდში მეშვიდეა.

სომხეთის პრემიერლიგის მე-3 ტურში, “ულისესი” თავის მოედანზე ერევნის “არარატთან” 0:1 დამარცხდა. მასპინძლებში თენგიზ უგრეხელიძე სრულად გაისარჯა. “ულისესს” ერთი ქულა აქვს და 8-გუნდიან პრემიერლიგაში ბოლოა.

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-10 ტურში, კალინინგრადის “ბალტიკამ” ბელგოროდში ადგილობრივ “სალიუტთან” 1:2 წააგო. მეკარე გიორგი შელია, რომელიც მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობდა, ამჯერად, კალინიგრადელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ბალტიკას” 12 ქულა აქვს და 19 გუნდში მეათეა.

ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა” სტუმრად ტულის “არსენალთან” ვერაფერი გააწყო – 1:2. დამარცხებულებში მერაბ ურიდიამ 79-ე წუთიდან ითამაშა. “ნეფტეხიმი” 4 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113983