ფეხბურთი

15:16 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

არაბული ჩამოვიდა, რათა წავიდეს

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" აღზრდილი ბაჩანა არაბული კარგა ხანია, რაც ესპანურ "ალკორკორნში" ჩაირიცხა. თუმცა, ახალგაზრდა ფორვარდი სავიზო პრობლემებთან დაკავშირებით ჯერჯერობით გუნდს ვერ ეხმარება. არაბული რამდენი დღეა თბილისში იმყოფება, ინდივიდუალურად ვარჯიშობს და დღე-დღეზე თურქეთიდან ვიზას ელის.

ესპანეთში გამგზავრებამდე არაბული საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ოფიციალურ ვებგვერდ ესაუბრა.

ბაჩანა არაბული:"რამდენიმე დღეა თბილისში ვიმყოფები, ვიზას ვადა გაუვიდა და საქართველოში ჩამოვედი. ახლა თურქეთიდან ვიზას ველოდები, მაქსიმუმ 10 დღეში ალბათ ეს საკითხი მოგვარდება და ისევ ესპანეთში ვბრუნდები. ყველაფერი წესრიგშია, იმედია მალე ეს პრობლემაც მოგვარდება და "ალკორკორნში" ოფიციალურ შეხვედრებშიც მივიღებ მონაწილეობას".

- ბაჩანა, მოდით თავიდან დავიწყოთ. გაიხსენეთ ის პერიოდი, როდესაც "ალკორკორნში" აღმოჩნდით?

- ესპანურ კლუბამდე, რამდენიმე ვარიანტი იყო, თუმცა ყველაზე რეალური სწორედ ამ კლუბში ჩარიცხვა აღმოჩნდა. მე და "საბურთალოს" გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე წავედით ესპანეთში, იქ გადაწყდა, რომ ნახევარი წლით "ალკორკორნში" ვითამაშებდი. შემდეგ, თუ ორივე მხარე კმაყოფილი ვიქნებით, გაგრძელდებოდა ხელშეკრულება. კონტრაქტის თანახმად, იანვრამდე "ალკორკორნს" ვეკუთვნი, შემდეგ ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

- ელოდით მსაგავს შეთავაზებას?

- არ ველოდი, შეიძლება ითქვას, დიდი სიურპრიზი იყო. რომ გავიგე იყო ამის შესაძლებლობა და ვარიანტი, ბუნებრივია ძალიან გამიხარდა. მინდოდა ქვეყნის გარეთ მომესინჯა ძალები.

- გუნდში როგორ დაგხვდნენ?

- ძალიან თბილად, კმაყოფილი ვარ. მალე შევეჩვიე იქაურობას. მართალია, ესპანური ენა არ ვიცოდი, მაგრამ ინგლისურად ვსაუბრობ. ამ კუთხით პრობლემა არ შემქმნია. თავდაპირველად, გუნდმა კარგად დაიწყო, მაგრამ ახლა მაინც და მაინც არ ვართ სახარბიელო მდგომარეობაში. სატურნირო ცხრილში, 22 გუნდში, მე-17 პოზიციაზე ვართ, რაც მიუღებელი შედეგია. იმედია, მალე ეს ყველაფერი გამოსწორდება და გუნდის წინსვლაში გარკვეულ წვლილს მეც შევიტან.

- ზემოთ ენობრივ ბარიერზე ისაუბრეთ. ესპანურს არ სწავლობთ?

- ესპანურს ნელ-ნელა ვეუფლები, თუმცა საფუძვლიანად სწავლას ალბათ იანვრის შემდეგ გადავწყვეტ. იმედია, კლუბთან ხელშეკრულება მომავალშიც გაგრძელდება და ამის შემდეგ ესპანურსაც უკეთ ვისწავლი. თუმცა, სავარჯიშო პროცესზე ყველაფერი მესმის, თუ რას საუბრობს მთავარი მწვრთნელი.

- ყველა გუნდს თავისი სტილი აქვს. "ალკორკორნს" როგორი ხელწერა აქვს?

- ბურთზე კონტროლს დიდ ყურადღებას აქცევენ, ტექნიკური გუნდია, ბუნებრივია ფიზიკურ კონდიციებსაც დიდ ყურადღებას უთმობენ. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებზე ამდენს თუ ირბენდნენ.

- თავდაპირველად ფიზიკურ ვარჯიშებთან გამკლავება ხომ არ გაგიჭირდათ?

- თავიდან გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა დალაგდა ყველაფერი. გუნდში რომ ჩავედი, მოსამზადებელი პერიოდი არ მქონდა გავლილი, მწვრთნელებმა ამის შესახებ იცოდნენ. ახლა ვგრძნობ რომ აშკარად უკეთ ვარ, შევდივარ ფორმაში. სამწვრთნელო შტაბმა პროგრამა გამომატანა და თბილისში მათი დაწერილი პროგრამით ვვარჯიშობ.

- თქვენს გარდა, კლუბში კიდევ რამდენი ლეგიონერია?

- ორი ფრანგი, დანარჩენები ესპანელები არიან.

- წამოსვლისას მწვრთნელებთან ან კლუბის ხელმძღვანელებთან თუ გქონდათ შეხვედრა და რაზე ისაუბრეთ?

- სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. მათაც ძალიან სურთ, რომ ვიზის პრობლემა მალე მოგვარდეს და თამაშის უფლება მქონდეს, ჩემი სჯერათ და მეც იმედების გამართლებას ვეცდები. ისინიც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და იმედი აქვთ, რომ მალე ოფიციალურ მატჩებშიც მივიღებ მონაწილეობას. გავიცანი კლუბის ერთგული გულშემატკივრები, ძალიან ემოციურები არიან, ყველა თამაშზე მრავლად ესწრებიან ქომაგები, ფეხბურთი ძალიან უყვართ.

- ესპანეთში ჩასვლიდან მალევე ადგილობრივები აალაპარაკეთ. გაიხსენეთ "ხეტაფესთან" ამხანაგური შეხვედრა?

- საქართველოდან რამდენიმე დღის ჩასული ვიყავი, ჯერ კარგად არც ვიცნობდი კლუბს. "ხეტაფესთან" ამხანაგური მატჩი გვქონდა, სტუმრები ძირითადი შემადგენლობით იყვნენ. საწყისი წუთები გამიჭირდა, მაგრამ დაახლოებით პირველი ტაიმის შუაში “გავიხსენი”. პირველი ნახევარი 3:0 მოვიგეთ, სამივე გატანილ გოლში შევიტანე წვლილი. კმაყოფილები იყვნენ კლუბის ხელმძღვანელები, მეც გამიხარდა, რომ ყველაფერი კარგად დაიწყო.

- გუნდი მეჩვიდმეტე ადგილზეა, ბურთების შეფარდება უჩვეულო გაქვთ - 8 გატანილი და 7 მიღებული, რაც დამეთანხმებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ჩანს, რომ შეტევაში გუნდს უჭირს, თუმცა დაცვაში საიმედოდ გამოიყურება.  

- მართლაც კარგი დაცვა გვყავს. მოწინავე გუნდებს, რომლებიც ლიდერობენ გათამაშებას, მინიმუმ 15 ბურთი უკვე გაშვებული აქვთ. რაც შეეხება თავდასხმას, ნამდვილად ცოტა გოლი გვაქვს გატანილი. თითქოს მომენტებს ვქმნით, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში მოვიკოჭლებთ. არ გვიმართლებს თუ რა ხდება ვერ გეტყვით. მწვრთნელიც შემტევი ფეხბურთის მიმდევარია, ვერ ვიტყვი იმას, რომ დაცვით ფეხბურთს ვთამაშობთ.

- თავად ქალაქი როგორია?  

- მყუდრო ქალაქია, არც ისე პატარა. მადრიდთან ძალიან ახლოსაა, ნელ-ნელა ვეგუები იქაურობას.

- როგორ ერთობით-ხოლმე? ვისთან  მეგობრობთ?

- გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს დავუახლოვდი, ხშირად ერთად ვატარებთ დროს. ესეც რომ არ იყოს, ესპანეთში ქართველები მრავლად არიან და რამდენიმე ქართველი გავიცანი.

- თუ გქონდათ საშუალება, "რეალის", "ბარსელონას" ან რომელიმე გრანდის მატჩისთვის ტრიბუნებიდან გედევნებინათ თვალყური?

- ახალი ჩასული ვიყავი, როდესაც "რეალისა" და "ბილბაოს" მატჩს დავესწარი. რა თქმა უნდა, განსხვავებული შეგრძნება იყო, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. უბრალოთ, რაც თვალში მომხვდა ეს რონალდუ იყო - პორტუგალიელი მაინც განსხვავებულია, მაგარი "გიჟია" (იცინის).

- და საუბრის ბოლოს - "საბურთალოში" გატარებულ პერიოდს ალბათ ყოველთვის კარგად გაიხსენებთ...

- თავისთავად! "საბურთალო" არასდროს დამავიწყდება, ძალიან მადლიერი ვარ ამ სკოლის, მთლიანად ხელმძღვანელების. რასაც მივაღწევ, მთლიანად "საბურთალოს" დამსახურება იქნება.

fcsaburtalo.ge

0.118993