საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 68-ე ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელსაც ანაკლია მასპინძლობს, პირველი სენსაციური შედეგი დაფიქსირდა.
ტურნირის მონაწილეთაგან ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე, 17 წლის საერთაშორისო დიდოსტატი, ნაზი პაიკიძე, რომელიც თეთრი ფერის ფიგურებით თამაშობდა, ვერაფერს გახდა საერთაშორისო ოსტატ, მირანდა მიქაძესთან და იძულებული გახდა, დანებებულიყო.
დანარჩენ პარტიებში დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრები საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა მონაწილეობით. ჩემპიონატის ყველაზე გამოცდილმა მონაწილემ, ნინო ხურციძემ, სოფო ხუხაშვილს მოუგო, ყაიმზე შეთანხმდნენ ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი, ხოლო ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, სალომე მელიამ, ნინო ბაციაშვილი დაამარცხა.
ამრიგად, პირველი ტურის შემდეგ, თითო ქულა აქვთ: ნინო ხურციძეს, მირანდა მიქაძეს, სალომე მელიას, მარიამ დანელიას და მაკა ფურცელაძეს.
მე-2 ტურში დიდ ინტერესს იწვევს პარტია, სადაც ერთმანეთს ხურციძე და პაიკიძე ხვდებიან.
პირველი ტურის ტექნიკური შედეგები: სოფო ხუხაშვილი-ნინო ხურციძე 0:1; ნაზი პაიკიძე-მირანდა მიქაძე 0:1; ნინო ბაციაშვილი-სალომე მელია 0:1; ლელა ჯავახიშვილი-ბელა ხოტენაშვილი 0,5:0,5; მარიამ დანელია-მერი არაბიძე 1:0; სოფო ნიკოლაძე-მაკა ფურცელაძე 0:1, მაია ლომინეიშვილი ისვენებდა.
მე-2 ტურის განრიგი: ხოტენაშვილი-ნიკოლაძე, არაბიძე-ჯავახიშვილი, მელია-დანელია, მიქაძე-ბაციაშვილი, ხურციძე-პაიკიძე, ლომინეიშვილი-ხუხაშვილი. ფურცელაძე ისვენებს.
როლანდ ლაბუჩიძე
სოფო ნიკოლაძის ფოტო







