ინტერვიუები

10:23 | 6.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე "ალკმაარის" თანამთავარი მწვრთნელია

რონალდ კუმანი ჰოლანდიური “ალკმაარის” მთავარი მწვრთნელობიდან დაითხოვეს და ჰოლანდიურ პრესაშიც უმალ გაჩნდა ვარაუდი, გუნდს შოთა არველაძე ჩაიბარებსო – საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი ხომ კუმანის თანაშემწე გახლდათ.
“მსოფლიო სპორტი” შოთას ჰოლანდიაში დაუკავშირდა და მანაც უარყო  - “მთავარ მწვრთნელად ჩემი საკითხი არ დგას.” თუმცა, სულ ცოტა ერთ მატჩში, სწორედ ტყუპისცალი უთავკაცებს “ალკმაარს”, ოღონდ კიდევ ერთ ყოფილ თანაშემწესთან ერთად  თანაბარი უფლებები ექნება. 
არველაძეს სხვა საინტერესო თემებზეც ვესაუბრეთ:

- კუმანი “ალკმაარიდან” გაუშვეს: მისი შემცვლელი შენ ხომ არ იქნები?
- საკითხი ასე არ დგას. ჯერ ერთი, პრო-ლიცენზია არ მაქვს, მეორეც, “ალკმაარში” ახალი მთავარი მწვრთნელის მოყვანაზეა ლაპარაკი. დღეს, მე და კუმანის კიდევ ერთმა თანაშემწე მარტინ ჰაარმა ჩავატარეთ ვარჯიში. ჩემპიონთა ლიგაში ბელგიის “სტანდარდთანაც” ჩვენ ორნი გავუძღვებით გუნდს, მერე კი, არ ვიცი.
- ანუ, პრო-ლიცენზიის უქონლობა გიშლის ხელს?
- არა, მთლად ასეც არაა. პრო-ლიცენზია რომც მქონდეს, დარწმუნებით ვერ ვიტყოდი, მთავარ მწვრთნელად მე დამნიშნავდნენ-მეთქი. თუმცა, ჩემი დროც მოვა.
- როდის აიღებ პრო-ლიცენზიას?
- ზაფხულში.
- შეიძლება ისე მოხდეს, რომ სეზონი შენ და ჰაარმა ჩაამთავროთ მთავარი მწვრთნელების რანგში? “სტანდარდთან” თუ მოიგებთ, ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებთ – ამ შემთხვევაში ხომ შეიძლება, ხელმძღ¬ვანელობა სხვა მწვრთნელზე აღარ დაფიქრდეს?
- არა მგონია - “სტანდარდთან” შე¬დეგი მწვრთნელის საკითხში არა-ფერს ცვლის. ამ შემთხვევაში ასეა.
- კუმანი მხოლოდ ცუდი შედეგის გამო გაუშვეს ,თუ რაიმე კონფლიქტიც მოხდა?
- არავითარი კონფლიქტი. “ალკმაარი” შედეგს ვერ აღწევდა, “ვიტესთან” წაგება კი ბოლო წვეთი გამოდგა. წაგებისთანავე, იმავე საღამოს, კუმანი გაუშვეს.
- მაინც რატომ ჩავარდა ასე “ალკმაარი”? წინა სეზონში დიდი უპირატესობით გახდით ჰოლანდიის ჩემპიონები, წლეულს კი, ვერც ერედივიზიონში და ვერც ჩემპიონთა ლიგაში ვერ ყოჩაღობთ.
- ბევრი პატარა კლუბი, რაღაც დიდ სიმაღლეზე რომ ადის, მერე დაღმასვლა ეწყება. თითქოს, მიღწეულით კმაყოფილდები და ეშვები. მწვრთნელის ფაქტორიც დიდი იყო: ვფიქრობ, ფეხბურთელებთან უფრო მკაცრი მიდგომა იყო საჭირო, კუმანი კი ასე ვერ იქცეოდა. აბა, ლუის ვან გაალთან გაე¬ბედა ვინმეს და ვარჯიშზე დაეგვიანა.
- კუმანი რბილი მწვრთნელი იყო? რატომღაც პირიქით გვეგონა – “ვალენსიაში” რამდენიმე თვე იყო და ფეხბურთელებთან სულ კონფლიქტებში იყო...
- არა, ძალიან რბილი კაცია. ვან გაალის დროს, ჯარისკაცული დამოკიდებულება იყო.
- ქართულ ამბებზეც: შენი ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი თემურ ქეცბაია, ახლა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. როგორ ფიქრობ, პირველ რიგში, რა შეიცვლება ქეცბაიას მუშაობისას?
- თემურის იმედი რეალურად მაქვს. ყველამ იცის, როგორი სპეციალისტია, როგორი ჟინით მუშაობს და ახლა, ჯერი ფეხბურთელებზეა - უნდა აჰყვნენ. იმედი მაქვს, ქეცბაია და ფეხბურთელები ერთმანეთს ბოლომდე გაუგებენ.
- ქეცბაიამ თქვა, ნაკრების შემადგენლობას, თითქმის მთლიანად ლეგიონერებით დავაკოპლექტებო. ამა¬ზე რას იტყვი?
- მგონი, თემურს საოცარი და განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. ბოლო წელიწადნახევარი თუ ორი წელია, საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო გიორგი მერებაშვილია, მაგრამ რად გინდა – თამაშობს ნაკრებში მაღალ დონეზე? ქეცბაია ძალიან პირდაპირი კაცია და რასაც ფიქრობდა, ზუსტად ის თქვა. შესაძლოა, მე ცოტა შერბილებულად მეთქვა. მაგრამ აქ სირბილეზე და პირდაპირობაზე არაა ლაპარაკი. მაგალითად, საინტერესოა, ქეცბაია ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს დაესწრება თუ არა, გუნდების მწვრთნელებს თუ ჰკითხავს აზრს ამა თუ იმ ფეხბურთელზე, ანუ რამდენად ექნება კომუნიკაცია ქართულ კლუ¬ბებთან.
- “არველაძეების ფონდის” საქმიანობაზე  რას იტყვით, რომელიმე ქართველი ფეხბურთელი ხომ არ შეგიგულებიათ უცხოური კლუბისთვის?

- სამიოდე კვირის წინ, თავდამსხმელი რევაზ ბარაბაძე გვყვავდა წაყვანილი დანიის ერთ-ერთ კლუბში. რევაზი “ანჟიში” თამაშობდა, მერე კი ტრავმირებული იყო. დანიელებმა გასინჯეს, თითქოს მოეწონათ კიდეც, მაგრამ კარგა ხნის უთამაშებელს, ეგრევ კონტრაქტს ვერ გაუფორმებდნენ. ვნახოთ, შეიძლება კიდევ შეეხმიანონ ბარაბაძეს. ახლა ორი ახალგაზრდა ბიჭის გაშვებას ვაპირებთ “კარლსრუეში”, ალექსანდრე იაშვილთან.  ლაპარაკია 17-18 წლის ფეხბურთელებზე, მაგრამ გვარების თქმა ჯერ არ მინდა. კიდევ, გოგა ხარლამოვს წავიყვანთ ესპანეთის ერთ-ერთ გუნდში – გეცოდინებათ, ხარლამოვი 16 წლისაა, ძალიან ნიჭიერი ბიჭია.  ჩვენ რომ სააგენტო ვიყოთ, ცოტა სხვაგვარად ვიმოქმედებდით. ამ შემთხვევაში კი, რაც შეგვიძლია, პროტექციას ვუწევთ ფეხბურთელებს, გუნდში მიგვყვავს, მერე კი ზოგჯერ ხელი გვეშლება: ჩვენ წაყვანილ მოთამაშეებს აგენტები სხვა კლუბებს სთავაზობენ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენი ფონდის მეშვეობით, ბავშვთა გუნდი “ჯორჯია” პრესტიჟულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას – 24 იანვარს ლატვიაში დაიწყება ეს ტურნირი და ბრემენის “ვერდერი”, მოსკოვის “სპარტაკი” და სხვა ცნობილი კლუბების 12-13-წლამდელებიც იქნებიან.  ამ საქმეში, ჩემი ყოფილი თანაგუნდელი საქართველოს ნაკრებში, ალეკო რეხვიაშვილი დაგვეხმარა, რომელმაც თითქმის მთელი კარიერა ლატვიურ გუნდებში გაატარა.  და ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნზეც ვიტყვი. წიგნი “გუშინ” უკვე დაიბეჭდა და მალე პრეზენტაციაც მოეწყობა. ჯერ პრეზენტაცია იქნება და მერე გავა გაყიდვაში.
ილია ნანობაშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093826