მცირეხნიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი კორტს უბრუნდება. ანა უკვე იტალიის დედაქალაქ რომში იმყოფება და დღეიდან Internazionali BNL d'Italia-ს საკვალიფიკაციო ბადეში ჩაებმება. ცნობისთვის, ეს ტურნირი პრემიერ-კატეგორიისაა და მისი საპრიზო ფონდი 2 166 400 დოლარია, ტატიშვილის პირველი მეტოქე კი რუსეთის სახელით მოთამაშე ქართველი ანა ჩაკვეტაძე იქნება.
ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციაში მე-8 ნომრადაა განთესილი და ძირითად ბადეში გასასვლელად მხოლოდ ორი მატჩის მოგება სჭირდება, მის ოთხეულში კი, რეიტინგით ფავორიტადაც მიიჩნევა. თუკი ანამ სეხნიას აჯობა, გადამწყვეტ რაუნდში მე-12 განთესვის მქონე ვარვარა ლეპჩენკოსა (აშშ) და ”უაილდ ქარდით” მიწვეულ იტალიელ კორინა დენტონის შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში, ტატიშვილი 882 ქულით 69-ე ადგილზე იმყოფება და საოლიმპიადო ზონაში მოსახვედრად მაქსიმუმს აკეთებს, მომავალი ტურნირი კი ამ ჭრილში ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება. საკუთარი ამოცანები აქვს გადასაწყვეტი 25 წლის ჩაკვეტაძეს, რომელიც მოსკოვში გახლავთ დაბადებული და 2007 წლის სექტემბერში მსოფლიოს მე-5 (!) ჩოგანიც კი გახლდათ, თუმცა, მას შემდეგ საქმეები უკან-უკან წაუვიდა.
ჩაკვეტაძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდა, რის გამოც დროებით კორტისგან ჩამოშორება მოუხდა. ცხადია, ამის გამო, ანამ აურაცხელი ქულები დაკარგა და დღეისთვის, კლასიფიკაციაში 367-ეა. წლეულს, ჩაკვეტაძემ მხოლოდ ოთხ ტურნირში ითამაშა. ბოლოს რუსი ჩოგბურთელი შტუტგარტის პირველობაზე გამოჩნდა, სადაც საკვალიფიკაციო რაუნდი დასძლია, თუმცა, ძირითად ბადეში ფრანგ ალიზ კორნესთან 3:6, 4:6 წააგო.
22 წლის ტატიშვილი WTA-ს ტურნირების ეგიდით, ჩაკვეტაძეს პირველად დაუპირისპირდება და თუკი იმარჯვა, რეიტინგს 20 ქულას შემატებს, ძირითად ბადეში გასვლისთვის კი 30 ქულაა დაწესებული. უკვე ცნობილია, რომ ანათა შერკინება რომაულ თიხნარზე, მე-4 კორტზე მე-4 წყებაში შედგება. მატჩები სტარტს თბილისის დროით 12:00 საათზე აიღებს, ჩვენთვის საინტერესო შეხვედრა კი უკრაინელი ლესია ცურენკოსა და უნგრელი გრეტა არნის თამაშის დასრულების შემდეგ დაიწყება.







