იტალიური “მილანის“ აპენინელი ფორვარდის მშვენიერმა მეუღლემ კაროლინა კასანომ, ერთ-ერთ ევროპულ “ყვოთელ“ გამოცემასთან თავისი ქმრის ნაკლოვანებებზე ისაუბრა. როგორც კაროლინა ამბობს, მას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ქმრისათვის ისეთი მავნე ჩვევები მოეშლევინებინა, როგორიც საზოგადოების წინაშე მთქნარება და ხმაურიანად ჭამაა. კასანოს მეუღლე ქმრის ამ მავნე ჩვევებს მის სამხრეთულ ბუნებას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ სამხრეთ იტალიაში თქლაფა-თქლუფით ჭამა ჩვეულებრივი მოვლენაა და არავის უკვირს, მაგრამ ეს მისთვის მიუღებელი რამაა და მსგავს ჟესტებს სწორედ ამიტომ გადააჩვია თავისი ქმარი.
კაროლინა კასანო ყოფილი წყალბურთელია და თავის დროზე საკმაოდ კარგადაც ირჯებოდა. კასანოს მეუღლე სპორტულ ოჯახშია გაზრდილი. მისი დედა ახალგაზრდობაში მძლეოსანი იყო, მამა კი დღემდე აგორებს ბურთს ქალაქ რიმინის ვეტერანთა გუნდში. ანტონიო კასანოსა და მისი ცოლის გაცნობაც, რა გასაკვირია, რომ სპორტთანაა დაკავშირებული. ანტონიომ და კაროლინამ ერთმანეთი გენუაში, “სამპდორიას“ ერთ-ერთი ფეხბურთელის სახლში მოწყობილ წვეულებაზე გაიცნეს და სავარაუდოდ, კაროლინამ თავის მომავალ ქმარს სწორედ მაშინ შეატყო ღირსებებიცა და მავნე ნაკლოვანებებიც.
როდესაც ანტონიო კასანო ჟურნალს გადაშლიდა და თავის ცოლთან ინტერვიუს წაიკითხავდა, ალბათ დიდად არ აღფრთოვანდებოდა, ცოლმა საყოველთაოდ რომ ამხილა მთქნარიობასა და ღორმუცელობაში, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ანტონიოს ცოლის წინააღმდეგ რაიმე გადამჭრელი ზომები მიეღო. იტალიაში ხომ სათქმელის პირდაპირ თქმა, ჯერ ისევ ღირსეულ ჟესტად ითვლება.







