ჭადრაკი

15:43 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება

 

თურქეთის ქალაქ ქოჯაელში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 21 სექტემბერი დასვენების დღეა, გუშინ კი მორიგი მე-7 ტურის პარტიები შედგა, რომელმაც გოგონათა ტურნირის მონაწილე მერი არაბიძეს (2379) წინსვლა მოუტანა.

ქართველმა მოჭადრაკემ შავი ფიგურებით ყაზახი დინარა სადუაკასოვა (2326) დაამარცხა და 5.5 ქულა მოაგროვა. მერის დარი მონაგარი კიდევ სამ მონაწილეს გააჩნია და დამატებითი მაჩვენებლებით, ჩვენებური მე-5 ადგილზე იმყოფება.

ერთპიროვნული ლიდერი რუმინელი ირინა ბულმაგაა (2387), რომლის აქტივშიც 6.0 ქულაა. მე-8 ტურში ცენტრალური სწორედ ბულმაგას და არაბიძის დაპირისპირება იქნება. შავი ფიგურებით ქართველი ითამაშებს.

აქვე ვთქვათ, რომ გოგონათა პირველობაზე 4.0 ქულით 24-ე პოზიცია უკავია ანა კუჭავას (2092). მე-7 ტურში იგი შავებით ვიეტნამელ ტი მაი ნგუიენს (2222) დაუზავდა, შემდეგი პარტია კი თეთრი ფიგურებით მონღოლ ალტანულზი ენხტუულთან ელის.

მარცხი შეემთხვა ვაჟთა ტურნირის ერთადერთ ქართველ მონაწილე ზურაბ ჯავახაძეს (2457). მან შავებით არაბეთის გაერთიანებული ემირატების წარმომადგენელ სალეჰ სალემთან (2570) წააგო და 4.0 ქულით 36-ე ადგილამდე დაქვეითდა. მე-8 ტურში ზურაბი თეთრი ფიგურებით ინდონეზიელ ლუტფი მუჰამადს (2277) გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 13 ტურად მიმდინარეობს და 26 სექტემბრამდე გასტანს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11105