ინტერვიუები

10:08 | 4.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო ვალენსია: "ეს მხოლოდ დასაწყისია"

კრიშტიანუ რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის შემდეგ ინგლისის ჩემპიონებმა არცთუ ხმაურიანი ტრანსფერები განახორციელეს და ძირითადად, საფეხბურთო სამყაროსთვის ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები შეიძინეს. ერთ-ერთი მათგანი იყო ანტონიო ვალენსია. “უიგანიდან” “მანჩესტერში” გადაბარგებულმა ეკვადორელმა ფეხბურთელმა სერ ალექს ფერგიუსონის იმედები გაამართლა და “მანკუნიანელთა” შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. გთავაზობთ ვალენსიას მიერ “მანჩესტერის” ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუს.

- უეინ რუნის და პატრის ევრას შემდეგ, მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი მატჩი გაქვთ ჩატარებული. სეზონის დასაწყისში ელოდით ამას?
- სიმართლე გითხრათ, არა. იმისათვის, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვდე, თავდაუზოგავი მუშაობა და თამაშისთვის მუდმივი მზადყოფნაა საჭირო. საბედნიეროდ, მწვრთნელმა არაერთხელ მომცა შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი. ჩემი მანჩესტერული კარიერით უკვე კმაყოფილი ვარ და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
- ნოემბერში და დეკემბერში, ჩვენი საიტის საშუალებით გულშემატკივრებმა თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. რამდენად მნიშვნელოვანია მათი აღიარება?
- ეს მმატებს მოტივაციას, მუშაობის გაგრძელების და ტიტულების მოგების სურვილს. ფეხბურთში გულშემატკივრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ და მათგან აღიარება ძალზე სასიამოვნოა.
- “მანჩესტერში” გადმოსვლის შემდეგ, თქვენს მიერ გატანილი გოლების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა, როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს?
- ახლა მეტოქის საჯარიმოში უფრო ხშირად მიწევს ყოფნა, ვიდრე სხვა კლუბებში ასპარეზობის დროს. მეტოქის საჯარიმოში თამამად შევდივარ და როდესაც შეტევა მარცხენა ფლანგიდან ხორციელდება, ვცდილობ შორეულ ძელთან დავიკავო ადგილი, რადგან ჩაწოდების შემთხვევაში შეტევის გოლით დაგვირგვინება შევძლო.
- როგორ შეაფასებთ “მანჩესტერის” საჩემპიონო შანსებს?
- გვსურს მივაღწიოთ რაც შეიძლება დიდ წარმატებებს. შეგეძლოთ გენახათ, თუ როგორი მონდომებით ვთამაშობდით კარლინგის თასის ნახევარფინალში. გამიხარდა, რომ ფინალში “უემბლის” სტადიონზე მოგვიწევს თამაში. ძალიან კარგი იქნება, თუ “მანჩესტერში” თამაშის პირველივე სეზონში რაიმე ტიტულს მოვიგებ.
- იზეიმებენ თქვენს წარმატებას ეკვადორში? ჰყავს მანჩესტერს თქვენს სამშობლოში ბევრი გულშემატკივარი?
- ვერ ვიტყვი, რომ მთელი ეკვადორი “მანჩესტერს” ქომაგობს, მაგრამ ჩემი ოჯახი და მეგობრები, ამ კლუბს უჭერენ მხარს. ისინი ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები არიან და არა მხოლოდ ჩემს თამაშებს უყურებენ. ზოგიერთი მათგანი დეკემბერში მანჩესტერში იყო ჩამოსული და ჩვენს რამდენიმე თამაშსაც დაესწრო. საბედნიეროდ, ერთი-ერთი მათგანი იყო “უიგანის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა, ასე რომ, მათ ნახეს ჩემს მიერ გატანილი გოლი.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093801