ბუენოს აირესის “მსოფლიოს თასზე” მოლოდინისამებრ, ბრაზილიურ “დიდ სლემზე” კიდევ უფრო სუსტმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და შედეგად, ქართული განაცხადის ხუთივე წევრი პირველ ნომრადაა განთესილი. წილისყრის შედეგები ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და საქართველოს ნაკრების წევრთა პირველ მეტოქეებზეც აქვე მოგახსენებთ.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში სულ 13 მონაწილე შეიკრიბა და ბეთქილ შუკვანი იმ 3-ს შორის მოხვდა, “მსოფლიოს თასზე” პირდაპირ მეორე წრიდან - მეოთხედფინალიდან რომ ჩაერთვებიან. რიო დე ჟანეიროს “დიდი სლემის” ქართველ ჩემპიონს ბუენოს აირესში პირველ მოწინააღმდეგედ არგენტინელი გაბრიელ საბატინოსა და ბრაზილიელი ლეონარდოს წყვილში გამარჯვებული ეყოლება. ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) მეთექვსმეტედფინალით და არგენტინელი მარტინ ლაურეანოთი დაიწყებს. ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) მერვედფინალში ჩილელ როდრიგო იდროს დაუწყვილდა, ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) სავარაუდო მეტოქეების, ბრაზილიელი ვიქტორ კონსერვასა და არგენტინელი ლაუტარო ავაკიანის მერვედფინალურ შეხვედრას გვერდიდან დააკვირდება, ადამ ოქრუაშვილს (+100 კგ) კი, ზედიზედ მეორე საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობას მხოლოდ ორი გამარჯვება აშორებს. ქართველი მძიმეწონოსანი კენჭისყრამ პირდაპირ ნახევარფინალში განთესა, სადაც არგენტინელ ორლანდო ბაჩინოსა და კოლუმბიელ ლუის სალასარს შორის უძლიერესს უნდა დაეჭიდოს.
დღეს მედლები 60, 66 და 73 კილოგრამებში გათამაშდება, ხვალ კი, 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში. შეგახსენებთ, არგენტინული “მსოფლიოს თასი” ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ ქართულ გეგმაში შეტანილი ბოლო ტურნირია.
ოთარ მაღლაკელიძე







