საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე მოსახვედრად იბრძვის, უნგრეთში იმყოფება და სარეიტინგო ქულების მოგროვებას ბუდაპეშტის გრან-პრიზე ეცდება, რომლის საპრიზო ფონდიც 220 ათასი დოლარია.
22 წლის ტატიშვილი პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული და პირველ რაუნდში მე-3 ნომრად განთესილ ცვეტანა პირონკოვს გაეჯიბრება. ცნობისთვის, ანას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 83-ე ადგილი უკავია, 24 წლის ბულგარელი კი მსოფლიოს 42-ე ჩოგანია.
გასულ წელს, ტატიშვილი პლოვდიველ ჩოგბურთელს პალერმოს ტურნირზე გადაეყარა და 2:6, 5:7 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ცვეტანას წლეულს მხოლოდ 12 მატჩი აქვს ჩატარებული და თანაბარი ბალანსი გააჩნია. პირონკოვამ ბოლოს მარტის მიწურულს მაიამის ტურნირზე ითამაშა, სადაც ხორვატი პეტრა მარტიჩის ძლევის (6:3, 6:2) შემდეგ, იტალიელ რობერტა ვინჩისთან (5:7, 1:6) დამარცხდა.
თუკი ტატიშვილმა მომავალ მატჩში იმარჯვა, საკმაოდ კარგი სატურნირო პერსპექტივები ეშლება, რადგანაც მე-2 წრეში ”უაილდ ქარდის” მქონე უნგრელების – ვანდა ლუკაჩისა (982-ე ჩოგანი) და ჰენრიეტა ჰაბლერის (ურეიტინგო) მატჩში უმჯობესს შეხვდება.
ბუდაპეშტის ტურნირის მე-2 რაუნდში გასვლისთვის 30 სარეიტინგო ქულაა დაწესებული, მეოთხედფინალისტები 70 ქულას მიიღებს, ნახევარფინალისტები – 130-ს, ფინალისტი – 200-ს, ხოლო გამარჯვებული – 280-ს.
წყვილთა ტურნირის საწყის წრეში ტატიშვილი და უნგრელი კატალინ მაროსი მე-3 განთესვის მქონე უზბეკ აკგულ ანანმურადოვასა და პოლონელ ალისია როსოლსკას ეთამაშებიან.







